ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვსა და თბილისს შორის საჰაერო მიმოსვლა აღდგა


რუსული ოკუპაციის მეორე წლისთავზე, რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ მოულოდნელად ნება დართო რუსულ ავიაკომპანია „სიბირსა“ და ქართულ ავიაკომპანია „აირზენა-ჯორჯიან ეარვეისს“ მოსკოვი-თბილისის მიმართულებით საჰაერო მიმოსვლა აღედგინათ.

საპასუხოთ, ფრენებზე ნებართვა საქართველოს სატრანსპორტო ადმინისტრაციამაც გასცა. ოფიციალურად რეისებს ჩარტერული ჰქვია. ვინაიდან, რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობა არ არსებობს რეგულარული ავიაფრენების აღდგენა პოლიტიკური საკითხია.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ ამბობს, რომ ამ ეტაპზე, რეგულარული ავიარეისების აღდგენაზე მოლაპარაკება შეუძლებელია

“ეს არ არის რეგულარული რეისები. რეგულარული გზით ფრენა ვერც განხორციელდება იმ ეტაპამდე, სანამ, ჩვენ, ორ სახელმწიფოს, დიპლომატიური ურთიერთობა არ გაგვაჩნია.

რეგულარული რეისები, განსხვავებით ჩარტერულისგან საჭიროებს სახელმწიფოს ნებართვას, ასეთ მოლაპრაკებაში ჩვენ ამ ეტაპზე ვერ შევალთ და ეს საკითხი არც განიხილება.

თუმცა, ბუნებრივია, ჩვენ არ ვერევით კერძო კომპანიების მოლაპარაკებებში, თუ ჩვენი მოქალაქეების ინტერესში შედის, რომ ფრენები განხორციელდეს ამ სახით, ძალიან კარგი.“

ორწლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, რუსული ავიაკომპანია „სიბირის“ ავიალაინერი, პირველად თბილისში 23 აგვისტოს დაეშვა.მანამდე, 20 აგვისტოს, თბილისიდან მოსკოვში „აირზენას“ ავიალაინერი გაფრინდა.

„სიბირის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, რუსული ავიაკომპანია ჩარტერულ რეისებს მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მიმართულებით 30 ოქტომბრამდე შეასრულებს. რუსული ავიაკომპანიის ქართული წარმომადგენლობის დირექტორი ვახტანგ თხელიძე ამბობს

„სიბირმა 23 აგვისტოდან გააგრძელა რეისები მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მიმართულებით, ეს არის ჩარტერული რეისები, კვირაში ვიფრენთ სამჯერ - ორშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს.

თუ მოთხოვნა კიდევ იქნება, შეიძლება ფრენის სიხშირე კიდევ გავზარდოთ. მგზავრებს რუსეთში გასაფრენად, აქამდე უწევდათ მესამე ქვეყნების გავლა, ახლა არის პირდაპირი რეისი, ამიტომ მოთხოვნა ამ რეისებზე ძალიან დიდია.“

„სიბირი“ თბილისში მხოლოდ მესამე დღეა დაფრინავს, თუმცა ავიაკომპანიამ უკვე მოახერხა ბილეთების რეალიზაციით და რაც მთავარია, ფასით, ყველა რეკორდის მოხსნა.

თავიდან, ბილეთის ფასი, ერთი მიმართულებით 460 ლარით განისაზღვრა, თუმცა, დღეს ფასმა უკვე 650 ლარს გადააჭარბა. რაც მთავარია, ათ სექტემბრამდე ყველა ბილეთი გაყიდულია.

ტურისტულ კომპანია „ულტრატურში“ გვითხრეს, რომ მოსკოვში პირდაპირი რეისზე ბილეთის ფასმა, თბილისი-ერევანი-მოსკოვის რეისის ფასს მნიშვნელოვნად გადაუსწრო

ოპერატორი: 650 ლარამდე ღირს მოსკოვზე, 11 სექტებრისთვის არის ადგილები, მაგრამ ერევნის გავლით, შეგვიძლია უფრო იაფად გაგიშვათ

- ერევნით ფრენა რა ღირს?

ოპერატორი: სადღაც 470 ლარამდე

- ამხელა განსხავებაა?

ოპერატორი: კი, მოსკოვი, პირდაპირი რეისი რომ არის, ადგილებიც ცოტაა, მხოლოდ ძვირი ბილეთებია დარჩენილი.

რუსულ-ქართული ომის შემდეგ, მოსკოვსა და თბილისს შორის მხოლოდ რამდენიმე ჩარტერული რეისი შესრულდა, მგზავრთა დიდ ნაწილს, მესამე აეროპორტის - ერევნის, სტამბულის, რიგის, კიევის ან მინსკის, გამოყენება უხდებოდათ. თბილისის მცხოვრები თამარ დვალიშვილი ამბობს

„ვფიქრობ, რეისები აღდგენით, ყველას მიეცემა საშუალება ჰქონდეს თბილისთან და მოსკოვთან ურთიერთობა. მე პირადად მივდივარ შვილთან მოსკოვში და ძალიან გამიხარდა, ეს პირდაპირი რეისი, რადგანაც ავცდი კიევსა და მინსკს. პირდაპირი რეისი აღდგა და ძალიან ბედნიერი ვარ.“

რუსეთში თავისებურ ახსნას უძებნიან, აგვისტოს ომის მეორე წლისთავზე, საქართველოსთან ავიამიმოსვლის განახლებას. მოსკოვის პოლიტიკური ტექნოლოგიების ცენტრის, ერთ-ერთი წამყვანი პოლიტოლოგი ალექსეი მაკარკინი რუსულ „ნიუსვიკთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ფრენების განახლება, მოსკოვის მხრიდან ჰუმანიტარული აქციაა, პოლიტიკური კონტექსტით.

"საქართველოსთან ავიარეისების გახსნის ძირითადი მიზეზი, რა თქმა უნდა, ეკონომიკურია. ხალხისთვის არაკომფორტულია საქართველოში ფრენა, მესამე ქვეყნების გავლით. პირდაპირი ავიარეისების გაუქმება, უფრო გამოვიდა, საქართველოზე დარტყმა, ვიდრე მიხეილ სააკაშვილზე.

სააკაშვილს რეისების გაუქმება, პირიქით აწყობს. ეს აძლევს, საფუძველს, მუდმივად უმეოროს ქართველებს, რომ აი, შეხედეთ, მოსკოვი ისევ პრობლემებს გვიქმნისო. რუსეთი ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ ჰყოფს სააკაშვილსა და საქართველოს. ასე, რომ პოლიტიკური კონტექსტი, ამ ჰუმანიტარულ აქციაში აშკარაა.

მოსკოვი ხელს უწვდის საქართველოს და ქართველებს, ამავე, დროს იგნორირებას უკეთებს სააკაშვილს. ვიცი, რომ ამ შეთანხმების მომზადების დროს, რუსულ მხარესთან მოლაპარაკებებს დაბალი რანგის ქართველი ჩინოვნიკები აწარმოებდნენ, თუმცა პოლიტიკური გადაწყვეტილება, როგორც მე მგონია, პირადად სააკაშვილმა მიიღო. თუმცა, ამის აფიშირება, მაინც და მაინც არ ხდება."

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი, რეგულარული ავიარეისები პირველად 2006 წლის ოქტომბერში შეწყდა. მოსკოვმა მაშინ, ასე უპასუხა თბილისს, რუსი ჯაშუშების დაკავებისა და საქართველოდან გაძევების გამო. 2008 წლის აგვისტოს რუსულ-ქართული ომის შემდეგ კი მოსკოვმა კიდევ ერთხელ გამოიყენა აღნიშნული სანქცია.

XS
SM
MD
LG