Your browser doesn’t support HTML5
საქართველოს ახალი მთავრობა იძულებული გახდა მეციტრუსეობის დარგის სუბსიდირება ისევ მოეხდინა, რათა აჭარაში მოსავლის ჩაბარებისას სოციალური ბუნტი თავიდან აეცილებინა. ამ მიზნით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დამატებით - 1 500 000 ლარი გამოეყო.
დღეისათვის, ერთი კილოგრამი სტანდარული მანდარინის ჩაბარების ფასი 50 თეთრამდე მერყეობს. სახელმწიფო კი ყოველ ჩაბარებულ 1 კილოგრამ სტანდარტულ მანდარინზე, ფერმერს 15 თეთრით აფინანსებს.
აჭარაში დაახლოებით 60 ათასი ტონა ციტრუსის მოსავალი მოვიდა, გურიასა და სამეგრელოში - დაახლოებით 20 ათასი ტონა. მთავრობა ასევე იძულებულია დააფინანსოს არასტანდარტული ანუ დაბალი ხარისხის მანდარინის ჩაბარებაც.
ერთ კილოგრამ ასეთი სახის ციტრუსში მთავრობა 8 თეთრს იხდის, ხოლო დანარჩენ 12 თეთრს კი ქობულეთის ციტრუსის გადამამუშავებელი ქარხანა ფარავს. ქარხანამ 6 000 ტონამდე დაბალი ხარისხის მანდარინი უკვე მიიღო.
ხელისუფლება ქარხნის მეპატრონეებთან მოლაპარაკებას აგრძელებს, რათა მათ გლეხებისგან რაც შეიძლება მეტი ციტრუსი ჩაიბარონ. აჭარის მთავრობის თავჯდომარე არჩილ ხაბაძე ამბობს:
„480 ათასი ლარი გამოიყო არასტანდარტული მანდარინისთვის, ხოლო მილიონ 500 ათასი ლარი გამოიყო სტანდარტული მანდარინის კომპენსაციისთვის. ჩვენი ოპონენტები აცხადებენ, რომ თითქოს წელს მანდარინის ფასი შემცირდა და 30-35 თეთრი ღირს. მინდა ვუთხრა, რომ გუშინ და დღეს 50 თეთრზე ნაკლებად სტანდარტული მანდარინის რეალიზაცია არ მომხდარა.“
ბოლო ორი კვირის განმავლობაში აჭარაში ციტრუსების გამო მღელვარება რა ცხრება. ციტრუსის გადამამუშავებელ ქარხანასთან ასობით დატვირთულმა მანქანამ მოიყარა თავი. ქარხანა ყველას დაკმაყოფილებას ვერ ახერხებს, რასაც ფერმერების ორი სპონტანური საპროტესტო აქცია მოჰყვა.
უკმაყოფილო გლეხები ამბობენ, რომ ციტრუსი გრძელ რიგში ყოფნისას დაულპათ. მათმა მეზობლებმა კი მოსავალი არც კი დაკრიფეს, ვინაიდან რეალიზაცია ისევ და ისევ რთულ პრობლემებთან არის დაკავშირებული:
„ერთი გადამამუშავებელი საწარმო ქობულეთში ყველას არ ჰყოფნის. უნდა იყოს კიდევ ხელვაჩაურში, ოზურგეთში. ყველანი ვიქნებით კმაყოფილი და რიგები აღარ მოგვიწევს. მოვდივართ აქ და 5-6 დღე ვრჩებით რიგში.“
„არ საღდება მანდარინი. მთელ საქართველოში ერთი ეს გადამამუშავებელი მუშაობს და მთელი საქართველოს მანდარინი მოდის აქ.“
2006 წლიდან, როცა რუსული ემბარგო ქართულ ციტრუსსაც შეეხო, მეციტრუსეებმა მზერა სხვა ბაზრებს მიაპყრეს. ბოლო წლებში, ქართულმა მანდარინმა და ლიმონმა ფეხი უკრაინასა და ბელარუსიაში მოიკიდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც უკრაინამ ერთი ტონა ციტრუსის განბაჟების ტარიფი გააორმაგა სიტუაცია ისევ დამძიმდა.
2012 წლის ნოემბრის ბოლოს, ქართულ-უკრაინულმა მოლაპარაკებებმა შედეგი გამოიღო და ციტრუსის გადამზიდავ კომპანიებს გადასახადი ისევ გაუნახევრდათ. ქართველი ფერმერებისთვის ციტრუსის იმპორტირების ფასი შეამცირმა სომხეთმაც.
წელს პირველად 18 ტონა მანდარინი გაიგზავნა ავსტრიის ბაზარზე. რაც მთავარია, ახალ წელს, 400 ტონა ქართული მანდარინი და ლიმონი, პირველად შვიდ წლიანი ემბარგოს შემდეგ, ლარსის საბაჟოს გავლით რუსეთში შევიდა. თუმცა სიტუაცია მაინც მძიმეა.
ოპოზიციაში მყოფმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ციტრუსის თემა უკვე გამოიყენა პრემიერ ივანიშვილის მთავრობის გასაკრიტიკებლად:
„ერთ-ერთ მთავარ მიღწევად ახალი მთავრობა ასაღებს იმას, რომ რუსეთის ბაზარი გაიხსნა. ჩვენ ვიცით, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთთან შეთანხმების შემდეგ ეს ბაზარი მართლაც უნდა გახსნილიყო.
მაგრამ, ჩვენ უნდა ვთქვათ სიმართლე, რომ შარშან ჩვენი ციტრუსის 50 პროცენტი სწორედ რუსეთში გავიდა. აი, დღეს, ერთი ამბავია ატეხილი, რომ აი, ქართული მანდარინის კონტეინერი შევიდა რუსეთში. უკაცრავად და შარშან სად წავიდა?!
როგორც ეხლა შედის მესამე ქვეყნების გავლით რუსეთში უმეტესობა, ისევე შევიდა შარშან. ოღონდ, შარშან მინიმუმ ორჯერ ძვირი ღირდა. რანაირი ბაზრის გახსნაა, მაინც იმავე გზით, ისევ რუსეთში შედის, ოღონდ ორჯერ იაფად?!“
საბჭოთა პერიოდში, საქართველო ციტრუსებით პრაქტიკულად მთელ კავშირს ამარაგებდა. იმ პერიოდის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მოსავალი 1970 წელს დაფიქსირდა - 136 ათასი ტონა.
დამოუკიდებლობის პირველ წლებში ეს მონაცემი მკვეთრად შემცირდა. მაგალითისთვის, 2002 წელს, საქართველოში მხოლოდ 33 ათასი ტონა ციტრუსი აიღეს. მოგვიანებით ვითარება გამოსწორდა. უკვე 2011 წელს, ციტრუსის მოსავალმა 110 ათას ტონას მიაღწია, თუმცა მაშინაც და დღესაც ქართული ციტრუსის დაბალი ხარისხი სერიოზულ პრობლემად რჩება. ამ მიზეზით, შარშან ექსპორტზე მხოლოდ 11 ათასი ტონა ციტრუსი გავიდა.
საქართველოში მაღალი ხარისხის, კონკურენტუნარიანი ციტრუსის წილი მთლიან მოსავალში 10 პროცენტსაც არ აღწევს. უამინდობის, ძვირი შხამქიმიკატების, არასწორი მოვლის, ძველი ნერგებისა და ფერმერების დაბალი განათლების გარდა, მეციტრუსეების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, ქვეყანაში დიდი სამაცივრე-სასაწყობე მეურნეობის არარსებობაც არის. მოკრეფის შემდეგ, ციტრუსი მალევე ფუჭდება, რაც ფასზეც და რეალიზაციაზეც მოქმედებს.