საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 13 400 000 000 დოლარი შეადგინა

2013 წელს საქართველოს საგარეო ვალის მომსახურებაზე ბიუჯეტიდან 400 მილიონ დოლარზე მეტი დაიხარჯება

Your browser doesn’t support HTML5

საქართველო


საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2012 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა - 13 400 000 000 ამერიკული დოლარი ანუ დაახლოებით, 22 100 000 000 ლარი შეადგინა.
აქედან, სამთავრობო სექტორის ვალი 4 200 000 000 დოლარი, მთლიანი საგარეო ვალის თითქმის 32 პროცენტია.

შემდეგ მოცულობით მოდის, სხვა სექტორების ვალი, რომელიც 3 200 000 000 დოლარს აღწევს; კომპანიათაშორისო ვალი - 2 800 000 000 დოლარი, ხოლო საბანკო სექტორის ვალი - 2 500 000 000 ამერიკული დოლარია. თავად ინფორმაციის წყაროს, ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 582 300 000 დოლარს შეადგენს.

2012 წლის წინა კვარტალთან შედარებით, 76 600 000 დოლარით არის გაზრდილი სამთავრობო სექტორის უცხოური ვალდებულებები; 10 000 000 დოლარით - საბანკო სექტორის ვალი; 93 500 000 დოლარით - სხვა სექტორების ვალდებულებები. რაც შეეხება უცხოურ კომპანიათაშორის სესხებს და ეროვნული ბანკის ვალს ის პირიქით შემცირდა.

მთლიანობაში, 2012 წლის მეოთხე კვარტალში, საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 58 100 000 ამერიკული დოლარით არის გაზრდილი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ეკონომისტი ემზარ ჯგერენაია ამბობს:

„საერთო ჯამში, მარტო 2012 წელს საგარეო ვალი ერთი მილიარდით გავზარდეთ. საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტთან საგარეო ვალის შეფარდება 28 პროცენტია, რაც არც ისე დიდი ციფრია. მიუხედავად იმისა, რომ სარეიტინგო სააგენტოების Fitch-ისა და Standard & Poor-ის მიერ BB+ გვაქვს მონიჭებული, ჩვენ საბედნიეროდ მაინც არ გვაძლევენ ვალებს. ჩვენ ნაკლებად გვაქვს საშუალება ჩვენი ბონდების ემისია მოვახდინოთ.

ერთ-ერთი ასეთი ოპერაცია, შარშან გავაკეთეთ, ევრობონდების ემისია, 12,5 კუპონი იყო, შედარებით მცირე თანხა. საგარეო ვალის მოცულობა ამ ეტაპზე, საშიში ნამდვილად არ არის, თუმცა ვალს სჭირდება ყურადღება და მომსახურება. ერთი მხრივ, ჩვენდა სამწუხაროდ ობლიგაციების ბაზარზე ჩვენ აქტიურად არ გვიშვებენ, მეორეს მხრივ, ამან გადაგვარჩინა, რომ დღეს ჩვენ არ ვართ საბერძნეთის, პორტუგალიის, ესპანეთისა და კვიპროსის მდგომარეობაში.“

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფოს საგარეო ვალი 4 386 315 000 დოლარია. ორმხრივი კრედიტორებიდან, საქართველოს ყველაზე დიდი ვალი გერმანიის სახელმწიფოსი აქვს - 341 000 000 დოლარი;, შემდეგ მოდიან: რუსეთი - 106 000 000, იაპონია - 80 000 000, საფრანგეთი - 53 000 000, ამერიკის შეერთებული შტატები - 32 000 000 და ქუვეითი - 23 000 000 დოლარი.

საქართველოს ასევე აქვს ოთხივე მეზობლის ვალი: რუსეთის გარდა, თურქეთის - 24 000 000, სომხეთის - 15 000 000 და აზერბაიჯანის - 13 000 000 დოლარი.

მრავალმხრივი კრედიტორებიდან, 1 მარტის მდგომარეობით, საქართველოს ყველაზე დიდი ვალდებულებები აქვს: მსოფლიო ბანკის საერთაშორისო განვითარების ასოციაციის (IDA) მიმართ - 845 000 000 დოლარი; საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვალი (IMF) - 483 000 000 დოლარია, ხოლო მსოფლიო ბანკის რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) - 355 000 000 დოლარo. აზიის განვითარების ბანკის (ABD) კი 327 000 000 დოლარი გვმართებს.

საქართველოს კრედიტორები ასევე არიან: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) და ევროპის საერთაშორისო ბანკი (EIB). საერთო ჯამში, მათ მიმართ დავალიანება - 100 000 000 დოლარს აღემატება.

უკვე მეექვსე თვეა ფინანსთა სამინისტროში საგარეო ურთიერთობებსა და ვალის მართვას, მინისტრის მოადგილე დავით ლეჟავა კურირებს. მისი თქმით, შედარებით მძიმე პერიოდი საქართველოს 2017 წელს ექნება.

„მიმდინარე, 2013 წელს შედარებით ნაკლები ვალი გვაქვს გადასახდელი. უკვე გვაქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებული პროგრამა. თუ 2013 წელს, საბიუჯეტი სახსრები არ გვეყოფა, შეიძლება ვისარგებლოთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის დაფინანსებით და დავფაროთ ეს ვალდებულება. სავარაუდოდ, ეს არ გახდება საჭირო.

გაცილებით მძიმე იქნება 2017 წელი, როცა 500 000 000 დოლარის დაფარვა გვიწევს. ჯერ ცოტა ადრეა ამაზე საუბარი, თუმცა იმედი მაქვს, რომ იმ დროისთვის, საქართველოს ბიუჯეტს ექნება ამ მოცულობის ვალის დაფარვის შესაძლებლობა.“


2013 წელს, საგარეო ვალის მომსახურებასთან დაკავშირებით,საქართველო გაცილებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა წინა მთავრობას, 2008 წელს, გაურკვევლი მიზნით აღებული და გახარჯული 417 მილიონი დოლარის ევროობლიგაციები, 2011 წლის აპრილში ახალი ვალით რომ არ გადაეფარა.

ევროპის ბაზრებზე, 10 წლიანმა, 500 000 000 დოლარის ოდენობის ობლიგაციების ემისიამ, თითქმის 7 პროცენტიანი საპროცენტო განაკვეთით, საბოლოო ჯამში, საქართველოს საგარეო ვალი - 83 მილიონი დოლარით გაუზარდა, თუმცა, თავიდან ააცილა, 2013 წელს, საგარეო ვალის მომსახურებაზე 900 000 000 დოლარის გადახდა. რაც რა თქმა უნდა, არსებული ეკონომიკის პირობებში წარმოუდგენელი იყო.

საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში, საგარეო ვალის მომსახურებაზე - 400 000 000 დოლარზე მეტი, 665 000 000 ლარია გათვალისწინებული.