ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი (NATO) შავი ზღვის რეგიონში, 2017 წლის ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნისთვის ემზადება. მრავალეროვნული სწავლება Saber Guardian 2017 ერთდროულად სამ ქვეყანაში: ბულგარეთში, რუმინეთსა და უნგრეთში 11 ივლისს აიღებს სტარტს და მასში ალიანსისა და პარტნიორი 22 ქვეყნის - 25 000 ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას.
პირველად ასეულის დონეზე, Saber Guardian-ში საქართველოც არის ჩართული. სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ჩარლი“ ასეული უკვე მეორე დღეა ბულგარეთში იმყოფება.
სამხედრო წვრთნის არეალში ევროპაში აშშ-ის არმიის დაქვემდებარებაში მყოფი - 14 000 ამერიკელი ჯარისკაცი და მძიმე ტექნიკაა გადასროლილი. როგორც ჰაერით, ისე ხმელეთითა და წყლით. გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი, ამერიკის ევროპული არმიის სარდლის რანგში, ბოლოჯერ უხელმძღვანელებს ასეთ მასშტაბურ სამხედრო წვრთნას. 2017 წლის სექტემბერში იგი თანამდებობას ტოვებს.
Saber Guardian-ში ფარგლებში, ქართული ასეულის საწვრთნელი არეალი ჯერ ბულგარეთი, შემდეგ კი რუმინეთი იქნება. ნოვო სელოს სამხედრო ბაზაზე, რომელიც 2006 წლიდან, ორმხრივ, ბულგარულ-ამერიკულ დაქვემდებარებაშია, ამერიკის არმიის მე-4 სახმელეთო დივიზიის, მე-3 ჯავშანსატანკო ბრიგადის მეთაურმა გუშინ ბულგარელ, ქართველ და ბერძენ კოლეგებს წვრთნის გეგმა გააცნო.
პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ჩარლი“ ასეულის მეთაური, კაპიტანი ვოვა გურჩიანი ამბობს:
NATO-ს წევრი ქვეყნების დანაყოფებთან ერთად მოგვიწევს თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში მონაწილეობა, როგორც საწვრთნელ ბაზაზე, ისე დასახლებული პუნქტების ტერიტორიაზე. ეს დიდი გამოცდილება იქნება ჩვენთვის და გამოგვადება NATO-ს მომავალ მისიებში“ვოვა გურჩიანი, პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ჩარლი“ ასეულის მეთაური
„ეს სწავლება ძალიან მნიშვნელოვანია ქვედანაყოფითვის. ჩვენ NATO-ს წევრი ქვეყნების დანაყოფებთან ერთად მოგვიწევს თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში მონაწილეობა, როგორც საწვრთნელ ბაზაზე, ისე დასახლებული პუნქტების ტერიტორიაზე. ეს დიდი გამოცდილება იქნება ჩვენთვის და გამოგვადება NATO-ს მომავალ მისიებში.“
NATO-ს მასშტაბური სწავლების მთავარი მიზანი - კოლექტიური თავდაცვის სტრატეგიული კომპონენტების დახვეწაა. მათ შორის უმთავრესი, პოტენციური მოწინააღმდეგისთვის - რუსეთისთვის იმის დემონსტრირებაა, რომ ალიანსს უმოკლესს დროში, ნებისმიერ დროს, ევროპის ნებისმიერ წერტილში, ნებისმიერი რაოდენობის სამხედრო ძალის თავმოყრა შეუძლია.
ეს „დამაჯერებელი შემაკავებელი“ ფაქტორი, NATO-ს ახალი „შეკავების დოქტრინის“ ქვაკუთხედია, რომელიც ალიანსმა რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ შეიმუშავა.
დაახლოებით, 40 000-იანი სამხედრო კონტიგენტის (25 000 ჯარისკაცი, პლუს, 15 000 დამხმარე პერსონალი) შავი ზღვის რეგიონში გადასროლის ოპერაცია სერიოზული გართულებების გარეშე, ამ დრომდე მიდის. გერმანიაში დისლოცირებულ ამერიკელ სამხედროებს ბულგარეთამდე თითქმის 1800 კილომეტრიანი მარში გამოუვიდათ.
ჯერჯერობით, ერთი ინციდენტი უნგრეთ-რუმინეთის საზღვარზე მოხდა, სადაც გერმანიის ქალაქ ვილსეკის სამხედრო ბაზიდან მომავალ, კავალერიის მე-2 პოლკის ამერიკელ ჯარისკაცს, რკინიგზის სადგურზე მოულოდნელად დენმა დაარტყა. მისი მდგომარეობა მძიმეა. მეორე შემთხვევა კი ნოვო სელოში მოხდა, აქ ბულგარელი მფრინავი დაშავდა და იგი ამერიკელებმა სასწარაფოდ ჰოსპიტალში გადააფრინეს.
Saber Guardian-ს სწავლებას მულტინაციონალური დივიზია მართავს (Multinational Division - MND SG), შტაბის რამდენიმე რგოლი, ერთდროულად, ბულგარულ - ნოვო სელოში, რუმინულ - ჩინკუსა და კოგელნიჩანუს სამხედრო აეროდრომზე და, ასევე უნგრულ - დიორშია გაფანტული, სადაც მდინარე დუნაის გადალახვის ოპერაციები უკვე შესრულდა.
სამხედრო წვრთნის დაწყების წინ, პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის მეთაური გიორგი ჯინჭარაძე ამბობს:
ქართველი ჯარისკაცები საკმაოდ მონდომებულნი და მოტივირებულნი არიან და მზად არიან უპასუხონ იმ გამოწვევებს, რა გამოწვევების წინაშეც ამჟამად ჩვენი ქვედანაყოფი დგას“გიორგი ჯინჭარაძე, პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის მეთაური
„ქართველი ჯარისკაცები საკმაოდ მონდომებულნი და მოტივირებულნი არიან და მზად არიან უპასუხონ იმ გამოწვევებს, რა გამოწვევების წინაშეც ამჟამად ჩვენი ქვედანაყოფი დგას.“
პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის „ჩარლი“ ასეულმა NATO-ს „ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის" (OCC E&FP) ფარგლებში, ეროვნული თვითშეფასების II დონე (SEL-2, Self-Evaluation Level-2) 2017 წლის ივნისის შუა რიცხვებში გაირა.
ასეულს წინ NATO-ს შეფასების II დონე (NEL-2, NATO Evaluation Level-2) ელის, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ქართული დანაყოფი NATO-ს ძალებთან სრულად თავსებადი გახდება და პირველი ქვეითი ბრიგადის „ალფა“ ასეულის შემდეგ, NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალებში შევა.
მრავალეროვნული სწავლება Saber Guardian აღმოსავლეთ ევროპაში 2013 წლიდან ყოველწლიურად ტარდება, თუმცა ის ასეთი მასშტაბური არასოდეს ყოფილა. საქართველო 2015-16 წლებში, Saber Guardian -ზე ოცეულის დონეზე იყო წარმოდგენილი.
Saber Guardian 2017-ის სამხედრო წვრთნაში (11-28 ივლისი) მონაწილე ქვეყნები:
NATO-ს ქვეყნები: აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, უნგრეთი, სლოვენია, გერმანია, ხორვატია, პოლონეთი, მონტენეგრო, სლოვაკეთი, თურქეთი, ჰოლანდია, ჩეხეთი, საბერძნეთი, ლიტვა
პარტნიორები: საქართველო, უკრაინა, სერბეთი, მაკედონია, მოლდოვა