"ქვეყანამ უნდა შეძლოს და წავიდეს წინ,"- ასე დაიწყო საუბარი "ამერიკის ხმასთან" ამერიკელმა დიპლომატმა კენეტ იალოვიცმა, რომელიც წლების განმავლობაში, ელჩის სტატუსით, საქართველოში ამერიკის შეერთებულ შტატებს წარმოადგენდა. იალოვიცს მიაჩნია, რომ როგორც ხელისუფლებამ, ასევე ოპოზიციამ, პოზიციები უნდა შეაჯერონ და ქვეყნის განვითარებაზე იმუშაონ.
"სამწუხაროდ, არჩევნებს, რომელიც ქვეყანაში ჩატარდა თან ახლდა მნიშვნელოვანი სირთულეები, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების დღეს და არჩევნების დამთავრების შემდეგ. იმედი მაქვს, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებები, წარმატებით დასრულდება და ორივე მხარე, როგორც “ქართული ოცნება,” ასევე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, წავლენ კომპრომისზე.
Your browser doesn’t support HTML5
იმედი მაქვს საბოლოო შედეგი ის იქნება, რომ ყველა პარტია შევა პარლამენტში და გაგრძელდება ქვეყნის განვითარებაზე მუშაობა. კომპრომისი საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია. ქვეყანამ უნდა შეძლოს და წავიდეს წინ და მაქსიმალურად მოხდეს პოზიციების შეჯერება, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ყარაბაღის ომმა რეგიონში ვითარება სრულად შეცვალა.
პირველად მოხდა, რომ რუსეთმა ყარაბაღში ჯარი განათავსა, რაც მოცემულობას ცვლის. სომხეთი დამარცხდა და აზერბაიჯანი გამარჯვებულია. რეგიონში ძალიან იზრდება ავტორიტარული დიქტატურა, რაც შემაშფოთებელია. ყარაბაღმა რეგიონის უსაფრთხოებას დიდი პრობლემები შეუქმნა და ამ მხრივ ვითარება უფრო და უფრო რთულდება.
მახსოვს, საქართველოში მუდმივად ხდებოდა დიალოგით პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლა. ამას ჩემი ელჩობის პერიოდშიც ჰქონდა ადგილი, ახლაც ასე უნდა მოხდეს. ამ პროცესს ალტერნატივა არ აქვს. ელჩი დეგნანი და ევროკავშირის ელჩი ამ პროცესის კარგად წარმართვისთვის ყველაფერს აკეთებენ, ახლა მხარეებმა უნდა გადადგან ნაბიჯები და შეაჯერონ პოზიციები,"- ამბობს "ამერიკის ხმასთან" საუბრის დროს კენეტ იალოვიცი.
Your browser doesn’t support HTML5
გამოცდილმა დიპლომატმა და ვაშინგტონში საქართველოს დიდი ხნის მხარდამჭერმა, ქართველებს ახალი წელი მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ 2021 წელს შეძლებს საქართველოში მოგზაურობას.
"ჩემს უამრავ ქართველ მეგობარს ვუსურვებ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე ძალიან მიყვარს ის დრო, რომელიც საქართველოში გავატარე. ძალიან მიყვარს საქართველო და მენატრებიან ქართველები. იმედი მაქვს, კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული ქაოსი მალე დასრულდება და შევძლებ მომავალ წელს საქართველოში ჩავიდე.
მინდა ვუსურვო საქართველოს მოსახლეობას მშვიდობა და ჯანმრთელობა. ახლა ქვეყნის წინაშე ბევრი გამოწვევაა, რეგიონში არსებული ვითარება, კოვიდ-19, ეკონომიკური პრობლემები და პოლიტიკური კრიზისი. პანდემიით რომ დავიწყოთ, საქართველომ პირველ ეტაპზე მოახერხა და თავი კარგად გაართვა პანდემიას, ბოლო პერიოდში ვითარება მკვეთრად გაუარესდა და იმედი მაქვს, რომ ეს მდგომარეობა მალე გამოსწორდება. ვისურვებდი, რომ საქართველოში დროულად დაიწყოს ვაქცინაციის პროცესი და პანდემიის კონტროლი მოხდეს. მეორე, რაც მინდა ვთქვა, არის ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები იდგა და დგას საქართველოს გვერდით და ეს მხარდაჭერა გრძელდება,"- ამბობს კენეტ იალოვიცი "ამერიკის ხმასთან" საუბრის დროს.