Your browser doesn’t support HTML5
საქართველოს ათმა მეზღვაურმა, მათ შორის კაპიტანმა, ალჟირის ნავსადგური ჟენჟენი დატოვა და თურქეთის გავლით, სამშობლოსკენ გამოემგზავრა. ისინი პორტუგალიის დროშის ქვეშ მცურავი, შვედური სატვირთო გემის EOS-ის ეკიპაჟის წევრები იყვნენ.
6000 ტონა ცემენტით დატვირთული EOS, ალჟირის ნავსადგურში 2012 წლის 4 ივლისს შევიდა. იმავე დღეს, ტვირთის შემოწმების შემდეგ, გემთმფლობელსა და ტვირთის მიმღებს შორის დავა დაიწყო, რომელიც ამ დრომდე სასამართლოში გრძელდება. ამის გამო, ჟენჟენის ნავსადგურის ადმინისტრაცია ქართველ მეზღვაურებს 11 თვის მანძილზე ნავსადგურის დატოვების და საქართველოში გამომგზავრების უფლებას არ აძლევდა.
გემთფლობელმა და დამსაქმებელმა, თურქულმა საკრუინგო კომპანიამ ქართველები ჯერ ხელფასის, თებერვლიდან კი საკვებისა და სასმელი წლის გარეშე, ბედის ანაბარა დატოვეს. უმძიმესი სიტუაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ჩარევის შემდეგ, მხოლოდ მიმდინარე კვირას გადაიჭრა.
გემთმფლობელმა ალჟირში ახალი ეკიპაჟი გააგზავნა და ქართველებს შინ დაბრუნების უფლება მიეცათ. თუმცა, მათ მხოლოდ ოთხი თვის ხელფასი გადაუხადეს. საქართველოში დაბრუნებული მეზღვაური ზურაბ წულუკიძე ბათუმის „25 არხთან“ საუბრისას ამბობს:
„შვიდი თვე ვიყავი რეისში და აქედან მხოლოდ სამ თვე ნახევრის ხელფასი გადაგვიხადეს. ვინც ჩვენ გაგვიშვა, თურქი იყო კაპიტანი, ორჰანი ერქვა, გვპირდება რო დარჩენილ ფულს ახლო მომავალში მოგვცემს. ან ამ თვეში ან ორ თქვეში დაგიფარავთო.“
ალჟირში სიტუაციის გადაჭრის შემდეგ, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, ამჯერად ბულგარეთში ანალოგიურ პრობლემაზე მუშაობს.
ტოგოს დროშის ქვეშ მცურავი, თურქული სატვირთო გემი BARIKA, რომელზეც ცხრა ქართველი მეზღვაური იმყოფებოდა, მეათე თვეა ბულგარეთის ნავსადგურ ბურგასშია მიტოვებული.
გემთმფლობელმა თურქულმა კომპანია Cifciler Denizcilik Liman-მა, ქართველები აქაც ჯერ ხელფასის, შემდეგ კი საკვების გარეშე დატოვა. არაოფიციალური ინფორმაციით, ქართველი მეზღვაურების ნაწილს დამსაქმებელმა პასპორტები ჩამოართვა. ამჟამად გემზე შვიდი ქართველია. ორმა მეზღვაურმა ჯანმრთელობის გაუარესების გამო გემი მიატოვა და საკუთარი სახსრებით, ბათუმში ჩამოაღწია. ერთ-ერთ მათგანი, მეზღვაური სოლომონ გორგილაძე ამბობს:
„თავიდან როცა მივდიოდით, ვიღაც წარმომადგენელმა მოგვაწერინა კონტრაქტებზე ხელი, რომელიც იყო მხოლოდ თურქულ ენაზე. შევთანხმდით ხელფასზე, ყველაფერზე და გავემგზავრეთ ბულგარეთში. იქ კი დავრჩით უჭმელი. არაფერი არ იყო, არათუ ხელფასზე იყო საუბარი.
პატრონი საერთოდ არ გამოჩნდა გემზე. ნუ, რამდენჯერმე ჩამოვიდნენ და გვატყუებდნენ გამუდმებით. დღეს მოვალ, ხვალ მოვალ და ასე. ვინც დაგვასაქმა, ლაურა ჩადუნელიც რეკავდა. ამ კვირაში ჩამოვა, იმ კვირაში ჩამოვა და გავიდა ასე ეს თვეები.“
სატვირთო გემ BARIKA-ზე ქართველები სტამბულში მოქმედმა საკრუნგო კომპანია Laura Crewing-მა დაასაქმა, რომელსაც თურქეთის მოქალაქე, წარმოშობით სურამელი, 45 წლის ლაურა ჩადუნელი ხელმძღვანელობს.
ეს ქალბატონი უკვე დიდი ხანია, ქართველ მეზღვაურთა წრეებში საეჭვო რეპუტაციით სარგებლობს. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ არაერთხელ მოუწოდა მეზღვაურებს არ გააფორმონ კონტრაქტები ლაურა ჩადუნელის მეშვეობით, თუმცა უშედეგოდ.
ბოლო წლებში, ლაურა ჩადუნელთან გაფორმებული კონტრაქტების წყალობით, რამდენიმე ათეული ქართველი მეზღვაური დარჩა მოტყუებული და უხელფასოდ მიტოვებული მსოფლიოს სხვადასხვა ნავსადგურებში.
მათ შორის: კარტახენაში (გემი Clare, 4 მეზღვაური, მიტოვებული იყო 11 თვის მანძილზე), ოკუპირებულ სოხუმში (გემი Hakki Cillioglu, 4 მეზღვაური, მიტოვებული იყო 11 თვე), ოდესაში (გემი Filippa C, 7 მეზღვაური, 1 თვე), და თურქეთის რამდენიმე პორტში, მათ შორის, სტამბულში (გემი Grand Alend, 6 მეზღვაური, 9 თვე).
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი მამუკა ახალაძე ამბობს, რომ სააგენტო ბურგასში მიტოვებული ქართველების დახსნას ცდილობს:
„ცოტა უფრო რთულად არის სიტუაცია ბულგარეთში, რადგან გემთმფლობელმა მიატოვა გემი. აქ სხვა პრობლემაა. გემთმფლობელი თურქია და ვცდილობთ მასთან კონტაქტი დავამყაროთ. ასევე დახმარება ვთხოვეთ თურქეთის სახელმწიფოს და იმედი გვაქვს, რომ ახლო მომავალში ამ ეკიპაჟის პრობლემაც გადაიჭრება.“
მეზღვაურთა საერთაშორისო ფედერაციის (ITF) სტანდარტებით, გემთმფლობელსა და მეზღვაურს შორის, წერილობითი ხელშეკრულება ორივე მხარისთვის გასაგებ ენაზე უნდა გაფორმდეს; წინასწარ უნდა შეთანხმდეს სამუშაო ვადები და გრაფიკი; ხელფასის ოდენობა და თანხა, რასაც მეზღვაური დამატებითი სამუშაო საათების შესრულებისთვის მიიღებს;
სამუშაო საათების რაოდენობა კვირაში 48 საათს, თვეში კი 208 საათს არ უნდა აღემატებოდეს; მეზღვაურის სამშობლოში დაბრუნებისას ხარჯები დამსაქმებლებმა უნდა აანაზღაუროს; ისევე, როგორც, მკურნალობის ხარჯი, ავადმყოფობის ან ტრავმის მიღების შემთხვევაში.
სტანდარტული ხელშეკრულებით, გემთმფლობელი(დამსაქმებელი) ვალდებულია მეზღვაურის სიცოცხლე დააზღვიოს. გემის ჩაძირვის ან უბედური შემთხვევის დროს, კი გარდაცვლილის ოჯახს ფულადი კომპენსაცია მისცეს.
ქართველ მეზღვაურებთან დაკავშირებით, რომლებიც მსოფლიო ბაზარზე არაკვალიფიციურ კადრებად ითვლებიან, როგორც წესი ყველა ეს პუნქტი დარღვეულია. უმეტესობა, იძულებულია დასაქმების სანაცვლოდ, არასტანდარტულ პირობებს დათანხმდეს ანაც საერთოდ ხელშეკრულების გარეშე, ზეპირი შეთანხმების საფუძველზე იმუშაოს.