საქართველოს სუპერმარკეტებში ნაყიდ, ჩვილი ბავშვის რძეში და რძის სხვა პროდუქტებში, შესაძლოა, სალმონელას ბაქტერია იყოს. ფრანგულმა კომპანიამ “ლაქტალისი” (Lactalis; Lactel) განკარგულება პროდუქციის ვაჭრობიდან ამოღების შესახებ გასცა. კომპანიის პრესსპიკერმა მაიკლ ნალეტმა “ასოშეიტედ პრესს” უთხრა, რომ მსოფლიო მასშტაბით მილიონობით პროდუქტის ვაჭრობიდან ამოღება “სიფრთხილით” არის განპირობებული და ეხება მხოლოდ 2017 წლის თებერვლის შემდეგ წარმოებულ რძეს და რძის პროდუქტებს.
“ლაქტალისი” აცხადებს, რომ მათ 26 ყუთი ინფიცირებული პროდუქტი აღმოაჩინეს. მათი დასახელებებია: Picot SL, Pepti Junior 1, Milumel Bio 1 და Picot Riz. “გულწრფელად შეწუხებული ვართ შექმნილი სიტუაციით. თანაგრძნობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ იმ ოჯახებს და მშობლებს, რომელთა შვილებიც ავად გახდნენ” - აცხადებს მაიკლ ნალეტი.
მათ, ვინც “ლაქტალისის” პროდუქცია უკვე შეიძინა, კომპანია გადაცვლას სთავაზობს. მომხმარებელს ასევე შეუძლია რძე 2 წუთი ადუღოს, რაც "ლაქტალისის" პრესსპიკერის თქმით, საკვებში სალმონელას ბაქტერიას მოკლავს.
ინფიცირების წყაროს ზუსტი წარმომავლობა ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ეჭვია, რომ სალმონელას ბაქტერია მაისში, სამხრეთ საფრანგეთში, რძის გაშრობის დროს გაჩნდა. პირველი შეტყობინება 6 თვემდე ასაკის 20 დაავადებული ჩვილის შესახებ კომპანიამ დეკემბრის პირველ რიცხვებში მიიღო.
“ლაქტალისი” 85 ქვეყანაში ოპერირებს და კომპანიაში 75 ათასი ადამიანია დასაქმებული. კომპანიის წლიური ბრუნვა 17 მილიარდ ევროს შეადგენს. საქართველოს გარდა, პროდუქციის ექსპორტი ხდება საბერძნეთში, რუმინეთში, სერბეთში, ჩინეთში, ტაივანში, პაკისტანში, ავღანეთში, ერაყში, მაროკოში, ლიბანში, სუდანში, კოლუმბიაში და პერუში.