ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსული რბილი ძალა ჰომოფობიის სადარაჯოზე


"რადიო თავისუფლების" ფოტო
"რადიო თავისუფლების" ფოტო
მსოფლიოში დღეს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღე აღინიშნება. სხვადასხვა ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიერ სოლიდარობის ნიშნად დაანონსებული შეკრება არ შედგა.
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა აქციის გამართვის თაობაზე, მემარჯვენე რადიკალური ფრთა მაქსიმალურად მობილიზდა. ჯერ კიდევ 17 მაისის დადგომამდე ულტრა–მემარჯვენეების მესიჯები იმდენად შემაშფოთებელი და აგრესიული იყო, რომ ანტი –ჰომოფობური აქციის ჩატარების თაობაზე ორგანიზატორებმა გადაწყვეტილება შეცვალეს.
დღეს დილიდან თბილისში არა მხოლოდ რადიკალური მემარჯვენეების აქტივობები და აგრესიული ფრაზეოლოგია ისმოდა, არამედ ღიად ფაშისტური ჯგუფებიც გამოჩნდნენ, რომელთა წევრები დედაქალაქში მასობრივი თავშეყრის ადგილებზე საკუთარი მოსაზრებების აფიშირებას დემონსტრაციულად ახდენდნენ. პარალელურად, გაიმართა მსვლელობა ოჯახის სიწმინდის დაცვის დღესთან დაკავშირებით. 2013 წლის 17 მაისს სასულიერო პირების ჩართულობით აქციის დარბევიდან ერთი წლის თავზე, ქართულმა ეკლესიამ 2014 წელს 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დაცვის დღედ გამოაცხადა.
საჯარო მსვლელობა სწორედ ამ დღესასწაულს ეძღვნებოდა, რომლის ფარგლებშიც სამების საკათედრო ტაძარში დღეს საგანგებო წირვა და მასობრივი ჯვრისწერის ცერემონიაც შედგა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა დღეს განაცხადეს, რომ ჰომოფობიის წინააღმდეგ აქციის მონაწილეთა დაცვისთვის სპეციალური საშუალებები მაქსიმალურად იყო მობილიზებული, რომ აქციის გაუქმება მხოლოდ ორგანიზატორების გადაწყვეტილებაა და ეს არაა კავშირში მათი დაცულობის არასაკმარის გარანტიებთან.
ამერიკის ხმასთან საუბრისას HRW–ის წარმომადგენელი გიორგი გოგია ამბობს, რომ სახელმწიფო არ ატარებს საკმარის ზომებს იმისთვის, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა გარანტირებული იყოს: „ნებისმიერ აზრს აქვს გამოხატვის უფლება, თუნდაც ეს აზრი იყოს შოკისმომგვრელი. თუმცაღა გამოხატვის თავისუფლება არ უნდა გადავიდეს ზღვარს, რომელიც გადის დისკრიმინაციაზე, ძალადობაზე, ჩაგვრისკენ მოწოდებებზე. მით უმეტეს, არ უნდა განხორციელდეს მსგავსი ქმედებები. თუ ირღვევა ადამიანის უფლებები, გამოხატვის თავისუფლება, ხელისუფლებას აქვს ვალდებულება იმოქმედოს, ცალსახად დაიკაოს მხარე და დაგმოს ულტრა–ნაციონალური, ფაშისტური ქმედებები, გამოხატვები. სამწუხაროდ, დღეს ვიხილეთ, რომ ადამიანები, ვინც მშვიდობიანად აპირებდნენ ტრანსფობიისა და ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღის აღნიშვნას, იძულებულები გახდნენ უარი ეთქვათ შეკრებაზე, რადგან ხელისუფლების ქმედება მანამდე არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ აღკვეთილიყო რეალური და კონკრეტული საფრთხე.“
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებულ კვლევაში გამოკვეთილია კავშირი ულტრა–მემარჯვენე ორგანიზაციებსა და რუსეთის ფედერაციას შორის. თემებს, რაც ქართული საზოგადოებისთვის განსაკუთრებით სენსიტიურია რუსული რბილი ძალა მშვენივრად იყენებს ანტი–დასავლური განწყობების გაღვივებისთვის.
ამ საქმეში კი მართლმადიდებლობა, ოჯახური სიწმინდის თემა, რუსეთის მიერ გამოყენებულია, როგორც მძლავრი იარაღი. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენელი მამუკა ანდღულაძე ამერიკის ხმასთან ამბობს: „ეს არის პირველი მცდელობა თავი მოეყაროს იმ ორგანიზაციებსა და პირებს, ვინც საჯაროდ აფიქსირებენ სიძულვილის ენას, აღვივებენ შუღლს, მოუწოდებენ ძალადობისკენ, თავადაც არიან ჩართული ძალადობაში, რაც მიმართულია განსხვავებული აზრის ადამიანების წინააღმდეგ. ასეთი პირები ღიად და აქტიურად აფიქსირებენ საკუთარ მოსაზრებებს, მათ შორის დაუფარავად აფიქსირებენ, რომ არიან ფაშისტები და ხელისუფლება არ მიმართავს სათანადო ზომებს“,– გვეუბნება მამუკა ანდღულაძე და საუბრობს აგრესიული ჯგუფების დაფინანსების წყაროებზე:
„დაფინანსებას, წყაროების მოკვლევა იოლი არაა, მაგრამ კავშირები მაინც დგინდება როგორც რუსეთის სახელმწიფოსთან, ასევე ადგილობრივ ისტებლიშმენტთან. მაგალითად, ბატონი დიმიტრი ლორთქიფანიძე აღმოჩნდა, რომ იკავებს პრიმაკოვის სახელობის ცენტრის დირექტორის თანამდებობას. ეს ცენტრი გახლავთ გორჩაკოვის ფონდის მიერ დაფუძნებული, რომელიც 2010 წელს რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შექმნა. ეს გახლავთ რუსული რბილი ძალა. პირდაპირ იკითხება „ქართული მარშის“ კავშირები უცხოურ ძალასთან, რუსეთთან, რომელიც ჩვენს ოკუპაციას ეწევა.“
ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ თბილისში რამდენიმე აქცია მაინც გაიმართა. ჯგუფები ამისთვის წინასწარ დაუგეგმავად მივიდნენ შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროებთან, ასევე ვაკის პარკში, ფაშიზმზე გამარჯვების მემორიალთან. პოლიციამ კი „საქართველოს ეროვნული ერთობის“ რამდენიმე წევრი დააკავა წვრილმანი ხულიგნობისა და დაუმორჩილებლობის მიზეზით. დღის ბოლო ინციდენტი მთავრობის ადმინისტრაციასთან დაფიქსირდა, როდესაც მოქალაქეს LGBT თემის დაცვითი სიტყვით გამოსვლისას თავს 22 წლის ახალგაზრდა დაესხა და მუშტებით გაუსწორდა. ის დააკავეს, მის წინააღმდეგ აღძრული საქმის მიხედვით, 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
გვიანობამდე გაგრძელდა „ქართული მარშის“ აქცია პარლამენტის წინ თბილისში. მათ ულტიმატუმი წაუყენეს ხელისუფლებას. ითხოვდნენ 2 საათიან ვადაში გაეთავისუფლებინათ მათი ძალადობის პრევენციის მიზნით დაკავებული ლიდერები, რომელთაგან ნაწილი დაკითხვაზე იმყოფებოდა. „ქართული მარშის“ მოთხოვნა დაკმაყოფილდა. დაკავებული გიორგი გაბედავა გაათავისუფლეს, გურამ ფალავანდიშვილი, გიორგი კორკოტაშვილი, ლევან ჩაჩუა და რამაზ გაგნიძე კი დაკითხვიდან გაუშვეს. 17 მაისს პოლიციამ „ქართული მარშის“ სულ 39 იდეური თანამოაზრე დააკავა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG