დასავლეთი, მესამე სექტორი, „ოცნების“ ექს-მოკავშირეები: საქართველოში პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს

„მიგვაჩნია, რომ მიღებული გადაწყვეტილება არის ხელისუფლების მიერ ოპონენტების წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის გაგრძელება. მსგავსი გადაწყვეტილებები ხელს უწყობს ვითარების რადიკალიზებას და ამცირებს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგისა და კონსტრუქციული ურთიერთობის რესურსს,“ - ასე ეხმაურება 12 გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ციხეში გაშვებას.

(ხელისუფლება) სულ უფრო და უფრო შორდება პოლიტიკურ რაციონალურობას, რითიც მოსახლეობაში ნიჰილიზმისა და ქვეყნის იზოლაციის საფრთხეს ზრდის"
მესამე სექტორი უგულავას დაპატიმრებაზე

„იმ ფონზე, როდესაც უგულავას წინააღმდეგ გამოძიება 7 წლის წინ დაიწყო, ხოლო პარალელურად სისხლის სამართლებრივი დევნა კიდევ რამდენიმე ოპოზიური პარტიის ლიდერის, მათ შორის, ირაკლი ოქრუაშვილის, ნიკა მელიასა და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ მიმდინარეობს, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ხელისუფლების მხრიდან, სისხლის სამართლებრივი დევნა ოპონენტების წინააღმდეგ ზემოქმედების ბერკეტად გამოიყენება” - ნათქვამია მესამე სექტორის ერთობლივ განცხადებაში.

ქეთევან ხუციშვილი: მმართველმა პარტიამ დაიწყო პოლიტიკური რეპრესიები

NGO-ების აზრით, „მთავრობამ კიდევ ერთხელ უგულვებელყო ქვეყნის ინტერესები და დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციები. ხელისუფლების ბოლოდროინდელი მოქმედებები ცალსახად ტოვებს ძალის დემონსტრირების შთაბეჭდილებას და ის სულ უფრო და უფრო შორდება პოლიტიკურ რაციონალურობას, რითიც მოსახლეობაში ნიჰილიზმისა და ქვეყნის იზოლაციის საფრთხეს ზრდის.“

ღია საზოგადოების ფონდის დირექტორი ქეთევან ხუციშვილი ამბობს:

დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ მმართველმა პარტიამ დაიწყო პოლიტიკური რეპრესიები ოპონენტების წინააღმდეგ
ქეთევან ხუციშვილი, ღია საზოგადოების ფონდის დირექტორი

„ უგულავას დაჭერა ძალიან ბევრ უცნაურ ფაქტს მოიცავს. პირველ რიგში იმას, რომ ორი ინსტანციის სასამართლომ უგულავა ამ საქმეზე გაამართლა და ამდენი წლის შემდეგ, მოულოდნელად ბრალი უზენაესმა სასამართლომ დაუმძიმა. თან „შემთხვევით“ უზენაესში ამ დროს აღმოჩნდა პიროვნება, რომელიც პროკურატურიდან ასაჩივრებდა შედარებით მსუბუქ განაჩენს. ეს გვაფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს მიზანმიმართულ დევნასთან, ქვეყანაში ხდება დევნა პოლიტიკური პარტიების ლიდერების, მედიამფლობელების. დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ მმართველმა პარტიამ დაიწყო პოლიტიკური რეპრესიები ოპონენტების წინააღმდეგ“ - აცხადებს ხუციშვილი.

გიორგი კვირიკაშვილი: ამას ლოგიკურად მოჰყვება 2020 წლის არჩევნების შედეგების წინასწარი დელეგიტიმაცია“

გიგი უგულავას პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევენ ახლო წარსულში მისი მწვავე ოპონენტები და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პარტნიორები. მათ შორის, ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც „ოცნების“ მთავრობას 2015-18 წლებში ხელმძღვანელობდა, 2012 წლიდან კი წამყვან სამინისტროებს ედგა სათავეში.

ეს ქმედება შეიძლება შეფასდეს, როგორც მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიზნით გამოყენებად"
გიორგი კვირიკაშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი

„ეს ქმედება შეიძლება შეფასდეს, როგორც მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიზნით გამოყენებად, ხოლო შექმნილი ტენდენცია - როგორც ხელისუფლების მხრიდან (გამიზნულად თუ გაუაზრებლად - აღარ აქვს მნიშვნელობა) მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მიერ არჩეულ დემოკრატიულ კურსზე უარის თქმად, რასაც ლოგიკურად მოჰყვება 2020 წლის არჩევნების შედეგების წინასწარი დელეგიტიმაცია“ - მიაჩნია კვირიკაშვილს.

თინა ხიდაშელი: უგულავა პოლიტიკური პატიმარია, სრულიად ერთმნიშვნელოვნად და ყოველგვარი მაგრამის გარეშე

“დიახ, გიგი უგულავა პოლიტიკური პატიმარია! სრულიად ერთმნიშვნელოვნად და ყოველგვარი მაგრამის გარეშე!” – ასე გამოეხმაურა უგულავას დაპატიმრებას „ოცნების“ მთავრობის თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელიც.

დღეს ის პოლიტპატიმარია და იმის მიუხედვად დღეს თავს გამარჯვებულად თვლით თუ არა, ფასი იქნება მაღალი რასაც თქვენ და ქვეყანა გადაიხდის ამ სისულელეში“
თინა ხიდაშელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი

„სრულიად ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, რომ უგულავას ჩემზე დიდი კრიტიკოსი ან ჰყოლია, როდესაც ისიც მერი იყო და მე საკრებულოს წევრი და ზუსტად იმ ყველაფერზე ვწერდი, ვკიოდი, ვაპროტესტებდი რაზეც დღეს ედავებიან. მაგრამ დღეს ის პოლიტპატიმარია და იმის მიუხედვად დღეს თავს გამარჯვებულად თვლით თუ არა, ფასი იქნება მაღალი რასაც თქვენ და ქვეყანა გადაიხდის ამ სისულელეში“ - წერს ფეისბუქზე ხიდაშელი.

ანდრიუს კუბილიუსი: დემოკრატიული განვითარება ქვეყანაში საფრთხის ქვეშაა

ივანიშვილის ხელისუფლებას მკაცრად აკრიტიკებენ, როგორც ოკეანეს გაღმა, ისე ევროკავშირში. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტის, ევროპარლამენტარის ანდრიუს კუბილიუსის აზრით, „[საქართველოში] აღარ არსებობს ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, რომელიც მთავრობის მიერ არაა სამართლებრივად დევნილი, ეს კი იმის ნიშნებია, რომ დემოკრატიული განვითარება ქვეყანაში საფრთხის ქვეშაა".

აღარ არსებობს ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, რომელიც მთავრობის მიერ არაა სამართლებრივად დევნილი, ეს კი იმის ნიშნებია, რომ დემოკრატიული განვითარება ქვეყანაში საფრთხის ქვეშაა"
ანდრიუს კუბილიუსი, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტი

"ჩვენ გვაქვს 87 ადამიანის სია, რომლებიც დაკავებული არიან ან სამართლებრივად იდევნებიან ხელისუფლების მიერ მათი აქტივობის გამო დემონსტრაციების დროს“ - ამბობს კუბილიუსი.

უგულავას დაპატიმრებას კრიტიკული განცხადებით გამოეხმაურა აშშ-ის საელჩო, რომელიც „იმედგაცრუებულია იმით, რომ ოპოზიციის ლიდერის მიმართ გუშინ გამოტანილი განაჩენისა და თავისუფლების აღკვეთის დრო და კონტექსტი დიალოგს რისკის ქვეშ აყენებს".

“დიალოგის წარმატებულად გაგრძელებისთვის ხელშემწყობი გარემო მოითხოვს დამოუკიდებელ, გამჭვირვალე სასამართლო სისტემას, რომელიც თავისუფალია პოლიტიკური ზეგავლენისგან” - ნათქვამია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.

“ოპოზიციის ლიდერის უგულავას დაპატიმრება ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას ბადებს, როგორც პროცესის მიმართ, ასევე დროსთან დაკავშირებით. ამას, ასევე, გავლენა აქვს საარჩევნო სისტემის შესახებ დიალოგზე, რომლის მიზანია ქართველი ამომრჩევლის ნდობის მოპოვება. როგორც საქართველოს მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი მოვუწოდებთ მხარეებს მოახდინონ განსხვავებული პოზიციების დაახლოება და გააძლიერონ დემოკრატია” - ეს უკვე საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს პოზიციაა.