პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გადადგა. განცხადება თბილისის მერმა და "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ გააკეთა. მან საზოგადოებას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს განცხადება გააცნო.
კალაძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება საზოგადოების წინაშე არსებულ მმართველი პარტიის "მაღალ ანგარიშვალდებულებაზე" მიუთითებს. თბილისის მერმა ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტში, მართლმადიდებლური ასამბლეის გამართვამ "მძიმე სურათი" შექმნა და საზოგადოების "სამართლიანი პროტესტი" გამოიწვია.
კალაძე აღნიშნავს, რომ მათი გუნდი ამ პროტესტის "სოლიდარული" იყო და შესაბამისად, მომხდარს "მკაცრი პოლიტიკური შეფასებები" მიეცა, რაც „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულების "მაღალ სტანდარტზე" მიუთითებს. მისი თქმით, სწორედ ამ სტანდარტებიდან გამომდინარე გადაწყვიტა ირაკლი კობახიძემ თანამდებობის დატოვება.
"კიდევ ერთხელ ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს გადაწყვეტილება არის საზოგადოების წინაშე არსებული მაღალი ანგარიშვალდებულების გამოხატულება და არა უპასუხისგმგებლო, დესტრუქციული ძალების დღის წესრიგის გაზიარება. ამ ძალებს თავად აქვთ პასუხი გასაცემი კანონის და საზოგადოებს წინაშე. იმ მასობრივი ძალადობის ორგანიზებისთვის, რომელსაც დილამდე ადევნებდა თვალს პირდაპირ ეთერში ქართული საზოგადოება“, - აღნიშნავს კახა კალაძე.
პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, საქართველოს უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ ახალი თავმჯდომარე 14 დღის ვადაში უნდა აირჩიოს. ამ ეტაპზე, თავმჯდომარის გადადგომის გამო, მის უფლებამოსილებას დროებით პარლამენტის პირველი ვიცე-
ახალი თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატურის წარდგენა შეუძლია რამდენიმე ჯგუფს. მათ შორის - საპარლამენტო უმრავლესობას, უმცირესობას, ფრაქციებს და პარლამენტის წევრთა არანაკლებ ექვსკაციან ჯგუფს.