Your browser doesn’t support HTML5
მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე რამდენიმე დღით ადრე, პირველად ღიად მიანიშნა, რომ მისი უახლოესი თანამებრძოლი, პარლამენტის ყოფილი თავჯდომარე, „ვარდების რევოლუციის“ ერთ-ერთი შემოქმედი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია, რომელიც 2005 წელს კონსპირაციულ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს, სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი იყო. მომხდარი კი - უბედური შემთხვევა.
პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ სწორედ არ მიზეზით, დაუმალეს საზოგადოებას ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური ბიუროს სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის მიერ მომზადებული დასკვნის დასკვნითი ნაწილი. სააკაშვილმა ასე მკვეთრად უპასუხა, სულ უფრო გახშირებულ ბრალდებებს მისი მისამართით, განსაკუთრებით, გარდაცვლილი პრემიერის ძმის მხრიდან. მიხეილ სააკაშვილმა კერძოდ თქვა:
„ყველამ კარგად იცის იქ რა მოხდა. იყო უბედური შემთხვევა. კიდე კაი...ცუდი იყო რაც მოხდა, მაგრამ არსებობს აშშ-ს ფედერალური ბიუროს დეტალური დასკვნა. ოჯახი ამ დასკვნას იცნობს.
ჩვენ ეს დასკვნა არ გამოვაქვეყნეთ გასაგები მიზეზები გამო, იმიტომ, რომ საქმე ეხება ადამიანს ბევრ ძაან ღრმა და ისეთ დეტალს...
ნამდვილად ჩემთვის ზურაბის სახელი იყო წმინდათა წმინდა. თუ ვინმესთვის, მათ შორის ოჯახის წევრისთვის ეს არ არის ხელშეუხებელი..ეს მათ სინდისზე იყოს.“
გოგლა ჟვანია, ყოფილი პრემიერის ძმა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბოლო ორი კვირაა, საქმეში აღმოჩენილ ახალ დეტალებზე საუბრობს. იგი პრეზიდენტ სააკაშვილისა და მისი ბიძის, თემურ ალასანიას დაკითხვას მოითხოვს. თუმცა, გოგლა ჟვანიაც არ აკონკრეტებს რა ახალ გარემოებებზეა საუბარი:
„გამოჩნდა ძალიან მნიშვნელოვანი ახალი მტკიცებულებები, რომლის არსებობაც აქამდე არ ვიცოდით. გამოძიებისა და ოჯახებისთვის ეს მტკიცებულებები გახდა ხელმისაწვდოვი მხოლოდ მას შემდეგ, რაც გამოძიება განახლდა.“
საქმეში მტკიცებულებების გაყალბებაზე საუბრობს, ზურაბ ჟვანიასთან ერთად დაღუპული, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილის - რაულ იუსუპოვის მამა იაშირ იუსუპოვი. მისი თქმით, რვა წლის შემდეგ, აღმოჩენილი იქნა მისი შვილის ცალი ფეხსაცმელი, რომელიც აქამდე დაკარგულად ითვლებოდა. იაშირ იუსუპოვის თქმით, განსხვავება ფეხსაცმლებს შორის სერიოზულ ეჭვებს აღძრავს
„მოიძებნა რაულის მეორე ფეხსაცმელი, რომელიც აქამდე გამქრალი იყო. მაგრამ ამ ფეხსაცმლებს შორის სხვაობაა, ზომაში, სიგრძეში...მეორეც, ცალი ფეხსაცმლის ქუსლი, ძირი ძაან დასვრილია..მეორე კი ახალივითაა.“
პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გუშინ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ზურაბ ჟვანის გარდაცვალების საქმე, შეიძლება პრეზიდენტ სააკაშვილის სამართლებრივი დევნის საფუძველი გახდეს. მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი კი ამბობს, რომ გამოძოების ინტერესებისად გამომდინარე, შეიძლება ჟვანიას და იუსუპოვის გვამების ეგზგუმაცია მოხდეს.
„ჟვანიას საქმესთან დაკავშირებული ყველა ადამიანი, მათ შორის ნათელა მოდებაძეც უკვე გამოკითხულია პროკურატურის მხრიდან. მე არ ვიცი, მიჭირს დროის პროგნოზირება, მაგრამ როგორც ადრე, ახლაც ვიმეორებ რომ ეს საქმე აუცილებლად გაიხსნება.“
პროკურატურის მიერ დაკითხული, მოქალაქე ნათელა მოდებაძე 2005 წელს, საბურთალოს ქუჩის 53 ნომერში, იმ კორპუსში ცხოვრობდა, სადაც 8 წლის წინ, 3 თებერვლას, გამთენიისას ჟვანიას და იუსუპოვის გვამები იპოვეს. პირველ სართულზე, ერთოთახიანი ბინა მოქალაქე ეკა კიკიანს ეკუთნის, პრემიერის კონსპირაციული შეხვედრებისთვის კი ბინა, ჟვანიას მეგობარს, ვასილ მაღლაფერიძეს ჰქონდა დაქირავებული.
ნათელა მოდებაძე ამტკიცებს, რომ საკუთარი აივნიდან დაინახა, რამდენიმე ადამიანმა, როგორ შეიტანა კიკიანის ბინაში ორი გვამი.მოდებაძის მტკიცებით, ეს ადამიანები კორპუსთან შავი ფერის ჯიპებით მოვიდნენ. ეს ქალბატონი უკვე წლებია ირლანდიაში ცხოვრობს.
ოფიციალური ვერსიის მიხედვით კი, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს გაჟღერდა, ჟვანია და იუსუპოვი საბურთალოს ქუჩის 53 ნომერში, გაზით გაიგუდნენ, რაც არასწორად დამონტაჟებული ირანულ გაზის გამათბობელის ბრალი იყო.