„უცხოური გავლენის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ.
სხდომაზე გამართულ კენჭისყრაზე სწორედ „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივა განსაზღვრეს ძირითად კანონპროექტად, ხოლო პოლიტიკური ჯგუფის „საქართველოსთვის“ პროექტებს ალტერნატიული ინიციატივის სტატუსი მიანიჭეს.
უცხოური გავლენის კანონის მომხსენებელი არის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განმარტა, რომ 16 აპრილს პლენარული სხდომა 21:00 საათამდე შეიძლება გაგრძელდეს. თუკი ეს დრო კანონპროექტის პირველი მოსმენით განსახილველად საკმარისი არ აღმოჩნდა, სხდომა 17 აპრილს გაგრძელდება.
პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით:
- კანონპროექტის პირველი მოსმენისას განიხილება მისი ზოგადი პრინციპები და ძირითადი დებულებები;
- მეორე მოსმენისას კანონპროექტი განიხილება მუხლების მიხედვით;
- მესამე მოსმენისას შეიძლება, კანონპროექტში შევიდეს რედაქციული შენიშვნები. ასევე ნახეთ: ზურაბიშვილი: საქართველო არ დანებდება ხელახალ გასაბჭოებას
საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ე.წ. „აგენტების კანონის“ მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული.
15 აპრილს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ფართომასშტაბიანი აქციის ფონზე პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს.
საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების შეფასებით, ე.წ. აგენტების კანონი ხელს შეუშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას, მმართველი პარტია კი ამტკიცებს, რომ ის ევროპულია.
2023 წლის მარტში ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა, „უცხოეთის აგენტების კანონი“ ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა.
„ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი 2024 წლის 3 აპრილს დააბრუნა პარლამენტში. ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ პროექტში მან "უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით" ჩაანაცვლა.