კონგრესმენების გაფრთხილება - „აგენტების კანონი“ პუტინის გზაა

საქართველოს დასავლელი პარტნიორები „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ისევ აფრთხილებენ, რომ ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონპროექტის მიღება რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის გზაა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის და სენატორების არაერთი განცხადების შემდეგ, კანონპროექტთან დაკავშირებით, შეშფოთება გამოთქვეს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში მოქმედმა, საქართველოს მხარდაჭერის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა: დემოკრატმა ჯერი კონოლიმ და რესპუბლიკელმა ოსტინ სკოტმა.

ამერიკელი კონგრესმენები 29 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაში ხაზს უსვამენ, რომ 2012 წელს, ხელისუფლებაში მესამე ვადით მოსვლის შემდეგ, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა „კანონს უცხოეთის აგენტების შესახებ“, რომელიც პოლიტიკური აქტივობით დაკავებულ და უცხოური დაფინანსების მიმღებ ორგანიზაციებს უცხოეთის აგენტებად დარეგისტრირებას ავალდებულებს.

კონგრესმენები კონოლი და სკოტი აღნიშნავენ, რომ პუტინმა ეს კანონი გამოიყენა, რათა მკვეთრად შეეზღუდა სიტყვის თავისუფლება, პრაქტიკულად გაეუქმებინა რუსეთის სამოქალაქო საზოგადოება და კიდევ უფრო განემტკიცებინა სასტიკი დიქტატორული მმართველობა. ამერიკელი კონგრესმენები მიიჩნევენ, რომ შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტნიორი საქართველოსთვის, რომელმაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო, წარმოუდგენლად შემაშფოთებელია პუტინის ანტიდემოკრატიული ინსტრუმენტის მსგავსი კანონის მიღება.

"პუტინმა "უცხოელი აგენტების კანონი" გამოიყენა სიტყვის თავისუფლების დრამატულად შესაზღუდად, რუსეთის სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად და საკუთარი დაუნდობელი მმართველობის დიქტატურის გასამყარებლად. წამოყენება და დაწინაურება კანონპროექტისა, რომელიც პუტინის ანტიდემოკრატიულ ინსტრუმენტს ჰბაძავს, საოცრად შემაშფოთებელია საქართველოსთვის, შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტნიორისთვის, რომელმაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო", - ამბობენ ისინი.

კონგრესმენების განცხადებით, ისინი განაგრძობენ ქართველი ხალხის მხარდაჭერას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და ლიდერებს მოუწოდებენ, ყური დაუგდონ ხალხის მოწოდებებს წარმატებული და შეუზღუდავი სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემისა და მთავრობისკენ, რომელიც პატივს სცემს კანონის უზენაესობას და პასუხისმგებლობას აკისრებს მათ, ვინც კორუფციაშია ჩართული. კონგრესმენები კონოლი და სკოტი მიიჩნევენ, რომ ვლადიმირ პუტინის კანონის მსგავს „უცხოეთის აგენტების“ კანონს საქართველო ამ გზიდან გადაჰყავს.

"კვლავ ვუჭერთ მხარს ქართველ ხალხს ევროატლანტიკურ გაერთიანებისკენ წინსვლაში და ლიდერების მოვუწოდებთ, ყური დაუგდონ მათ მოწოდებებს სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობისა და შეუფერხებლობისკენ, დამოუკიდებელი სასამართლოსკენ და მთავრობის მიერ კანონის უზენაესობის პატივისცემისა და კორუფციაში ჩართულთა პასუხისგებაში მიცემისკენ. სამწუხაროდ, "უცხოელ აგენტთა კანონი" ვლადიმირ პუტინის მსგავსია და საქართველო გზიდან გადაჰყავს", - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე ნახეთ: „ენჯეოების“ გაუმჭვირვალე დაფინანსება ხელისუფლების გარედან დანიშვნის მთავარი ინსტრუმენტია - ივანიშვილი

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ „აგენტების კანონი" ახალი სახელით "კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო. მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების მიუხედავად, 29 აპრილს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვას. „ქართული ოცნება" მის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის" მიზნად ასახელებს უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიასაშუალებების გამჭვირვალობას და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვის სუცილებლობას.

როგორც ევროკავშირმა, ისე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გააფრთხილეს, რომ კანონის მიღება უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ საქართველოს სვლაზე. საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები კანონს "რუსულს" უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ მმართველი პარტიის მიზანია დემოკრატიის განვითარებაზე მომუშავე ორგანიზაციების გაუქმება და ევროკავშირში გაწევრების პროცესის დაბლოკვა.

„ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიციირებული კანონპროექტი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად" აცხადებს იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა მიღებული. ისინი სპეციალურ რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ და ყოველწლიურად შეავსონ საფინანსო დეკლარაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველ ჯერზე 25 ათასი ლარით დაჯარიმდებიან.

არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები, რომლებსაც დასავლელი დონორები აფინანსებენ, აცხადებენ, რომ მათი შემოსავლები ისედაც დეკლარირებული და გამჭვირვალეა, ამიტომ ხელისუფლების რეალური მიზანია საქმიანობა შეუზღუდოს იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ადამიანის უფლებების, კორუფციის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობენ.

„ქართულმა ოცნებამ" ეს საკანონმდებლო ინიციატივა ბოლო ერთ წელიწადში მეორედ წარმოადგინა. მმართველი პარტიის მიერ ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის მიღების მცდელობამ მასშტაბური საპროტესტო აქციები გამოიწვია მისი პირველად ინიცირებისას, 2023 წლის მარტშიც და მმართველი პარტია აიძულა კანონპროექტი გაეწვია.

„ქართული ოცნების" უმრავლესობამ კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად დააბრუნა 2024 წლის 3 აპრილს. წლევანდელ ვარიანტს შარშანდლისგან ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.

ასევე ნახეთ: 14 სენატორი კობახიძეს კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ-საქართველოს ურთიერთობის გადახედვის პირობას დებენ