რას გვთავაზობს NATO: "უსაფრთხოების ქოლგის" გაძლიერება, გაწევრიანების გარეშე?

იენს სტოლტენბერგს თბილისის აეროპორტში დავით ბაქრაძე დახვდა

NATO-ს გენმდივნის რანგში, ნორვეგიელი პოლიტიკოსი იენს სტოლტენბერგი დღეს, საქართველოს, ბოლო ორი წლის მანძილზე მეორედ ეწვია. ალიანსში გადაწყვეტილების მიმღები მთავარი ორგანო - ჩრდილოატლანტიკური საბჭო კი თბილისში, ბოლო რვა წლის მანძილზე უკვე მეოთხედ (2008-11-13-16) შეიკრიბა.

NATO-საქართველოს კომისიის მორიგ სხდომაზე, რომელსაც საქართველოს პრემიერი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრები და ალიანსის წევრ სახელმწიფოთა მუდმივი წარმომადგენლები ესწრებოდნენ, იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს პროგრესს, თუმცა გაწევრიანების ვადებზე საუბრისას ბრძანა:

როგორც ასპირანტ ქვეყანას, საქართველოს გააჩნია ყველა შესაძლებლობა, რომ მოემზადოს NATO-ს წევრობისთვის, მაგრამ მე ახლა ვერ დავასახელებ, გაწევრიანების ზუსტ ვადას, ეს ასპირანტის დამსახურებებსა და მიღწევებზეა დამოკიდებული“
იენს სტოლტენბერგი, NATO-ს გენერალური მდივანი

„როგორც ასპირანტ ქვეყანას, საქართველოს გააჩნია ყველა შესაძლებლობა, რომ მოემზადოს NATO-ს წევრობისთვის. ჩვენ ერთგულები ვართ და გავუწევთ მხარდაჭერას საქართველოს ამ გზაზე.

ვარშავის სამიტზე კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი, ამისთვის თქვენი ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს ალიანსის სტანდარტებს და მოთხოვნებს. ამ მიზნიდან გამომდინარე ჩვენ ვმუშაობთ საქართველოსთან რეფორმების განხორციელების მიმართულებით, რაც მისცეს საშუალებას ქვეყანას დაუახლოვდეს ალიანსის წევრობას.

მე ახლა ვერ დავასახელებ, გაწევრიანების ზუსტ ვადას, ეს ასპირანტის დამსახურებებსა და მიღწევებზეა დამოკიდებული.“

NATO-საქართველოს კომისიის სხდომა

რას ელოდება საქართველო ალიანსისგან შავი ზღვის აუზში შექმნილი რთული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე? რუსეთის მიერ ქართული და უკრაინული მიწების მიტაცებისა და განსაკუთრებით, თურქეთ-რუსეთს შორის ურთიერთობის დათბობის შემდეგ?

არის თუ არა საქართველოს უსაფრთხოებისთვის საკმარისი ალიანსის მიერ შემოთავაზებული „არსებით ღონისძიებათა პაკეტი" (SNGP), "პარტნიორობის თავსებადობის ინიციატივა" (PII) და "გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორის" (EOP) სტატუსი?

"ასეთი აქტიური ჩართულობის პრეცედენტები არსებობს ბალტიის ზღვაზე. შვედეთი და ფინეთი არ არიან ალიანსის წევრები, მაგრამ აქვთ ეს სტატუსი. საქართველო იქნება სწორედ ასეთი დიალოგის მონაწილე შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების კონტექსტში“
დავით ბაქრაძე, ევროინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრი

ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, რომელიც თბილისის აეროპორტში დახვდა იენს სტოლტენბერგს, ფიქრობს, რომ ამ სტატუსის შემდეგ, საქართველო უკვე სარგებლობს ალიანსის კოლექტიური უსაფრთხოების ქოლგის გარკვეული სიკეთეებით და NATO-სთან სტრატეგიული დიალოგის გაძლიერების იმედი აქვს.

„საქართველო უკვე არის ამ სტრატეგიული დიალოგის ნაწილი, როგორც ალიანსის გაძლიერებული შესაძლებლობების მქონე ქვეყანა. ასეთი აქტიური ჩართულობის პრეცედენტები დიდი ხანია არსებობს ბალტიის ზღვაზე. შვედეთი და ფინეთი არ არიან ალიანსის წევრები, მაგრამ აქვთ სწორედ ეს სტატუსი. საქართველო იქნება სწორედ ასეთი დიალოგის მონაწილე შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების კონტექსტში.“

იენს სტოლტენბერგი და კურტ ვოლკერი მაკკეინის ინსტიტუტის კონფერენციაზე თბილისში

ალიანსის გენმდინავი დღესვე მივიდა თბილისში მიმდინარე წარმომადგენლობით საერთაშორისო კონფერენციაზე - „ევროპის ცვალებადი გეოსტრატეგიული ლანდშაფტი ვარშავის სამიტის შემდეგ“, რომელსაც მაკკეინის ინსტიტუტი საქართველოში უკვე მეორედ ატარებს.

მსოფლიოსა და რეგიონში გავლენიანი ექსპერტები, პოლიტიკური და სამხედრო ლიდერები, მათ შორის, ევროპაში აშშ-ს ჯარების სარდალი, გენერალი ბენ ჰოჯესი, შავი და ბალტიის ზღვის აუზებში უსაფრთხოების პრობლემატიკასთან ერთად, კონფერენციაზე - რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებს, დემოკრატიის კრიზისს და რეგიონში აშშ-სა და ევროკავშირის პოლიტიკას განიხილავდნენ.

NATO-ში აშშ-ს ყოფილმა ელჩმა, ამჟამად მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა კურტ ვოლკერმა აღნიშნა, რომ საქართველო ბუნებრივია მეტს ელოდება ალიანსისგან, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე გაკეთებული დაპირების შემდეგ.

ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ალიანსის გენმდივნის, ისე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს თბილისში ჩამოსვლა, იმისთვის რომ საქართველო NATO-ს რადარის ორბიტაზე დარჩეს“
კურტ ვოლკერი, მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი

„ვარშავის სამიტზე საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP) არ შეუთავაზებიათ. ასე, რომ საქართველო იმავე ადგილზეა, რომელიც ეკავა 2008 წელს. ვინაიდან ინტეგრაციის პროცესი გრძელდება მნიშვნელოვანია როგორც ალიანსის გენმდივნის, ისე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს აქ ჩამოსვლა, იმისთვის რომ საქართველო NATO-ს რადარის ორბიტაზე დარჩეს.“

კონფერენციაზე მონაწილე ექსპერტების აზრით, ოკუპირებულ ყირიმსა და აფხაზეთში რუსული მილიტარიზაციის საპასუხოდ, შავ ზღვაზე ალიანსის ახალი უსაფრთხოების სტრატეგიის კონტექსტში, საქართველომ NATO-ს შეიძლება შესთავაზოს, არა მხოლოდ საკუთარი ნავსადგურები, არამედ მოითხოვოს მცირე, მაგრამ მობილური სამხედრო-საზღვაო ფლოტის მშენებლობაში აქტიური დახმარება.

ელჩი კელი (მარცხნიდან მეორე) დავით უსუფაშვილის წინადადებას "საინტერესოს" უწოდებს

დღესვე, მაკკეინის ინსტიტუტის კონფერენციაზე, აშშ-ს ელჩმა იან კელიმ კომენტარი გააკეთა, პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებაზე, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის აუციელებლია საქართველოში, აშშ-ს ან NATO-ს სამხედრო ბაზის განთავსება. ელჩმა კელიმ ბრძანა, რომ „ეს საინტერესო წინადადებაა და მას დეტალურად შეისწავლიან.“

8 სექტემბერს, იენს სტოლტენბერგს პრეზიდენტის რეზიდენციაში გიორგი მარგველაშვილი უმასპინძლებს, ალიანსის პირველი პირი ასევე შეხვდება ოპოზიციას, სამოქალაქო სექტორს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში - სტუდენტებს და თბილისს ხვალვე დატოვებს.