საქართველო ოჯახის სიწმინდის დღეს მსვლელობებით აღნიშნავს

ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა თბილისში. 17 მაისი, 2024 წ.

17 მაისს, საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს აღნიშნავენ. მთავრობამ 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ გამოაცხადა. სათანადო დოკუმენტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი ორი დღით ადრე, 15 მაისს მოაწერა.

დღესასწაულის აღსანიშნავად, თბილისში და რეგიონის ქალაქებში ხალხმრავალი საზეიმო მსვლელობები მიმდინარეობს. მსვლელობა ეწყობა მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, იმერეთში, კახეთში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელოში, აჭარაში, გურიასა და რაჭა ლეჩხუმში.

“ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე”სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივით, 2014 წელს დაწესდა. თუმცა, მთელ მსოფლიოში 17 მაისი ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღედ არის გამოცხადებული.

მსოფლიომ ეს დღე 2005 წელს დააწესა და უმცირესობათა ამ ჯგუფების უფლებებისადმი ცნობადობის გასაზრდელად თარიღიც სიმბოლურად შეარჩია. სწორედ 17 მაისს, 1990 წელს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა დაავადებათა სიიდან ამოიღო.