რამსფელდის დაბრუნება 13 წლის შემდეგ

დონალდ რამსფელდი ოქროს სარწმისის ორდენით

13 წლიანი პაუზის შემდეგ, თბილისს დონალდ რამსფელდი ისევ ეწვია. ამერიკის ისტორიაში ის პირველი თავდაცვის მდივანია, რომელიც 2001 წლის დეკემბერში, დამოუკიდებელ საქართველოში, პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა. განმეორებით კი 2003 წლის დეკემბერში ავღანეთის გზაზე შემოგვიარა.

ამჯერად, პენსიაზე მყოფი რამსფელდი, რომელიც 9 ივლისს 85 წლის გახდება, ჩვენ ქვეყანაში, კავკასია-ცენტრალური აზია-ავღანეთი-მონღოლეთის (CAMCA) რეგიონული ორდღიანი ფორუმის ორგანიზატორად მოგვევლინა.

CAMCA-ს ყოველწლიური ფორუმი თბილისში, რამსფელდის ფონდისა და ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის - ცენტრალური აზია-კავკასიის ინსტიტუტის პატრონაჟით, რიგით მესამე იყო ულან-ბატორისა და ასტანის ფორუმების შემდეგ.

ორდღიანი (17-19 ივნისი) ფორუმის დღის წესრიგი მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა: გლობალური გეოპოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენების ანალიზით დაწყებული, რეგიონული უსაფრთხოებით, ტრანსპორტით, ვაჭრობითა და ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობებით დასრულებული.

დონალდ რამსფელდმა აღნიშნა, რომ მიუხედავად რთული გეოპოლიტიკური ვითარებისა, საქართველოს უცხოური ინვესტიციების გაზრდის კარგი პერსპექტივა აქვს.

“თუ მე ჩიკაგოსა და ნიუ იორკში ვიფიქრებ იმაზე, რომ თუ სად ჩავდო ინვესტიცია, პირველად ვიკითხავ, რამდენად კარგი საინვესტიციო გარემოა ამა თუ იმ ქვეყანაში.

"ინვესტორები უნდა გრძნობდნენ, რომ ქვეყანას ისინი სჭირდება"
დონალდ რამსფელდი

საქართველოში ამ მიმართულებით, ნამდვილად არის დიდი პოტენციალი. თქვენ იცით რა არის მნიშვნელოვანი ინვესტორისთვის: ერთ-ერთი და ყველაზე მთავარი - ანტიკორუფციული პროგრამაა. ინვესტორები უნდა გრძნობდნენ იმასაც, რომ ქვეყანას ისინი სჭირდება.“

საქართველოს პრემიერის, პრეზიდენტისა და მთავრობის წევრების გარდა, ფორუმს 18 ქვეყნის უმაღლესი რანგის ექსპერტები, პოლიტოლოგები, ლობისტები და ანალიტიკოსები ესწრებოდნენ.

დონალდ რამსფელდის გარდა, ფორუმზე გამოვიდნენ: რობერტ ჯეიმზ ვულსი, ამერიკის დაზვერვისა და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი დირექტორი; ამერიკა-საბჭოთა კავშირს შორის, სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის შეთანხმების ერთ-ერთი ავტორი.

კვირიკაშვილი, რამსფელდი და ხალილზადი თბილისის ფორუმზე

ზალმაი ხალილზადი, ამერიკის ყოფილი ელჩი ავღანეთსა და ირანში, შტატების ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი გაეროში. ფრედერიკ სტარი, ცენტრალური აზია-კავკასიის ინსტიტუტის დამაარსებელი, ერთ-ერთი ცნობილი ამერიკელი ექსპერტი რუსეთისა და ცენტრალური აზიის საკითხებში.

ფორუმის მუშაობაში ასევე მონაწილეობდნენ: მიტჩელ ბარაკი (Keevoon Global Research), იოჰანეს ლინი (The Brookings Institution), დანიელ ტვინინგი (German Marshall Fund), გულშან საჩდევა (Europe Area Studies Program), ენდერს ვიმბუში (StrateVarious), ალბერტო ფერნანდესი(The Middle East Media Research Institute), ალექს ვატანკა (Middle East Institute), ჯეიმს მაკდაუელი (National War College), ერიკ ბრაუნი(Hudson Institute), სვანტე კორნელი(SAIS) და მამუკა წერეთელი(SAIS).

ანალიტიკოსებმა ისაუბრეს გლობალურ გამოწვევებზე: რუსეთზე, პუტინზე, სირიაზე, „ისლამურ სახელმწიფოზე“, უკრაინაზე, ავღანეთსა და კავკასიაზე. ასევე ამ გამოწვევების გავლენაზე ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე, მათ შორის საქართველოზე.

Luntz Global-ის პრეზიდენტმა ფრენკ ლუნტცმა, პოლიტიკური კომუნიკაციის გურუმ და პოლიტიკური ლინგვისტიკის ჟანრში ბესტსელერის „Words that work“-ის („სიტყვები, რომელიც მუშაობს“) ავტორმა გამოთქვა იმედი, რომ ამერიკა საქართველოში უსაფრთხოების მნიშვნელოვან ინვესტიციასაც ჩადებს.

„ამერიკელების უმეტესობა არ მისდევს პოლიტიკას, მაგრამ დაინტერესებულნი არიან გამოწვევებით, რაც რუსეთისგან მოდის. ბევრი შეშფოთებულია, რომ აშშ-ს საგარეო პოლიტიკა საკმარისად არ პასუხობს, პუტინისა და რუსეთის პოლიტიკის გაფართოებას. ვფიქრობ, რომ ეს არის უპირველესი საგარეო პოლიტიკური საკითხი, ვიდრე ისლამური სახელმწიფო.

"აშშ-ს საგარეო პოლიტიკა საკმარისად არ პასუხობს, პუტინისა და რუსეთის პოლიტიკის გაფართოებას"
ფრენკ ლუნტცი, Luntz Global

ექსპერტები დასავლეთში იმედოვნებენ, რომ საქართველოს ურთიერთობები დასავლეთთან, როგორც ეკონომიკური, ასევე სამხედრო, უფრო და უფრო მჭიდრო გახდება. უკვე არსებობს ურთიერთობები ბიზნესს საზოგადოებებს შორის, ბევრი ამერიკელი ბიზნესმენი მნიშვნელოვან ინვესტიციებს დებს საქართველოში და ნამდვილად არის იმედი, რომ მალე უსაფრთოების ინვესტიციებიც ჩაიდება.“

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა CAMCA-ს ფორუმის დროს, დონალდ რამსფელდი და ზალმაი ხალილზადი ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ოქროს საწმისის ორდენებით დააჯილდოვა.

მიუხედავად იმისა, რომ თავად ამერიკაში „რამსფელდის ეპოქის“ მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა, ფაქტია, რომ სწორედ ამ ეპოქაში დაიწყო გახმაურებული „წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა“, რომელმაც სათავე დაუდო, როგორც საქართველოს შეიარაღებული ძალების, ისე ქართულ-ამერიკული სამხედრო თანამშრომლობის მნიშვნელოვან განვითარებას.

სამხედრო დახმარების ეს პროგრამა მოჰყვა დონალდ რამსფელდის პირველ ისტორიულ ვიზიტს საქართველოში, 2001 წლის 15 დეკემბერს, ცოტა ხნის შემდეგ, რაც რუსეთის ავიაციამ კოდორისა და პანკისის ხეობები დაბომბა და მშვიდობიანი მოსახლეობა შეიწირა.