ქართული მხარე ადასტურებს, რომ რუსეთის სამხედრო ძალებს საჰაერო სივრცე გაუხსნა მთიან ყარაბაღში სამშვიდობო მისიის განსათავსებლად. რუსულ თვითმფრინავებს სამხედროების გადაყვანასთან ერთად, იქ სამხედრო ტექნიკას გადააქვთ.
"რადიო თავისუფლებასთან" საუბარში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურა აბაშიძემ აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა.
“მოცემულ ეტაპზე, საკითხის აქტულობისა და მშვიდობის დამყარებისთვის შეზღუდული დროის გათვალისწინებით, როგორც აზერბაიჯანის, ასევე სომხეთის მხარის თხოვნის საფუძველზე, გამონაკლისის სახით რუსი სამშვიდობოების კონტინგენტის ნაწილი წინასწარ შეთანხმებული განსაზღვრული პერიოდით გადაყვანილი იქნება კონფლიქტის ზონაში საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებით“, - განაცხადა მან.
ასევე ნახეთ: ერევანში აზერბაიჯანთან დადებულ შეთანხმებას აპროტესტებენთავდაპირველად ინფორმაცია გამოცემამ "SOVA" გაავრცელა, საჰაერო მიმოსვლის სამეთვალყურეო ვებგვერდ „Flightradar24.com” დაყრდნობით. რუსული მედიის ცნობით ყარაბაღში სამშვიდობოები, სულ ცოტა, ექვსი თვითმფრინავით გადაიყვანეს.
ვრცელდება ასევე საუბარი, რომლის ავთენტურობაც დაუდგენელია ქართველ დისპეჩერს, ვლადიკავკაზისა და ულიანოვსკის საჰაერო კომუნიკაციის წარმომადგენლებს და რუს პილოტებს შორის, რომლის მიხედვითაც რუსული მხარე საქართველოს საჰაერო სივრცეში კომუნიკაციას რუსულ ენაზე ითხოვს.
საქართველოს საჰაერო სივრცის რუსეთის სამშვიდობოების დათმობაზე კომენტარი გააკეთეს ასევე მთავრობის ოპონენტებმაც. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა თქვა, რომ ხელისუფლება ვალდებულია განმარტება გააკეთოს მიიღო თუ არა საჭირო მოთხოვნა რუსული მხარისგან.
„საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია რომ თუ ეს ყველაფერი რაზეც დღეს მედია საუბრობს სპეკულაციაა, აუცილებლად გვაჩვენოს დოკუმენტი საჯარო სივრცეში, იმისათვის, რომ ამ თემაზე დასრულდეს საუბარი. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ყველას ექმნება სრულყოფილი რწმენა, რომ მოხდა მანიპულაცია ჩვენი ეროვნული ინტერესებით“, - თქვა მან "ტვ პირველთან“ ინტერვიუში.
აღნიშნულს გამოეხმაურა ასევე ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძეც და თქვა, რომ ეს ნაბიჯი რუსეთის გაძლიერებას უწყობს ხელს.
ასევე ნახეთ: მთიან ყარაბაღში იარაღი დუმს - ვინ მოიგო?„თუ ინფორმაცია დასტურდება... გამოვა, რომ საქართველომ მორიგჯერ დახმარების ხელი გაუწოდა რუსეთს, რომ ამ რეგიონში იყოს უფრო ძლიერი და ეს რეგიონი კიდევ უფრო დაასუსტოს, თავისი სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერების პარალელურად, და საქართველო როგორც ჩანს იქნება და არის ჩართული ამაში მხარდამჭერად“, - თქვა მან.
Flightradar24.com-ის მონაცემებით, რუსულმა თვითმფრინავებმა საჰაერო სივრცე საქართველოში 10 და 11 ნოემბერს გადაკვეთეს.
საქართველოს რუსეთის სამხედრო ავიაციისთვის, საჰაერო სივრცე 2008 წლის ომის შემდეგ ჩაკეტილი აქვს.
ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთმა ყარაბაღში 200 სამხედრო უკვე ჩაიყვანა. სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებული ხელშეკრულების მიხედვით, იქ 2000 ჯარისკაცი განთავსდება.
მთიანი ყარაბაღის სამშვიდობო მისიაში, რუსეთის მეთხუთმეტე სამშვიდობო ბრიგადის სამხედროები მონაწილეობენ. ისინი 2005-2008 წლებში აფხაზეთში იყვნენ სამშვიდობოების სტატუსით წარმოდგენილი. ამ ნაწილის სამხედრო მოსამსახურეები ასევე მონაწილეობდნენ სამხედრო მოქმედებებში აღმოსავლეთ უკრაინაში და ყირიმის ანექსიის დროს.
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის განახლების შემდეგ, საქართველომ დროებით შეაჩერა ნებართვების გაცემა მის ტერიტორიაზე ორი ქვეყნის მიმართულებით სამხედრო ტვირთის გადატანაზე.
ასევე ნახეთ: სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი დაპირიპისრების დასრულებაზე შეთანხმდნენ, ერევანში ფაშინიანის გადადგომას ითხოვენაზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, რუსეთის მიერ მოლაპარაკებული შეთანხმებით, მთიან ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელები განთავსდებიან. შეთანხმებაში ნათქვამია, რომ ლაჩინის კორიდორს და საკონტაქტო ხაზზე მხარეებს შორის რუსეთის კონტიგენტი ხუთწლიანი ვადით განთავსდება, რომელიც ავტომატურად გახანგრძლივდება კიდევ ხუთი წლით, თუ მხარეები საწინააღმდეგოს არ მოითხოვენ.