კაპიტან გვირჯიშვილის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება

კაპიტანი მიხეილ გვირჯიშვილი გერმანიაში, ლანდშტულის სამედიცინო ცენტრში

საქართველოს შეიარაღებული ძალების კაპიტან - მიხეილ გვირჯიშვილის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება, ხოლო უფროსი ლეიტენანტის - გიგა ხახუტაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ განცხადება დღეს თავდაცვის მინისტრმა გერმანიაში გააკეთა.

ლევან იზორიამ მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის დაჭრილი ჯარისკაცები, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად, გერმანიაში, ლანდშტულის ამერიკულ რეგიონულ სამედიცინო ცენტრში მოინახულა და უწყებრივი მედლები „საბრძოლო იარისთვის“ გადასცა.

კაპიტანი გვირჯიშვილი და უფროსი ლეიტენანტი ხახუტაშვილი, 3 აგვისტოს საღამოს, ავღანეთში, ქაბულის პროვინციის ყარაბაღის რაიონში პატრულირებისას დაიჭრნენ. „თალიბანის“ თვითმკვლელი ტერორისტი ქართულ-ამერიკულ კონვოიში მოტოციკლით შევარდა და თავი აიფეთქა.

უფროსი ლეიტენანტი გიგა ხახუტაშვილი

თავდასხმის შედეგად ადგილზე დაიღუპა უმცროსი სერჟანტი დიმა ბებიაშვილი, მსუბუქი ჭრილობები მიიღეს კაპრალებმა გეგა ხარშილაძემ და გელა ხელაძემ. კაპიტან გვირჯიშვილისა და უფროსი ლეიტენანტ ხახუტაშვილის ჭრილობების სიმძიმიდან გამომდინარე კი მათი გერმანიაში გადაყვანა გახდა საჭირო.

განსაკუთრებით მძიმე მიხეილ გვირჯიშვილი მდგომარეობა იყო. თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სამხედრო ექიმებს ქართველი კაპიტნის გადარჩენისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა:

ორივე ჯარისკაცის მდგომარეობა არის სტაბილური, მიდის გამოჯანმრთელებისკენ. მინდა, როგორც ბაგრამის ბაზის, ისე ლანდშტულის ცენტრის სამედიცინო პერსონალს დიდი მადლობა ვუთხრა იმისთვის, რომ ჩვენი ბიჭების სიცოცხლე შეგვინარჩუნეს“
ლევან იზორია, თავდაცვის მინისტრი

„ორივე ჯარისკაცის მდგომარეობა არის სტაბილური, მიდის გამოჯანმრთელებისკენ. სამედიცინო პერსონალმა ყველაფერი გააკეთა ოპერაციის მაღალკვალიფიციურად ჩატარებისთვის.

მინდა, როგორც ბაგრამის ბაზის, ისე ლანდშტულის ცენტრის სამედიცინო პერსონალს დიდი მადლობა ვუთხრა იმისთვის, რომ ჩვენი ბიჭების სიცოცხლე შეგვინარჩუნეს.“

გერმანიამდე იზორია და ჩაჩიბაია ერთდღიანი ვიზიტით ავღანეთში იმყოფებოდნენ. მათ თანადგომა გამოუცხადეს, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებულ მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ჯარისკაცებს, რომლებმაც 12 დღის უკან - ერთი თანამებრძოლი დაკარგეს, ოთხი კი დაეჭრათ.

გენშტაბის უფროსი ჩაჩიბაია და მინისტრი იზორია ავღანეთში

კაპრალებს ხარშილაძესა და ხელაძეს, რომლებიც 3 აგვისტოს თავდასხმისას მსუბუქად დაიჭრნენ, მაგრამ „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას განაგრძობენ, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მედლები „საბრძოლო იარისთვის“ გადასცა. ლეიტენანტი შოთა ქვრივიშვილი კი კაპრალ ხარშილაძესთან ერთად, სამკერდე ნიშნით - „მებრძოლი ქვეითი ჯარისკაცი“ დაჯილდოვდა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი და შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი ავღანეთში ასევე შეხვდნენ „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მეთაურს გენერალ ჯონ ნიკოლსონს, ქაბულის საერთაშორისო აეროპორტის ბაზის მეთაურს, გენერალ მურად სელჩუკს და ბაგრამის საავიაციო ბაზის მეთაურს, გენერალ ჯონ ტომსონს.

გენერალ -მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ავღანეთში ყოფნისას კერძოდ აღნიშნა:

მოვინახულეთ 23-ე ბატალიონი, მოვიგონეთ ჩვენი ვაჟკაცი ბიჭი, უმცროსი სერჟანტი ბებიაშვილი. მინდა დაღუპული სამხედროს ოჯახს კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო ეს უმძიმესი დანაკარგი. ჩვენ დაჭრილ ჯარისკაცებს მალე გამოჯანმრთელება და ოჯახებში უსაფრთხოდ დაბრუნება ვუსურვო“
ვლადიმერ ჩაჩიბაია, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი

„მოვინახულეთ 23-ე ბატალიონი, მოვიგონეთ ჩვენი ვაჟკაცი ბიჭი, უმცროსი სერჟანტი ბებიაშვილი. მინდა დაღუპული სამხედროს ოჯახს კიდევ ერთხევ მივუსამძიმრო ეს უმძიმესი დანაკარგი. ჩვენ დაჭრილ ჯარისკაცებს კი მალე გამოჯანმრთელება და ოჯახებში უსაფრთხოდ დაბრუნება ვუსურვო.“

2017 წლის აგვისტოს პირველი ნახევარი საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის საკმაოდ ტრაგიკული გამოდგა. 3 აგვისტოს, ავღანეთში, რიგით 32-ე ქართველი ჯარისკაცი დავკარგეთ, ოთხი მეომარი კი დაგვეჭრა.

13 აგვისტოს კი თბილისში კახეთის გზატკეცილზე, ავტოსაგზაო შემთხვევას, ორი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა, ოთხმა კი სხვადასხვა სიმძიმის ტრავმა მიიღო. ექვსივე მეომარი ინციდენტის დროს, დათხოვნაში იმყოფებოდა.