წმინდა სინოდი ID ბარათების გამო მეოთხედ იკრიბება

პროტესტი ელექტრონული პირადობის მოწმობების წინააღმდეგ

საქართველოს მართლმადიდებელ მოქალაქეთა ნაწილი ისევ „ანტიქრისტეს ბეჭდისა“ და „მხეცის ნიშნის 666“-ის წინააღდეგ გამოდის

თბილისში, კვირას, იუსტიციის სახლთან, დაახლოებით 200 ადამიანმა, ძირითადად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლმა, კიდევ ერთხელ გაილაშქრა ელექტრონული ბიომეტრიული პასპორტების (ID ბარათების) წინააღმდეგ.

საპროტესტო აქციაში რამდენიმე ათეული სასულიერი პირიც მონაწილეობდა, რომლებიც თბილისის სხვადასხვა ეკლესიებს წარმოადგენდნენ. მრევლის უარყოფითი დამოკიდებულება ელექტრონული პირადობის მოწმობების მიმართ, განათლების პრობლემასთან ერთად, მეტწილად სწორედ სასულიერი პირების დამსახურებაა.

ქადაგებების დროს, განსაკუთებით, ბოლო ორი წლის მანძილზე, სასულიერო პირთა უმრავლესობა, მათ შორის წმინდა სინოდის წევრებიც კი, ელექტრონულ ბარათებს „ანტიქრისტეს ბეჭედს“ უწოდებდნენ, რომელზეც მათივე თქმით - „მხეცის ნიშანი - 666“ დატანილი.

გუშინ, პროტესტანტები აცხადებდნენ, რომ მათ უკვე შეაგროვეს და პარლამენტში შეიტანეს 30 000 ხელმოწერა, სადაც ალტერნატიული პასპორტების შემოღებას ითხოვენ, რომელსაც „ანტიქრისტეს ნიშანი“ არ ექნება. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ კერძოდ თქვა:

ID ბარათი აკონტროლებს ადამიანს, მასში არის მოთავშებული ჩიპი და მეორედ მოსვლის წინ, წმინდა მამები გვაფრთხილებენ რომ მოერიდათ ყოველივე მაგათ ზრახვებსო!

ჩვენც ვცდილობთ, საქართველოში, ყოვლად წმინდა ივერიის ღვთისმშობლის წმინდა ქვეყანაში დავაწესოთ ის წესი, რომლითაც ხალხს ექნება თავისუფალი ნება.“

იუსტიციის სამინისტრომ ელექტრონული ბიომეტრიული პასპორტების გაცემა 2011 წლის 1 აგვისტოდან დაიწყო და დღეის მონაცემებით, ამ სახის პასპორტით 700 000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე სარგებლობს.

ოქტომბერში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ელექტრონული პირადობის მოწმობა აიღო იუსტიციის ახალმა მინისტრმაც. თეა წულუკიანმა, რომელიც მართლმადიდებელი ქრისტიანია, აღნიშნა, რომ ამით მის რწმენას საფრთხე არ შექმნია.

იუსტიციის სამინისტრომ საპროტესტო აქციამდე ერთი დღით ადრე, სპეციალური განმარტებით ვიდეორგოლი გაავრცელა, სადაც მოქალაქეებს უხსნიან, რომ ბარათი არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი, მასზე არც 666-ია დატანილი:

ცრუა მოსაზრება იმის შესახებ, რომ ID ბარათი ანტიქრისტეს ბეჭედია, ან რომ მასზე არის მხეცის ნიშანი. ეს რომ ასე არაა, ამას წმინდა სინოდის გასული წლის დადგენილებაც ადასტურებს. მართლაც, სამოქალაქო რეესტრმა იკისრა და შეასრულა ვალდებულება, რომ არც ერთ გაცემულ ID ბარათზე მიწყობილად სამი ექვსიანი არსად ფიგურირებს და არც მომავალში იქნება.“

კვირას, საპროტესტო აქციას ორგანიზება “ანჩისხატის მომლოცველთა კრებულმა” გაუკეთა, რომელიც აცხადებდა, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიაქრის ლოცვა-კურთხევით მოქმედებდა. თუმცა, საღამოს საპატრიარქომ აქციასთან კავშირი ოფიციალურად უარყო.

ცნობილია, რომ ელექტრონულ ბიომეტრიულ პასპორტებთან დაკავშირებით თავად საპატრიარქოში დიამეტრალურად განსხვავებული მოსაზრებებია.

წმინდა სინოდი ამ საკითხზე სამჯერ შეიკრიბა და შარშან ზაფხულში დაადგინა, რომ „საღვთისმეტყველო და საეკლესიო სწავლების მიხედვით, ახალი ID ბარათი ანტიქრისტეს ბეჭედი არ არის“.

ამის მიუხედავად, დღემდე ზოგიერთი მართლმადიდებელი ტაძრის მოძღვარი ბიომეტრიული მოწმობების აღების გამო საკუთარ მრევლს ერთწლიანი უზიარებლობით სჯის ან სხვა საეკლესიო სანქციით ემუქრება.

პარალელურად კი წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, ამ საკითხზე საპატრიარქოში უკვე მეორე წელია სპეციალური კომისია მუშაობს, ხვალ სინოდი ID ბარათებთან დაკავშირებით მეოთხედ იკრიბება.

სინოდის წევრის, რუის-ურბნისის ეპარქიის ხელმძღვანელის იობის თაოსნობით. მეუფე იობი ელექტრონულ პასპორტებთან დაკავშირებით კი ამბობს

„არავითარ შემთხვევაში ელექტრონული პირადობის მოწმობების აღება არ შეიძლება! იქ არის მხეცის სახელი დაფიქსირებული! 666! ანუ მიდიხარ ხელს აწერ და გულის ჯიბით ატარებს ამას! ეს ნიშნავს რომ უკვე დათანხმდი მხეცს, დათანხმდი ბოროტ სულს!

იუსტიციის სახლები შეიქმნა საქართველოში, ეს არის ის ადგილები, სადაც ანტიქრისტეს მომსახურება მოხდება და ანტიქრისტესთვის ყველანაირ ნიადაგს მოამზადებენ საზოგადოებაში! თუ უკვირდებით, საქართველოში ექსპერიმენტი ტარდება!“


საქართველო, საბედნიეროდ არ არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ელექტრონული ბიომეტრიული პასპორტების წინააღმდეგ ილაშქრებენ. მსგავსი სიტუაციაა საბერძნეთში, უკრაინასა და რუსეთში.

საგზაო დოკუმენტაციის , მათ შორის ბიომეტრიული პასპორტების საკითხის უსაფრთხოება და სწრაფი მოწესრიგება, ევროკავშირსა და საქართველოს შორის მიმდინარე სავიზო დიალოგის ერთ-ერთი ქვაკუთხედია.

„საგზაო რუქის“ მიხედვით, რომელიც 2013 წლის თებერვლის ბოლოს, თბილისში საშინაო საქმეთა ევროკომისარმა სესილია მალმსტრომმა ჩამოიტანა, ამ პრობლემის სწრაფ გადაჭრაზე ბევრად არის დამოკიდებული - რამდენად სწრაფად მიეცემათ საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის სივრცეში უვიზოდ გადაადგილების უფლება.