საქართველოს მთავრობის საჰაერო პოლიტიკა

„ფლაი დუბაი“ გახდა პირველი ავიაკომპანია არაბული სამყაროდან, რომელმაც გასულ შაბათს, თბილისის მიმართულებით ფრენა დაიწყო. რეისი დუბაი-თბილისი-დუბაი ამიერიდან კვირაში ორჯერ სამშაბათსა და შაბათს შესრულდება და ორი გზა 270 დოლარი ეღირება.

„ფლაი დუბაის“ უახლესმა „ბოინგმა“ პირველი რეისით თბილისში ავიაკომპანიის გენერალური დირექტორი და არაბეთის გაერთიანებული საემიროების პარლამენტის წევრი, დუბაის აეროპორტის ვიცე-პრეზიდენტი ჯამალ ალ ჰაი ჩამოიყვანა.

საქართველოს მთავრობა ბაზარზე ახალი ავიაკომპანიის შემოსვლით, ავიაბილეთებზე ფასების სერიოზულ დაცემას მოელის. ეროვნულმა ავიაფლაგმანმა „აირზენამ“ „ფლაი დუბაის“ გამოჩენამდე, დუბაის რეისზე ფასი 210 დოლარამდე დააგდო. „ფლაი დუბაის“ შემოსვლასთან დაკავშირებით ტურიზმის დეპარტამენტის უფროსმა მაია სიდამონიძემ კერძოდ განაცხადა:

„საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია შევიდეს და აითვისოს ახალი ტურისტული ბაზრები. სწორედ ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალი პირდაპირი რეისები. „ფლაი დუბაი“ საკმაოდ ხშირად იფრენს, იქნება საკმაოდ ხანმოკლე ფრენა თბილისი-დუბაი და მეორეს მხრივ, ხელმისაწვდომი. ეს არის, რა თქმა უნდა, იმის წინაპირობა, რომ მომავალში ორ ქვეყანას შორის ტურისტული მიმოსვლა გახშირდეს.“

საქართველომ ღია ცის პოლიტიკა ერთი წლის წინ დაიწყო, როცა "ევროპის ერთიანი საჰაერო ცის" წევრი გახდა. ამან ქართული ავიაკომპანიების უმრავლესობა პრაქტიკულად გააკოტრა. თუმცა, მოლოდინის საწინააღმდეგოდ, 2011 წელს ავიაბაზარზე მნიშვნელოვანი მატება არ ყოფილა.

თბილისი-ურუმჩის მიმართულებით ფრენა ჩინურმა ავიაგიგანტმა „ჩინეთის სამხრეთის ავიახაზებმა“ დაიწყო, ასევე შემოვიდნენ ყაზახური „ეარ ასტანა“ და ირანული „ატა ეარი“.

„ფლაი დუბაის“ გარდა, შემოსვლას კიდევ ორი არაბული ავიაკომპანია გეგმავს. 30 ნოემბრიდან დოჰა-ბაქო-თბილისის მიმართულებით ფრენას „ყატარის ავიახაზები“ იწყებს. ამანი-თბილისის რეისი კი „იორდანიის სამეფო ავიახაზების“ გეგმაში 2012 წლის აპრილიდან ზის.

საფრანგეთის ნაციონალურმა ბრენდმა - „ეარ ფრანსმა“ ჯერ მხოლოდ ბაზრის შესწავლა დაიწყო. ჯერჯერობით, ვერ მოხერხდა, ირლანდიური „რაინერ ეარის“, იტალიური „ალ იტალიას“ და სხვა ავიაგიგანტების ქართული ავიაბაზრით დაინტერესება. ასეთი სიტუაციის მიუხედავად, ეკონომიკის მინისტრი ვერა ქობალია მაინც ოპტიმისტურად არის განწყობილი

„პირველი და აუცილებელი ნაბიჯი რა თქმა უნდა არის პირდაპირი ფრენები დუბაიდან თბილისში და მეორე, რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება ახალი ტურისტული ნაკადისთვის. ველოდებით, რომ მომავალ წელს ტურისტების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ეს არის აბსოლუტურად ახალი ბაზარი საქართველოსთვის.“

თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, მომავალში კი ფოთში, ზუგდიდსა და მესტიაში, როგორც პირდაპირი ისე, სატრანზიტო ფრენების გაზრდით, მთავრობა ტურისტების რაოდენობის მნიშვნელოვან მატებას იმედოვნებს.

ტურიზმის დეპარტამენტის მონაცემებით, 2011 წლის ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოში 2 მილიონ 300 ათასზე მეტი ტურისტი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მთელი 42 პროცენტით მეტია.

ეკონომიკის ექსპერტები ამბობენ, რომ ბოლო წლებში ტურისტების რიცხვის მატება მართლაც მოხდა, თუმცა მთავრობის ამ შედეგს ყველა ეჭვქვეშ აყენებს.

მთავრობა ტურისტად თვლის ყველას, ვინც საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა. „მთავრობა სპეციალურად ურევს ჩვეულებრივი „ვიზიტორისა“ და „ტურისტის“ მცნებას და ტურიზმის რეალური სტატისტიკა საქართველოში არ არსებობს“ - მიაჩნია ექსპერტ გია ხუხაშვილს

„ეს არის რა თქმა უნდა პიარი, პიარის ჩვენთვის და მე მეჩვენება, რომ ეს უფრო ერთი კაცის სასიამოვნებლად არის გაკეთებული. ხან ამბობენ ტურისტს და ხან ამბობენ ვიზიტორს. რა არის ტურისტი და რა არის ვიზიტორი? ერთხელ და სამუდამოდ განგვიმარტოს რომელიმე ჩინოვნიკმა მათ შორის განსხვავება რა არის?! ეს უბრალო აღრევაა ტერმინების თუ შეგნებული მანიპულაციაა?!

მე ვფიქრობ, რომ შეგნებული მანიპულაციაა. ვიზიტორი ნამდვილად არის ის ადამიანი, რომელიც საზღვარს გადმოკვეთს, მაგრამ ის შეიძლება მხოლოდ ტრანზიტით შემოვიდეს, ან ბიზნესის, ან სხვა მიზნით და მაშინ იგი არ არის ტურისტი. რა აღრიცხვათან და რა სტატისტიკასთან გვაქვს საქმე მთავრობა ამას ბოლომდე არ გვიხსნის.“

ექსპერტები პირდაპირ მიუთითებენ, რომ საქართველოში საავიაციო ბაზრის სწრაფ განვითარებას ხელს თურქული კომპანია „TAV“-ის მონოპოლისტური მდგომარეობა უშლის.

2005-2007 წლებში, „ტავმა“ თბილისისა და ბათუმის აეროპორტების აშენება-რეაბილიტაციის სანაცვლოდ, პრეზიდენტ სააკაშვილის მთავრობისგან კაბალური შეღავათები მიიღო, რაც საბოლოო ჯამში, საქართველოსთვის უაღრესად წამგებიანი გამოდგა. დღეს, ამ აეროპორტების მომსახურება, ავიაკომპანიებს ხუთჯერ და ათჯერ უფრო ძვირი უჯდებათ, ვიდრე სხვაგან, რაც ავიაბილეთებზე ფასის დაგდების და მეტი ტურისტის მოზიდვის საშუალებას არ იძლევა.

ამასთან, თურქულ კომპანიისა და მისი ქართველი ლობისტების თავსმოხვეული კაბალური ხელშეკრულების წყალობით, თბილისიდან და ბათუმიდან 300 კილომეტრის რადიუსში, ახალი საერთაშორისო აეროპორტის განვითარების უფლება არავის აქვს.

სწორედ ამ მიზეზით მთავრობა იძულებული გახდა ივლისში, კოპიტნარის აეროპორტის სიმბოლური გაყიდვა (1 ლარად) ჩაეშალა, ვინაიდან ყიდვის სურვილი მხოლოდ „ტავ“-მა გამოთქვა. თურქულ კომპანიას, თბილისის აეროპორტი 2025, ხოლო ბათუმის აეროპორტი 2027 წლამდე აქვს გადაცემული.