იქცევა თუ არა მერაბიშვილი საქართველოს „ტიმოშენკოდ“ ?

განაჩენის მიხედვით, მერაბიშვილმა ციხეში 4 წელი, 3 თვე და 4 დღე უნდა გაატაროს

უკრაინისა და საქართველოს ყოფილ პრემიერებს, ჯერჯერობით, მხოლოდ ის აერთიანებთ, რომ ორივე მათგანი ციხეში 2018 წლამდე იჯდება

Your browser doesn’t support HTML5

"მერაბიშვილის საქმე"


გახდება თუ არა „ივანე მერაბიშვილის საქმე“ იგივე საქართველოსთვის, რაც „იულია ტიმოშენკოს საქმე“ გახდა უკრაინისთვის?! ეს კითხვა კიდევ უფრო აქტუალურია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გუშინდელი განაჩენის შემდეგ.

29 წლის მოსამართლე ნათია ბარბაქაძემ, ვარდების ხელისუფლების ერთ-ერთ არქიტექტორს, ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრსა და პრემიერ მინისტრს, მთავარი ოპოზიციური პარტიის გენმდივანს, 45 წლის ვანო მერაბიშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ უკვე გამოიყენა შეფასება „პოლიტიკური სამართალი“. დემოკრატიულ სამყაროში ეს ტერმინი „ტიმოშენკოს საქმის“ შეფასებისას დამკვიდრდა. დამკვიდრდება თუ არა ეს შეფასება „მერაბიშვილის საქმის“ შეფასებისას? ამაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა უკვე ნათელია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამისთვის ყველაფერს გააკეთებს.

„ეს განაჩენი ძვირად დაუჯდება, როგორც ხელისუფლებას, ისე ქვეყანას“ - ამბობენ მთავარ ოპოზიციურ პარტიაში. შეფასებაში უფრო შორს მიდის, საქართველოს ყოფილი ელჩი ჩინეთში მამუკა გამყრელიძე, რომელსაც მიაჩნია, რომ მერაბიშვილის ჩასმა, საქართველოსთვის ევროკავშირისა და ნატოს კარის დაკეტვასაც ნიშნავს.

„ცალსახად ევროპის დამოკიდებულება არის ასეთი: მოდით პოლიტიკური ფიგურების ასეთ დევნას თავი დავანებოთ. და თუ ჩვენ ამას არ ვაკეთებთ, და პირიქით, ამის ნაცვლად ხდება, ხისტი გამონათქვამები პრემიერისგანაც - „მერაბიშვილი დიდხანს და კარგად იჯდება“.. და ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენელებისგანაც...ეს ცხადია აღიზიანებს ევროკავშირს, აღიზიანებს ნატოს.

ამით ჩვენ ვშორდებით, ევროკავშირში ასოცირებასაც ..მე არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ მართლა ვერ მოვაწეროთ ხელი, აგვისტომდე ევროასოცირების ხელშეკრულებას და მით უმეტეს ვშორდებით, ჩვენთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვან მიზანს - ნატოს.“

უკრაინის ყოფილი პრემიერი იულია ტიმოშენკო 2011 წლის 5 აგვისტოდან ზის, 11 ოქტომბრიდან კი 7 წლიან სასჯელს იხდის.

საქართველოს ყოფილი პრემიერი 2013 წლის 21 მაისიდან არის დაკავებული. 17 თებერვლის განაჩენით კი, ციხეში 4 წელი, 3 თვე და 4 დღე უნდა გაატარაოს. ანუ, თუ არაფერი შეიცვალა, ივანე მერაბიშვილს, იულია ტიმოშენკოს მსგავსად, 2018 წლამდე მოუწევს ჯდომა.

სასჯელის მოხდის შემდეგ, ტიმოშენკოს სამი წლით ეკრძალება პოლიტიკური თანამდებობის დაკავება, მერაბიშვილს - მხოლოდ წლინახევრით.
იულია ტიმოშენკო ევროპაში აღიარებული პოლიტიკური პატიმარია. მის განთავისუფლებას ერთხმად მოითხოვენ ვაშინგტონი და ბრიუსელი, Amnesty International და Human Rights Watch, პარიზი და ლონდონი, ჰელსინკის კავშირი და მოსკოვი, Freedom House და Transparency international...

ივანე მერაბიშვილის განაჩენს, ჯერჯერობით მხოლოდ ამერიკის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი გამოეხმაუერა, რომელმაც დიპლომატიურად ბრძანა, რომ „კანონზე მაღლა არავინ დგას. მნიშვნელოვანია უმაღლესი სტანდარტის სამართლებრივი პროცესის წარმოება და ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის სარწმუნო უნდა იყოს.“

მძაფრ საერთაშორისო რეაქციას არც მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი ელის, რომელიც ამბობს, რომ განაჩენი კანონზომიერია

„სრულიად კანონზომიერი გადაწყვეტილება იყო, იქედან გამომდინარე, თუ რა ბრალი აქვთ ამ ადამიანებს წაყენებული. ადამიანურ ენაზე ეს ბრალი ასე ჟღერს - საარჩევნო მიზნებისთვის „ნაციონალური მოძრაობა“ ბიუჯეტიდან იყენებდა თანხებს. სახლებზე და კვარიათზე ამ შემთხვევაში ყურადღებას არ ვამახვილებ...

ეს არის ბრალდება, რომელსაც „ნაციონალურ“ ხელისუფლებას უყენებდა სრულიად მსოფლიო. მსოფლიოში არ დარჩენილა არც სამთავრობათშორისო და არც არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც არჩევნებს აკვირდება, ის, რომ არ დაეწეროს, რაზეც დღეს სასამართლომ განაჩენი გამოიტანა.

ამიტომ, თუ რაიმე პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს „ნაციონალური მოძრაობა“, მაშინ ჩავთვალოთ, რომ ამ „პოლიტიკური ანგარიშსწორებით“ მათ წინააღმდეგ დაკავებული ყოფილა სრულიად მსოფლიო.“

„ნაციონალური მოძრაობა“, ჯერ კიდევ 2013 წლის ოქტომბრის ბოლოს შეეცადა, რომ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ ინიცირებულ რეზოლუციაში, ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმრის სტატუსით დაფიქსირებულიყო. თუმცა, ლობისტური ბრძოლა საბოლოოდ მმართველმა კოალიციამ მოიგო და ეს ფორმულირება რეზოლუციის პროექტიდან საერთოდ გაქრა.

ექსპერტთა აზრით, ეს პოლიტიკა გაგრძელდება. „ნაციონალურ მოძრაობას“ სხვა არჩევანი უბრალოდ არ აქვს. მერაბიშვილის განთავისუფლება და სხვა პოლიტიკური ლიდერების „ხელშეუხებლობის გარანტიები“, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის საპირწონედ უნდა იქცეს.

ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, მერაბიშვილი საქართველოს „ტიმოშენკოდ“ უნდა იქცეს. აკი, ქუთაისში ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე, თავად ვანო მერაბიშვილმაც აღნიშნა, რომ „მას და ტიმოშენკოს ერთი ბედი აქვთ“.