პეტიციას „არ შემოვუშვათ კრემლის მოტოციკლისტები საქართველოში“ ერთი დღის განმავლობაში ინტერნეტში უკვე 3000 მოქალაქე შეუერთდა. ეს იმის მიუხედავად, რომ ჯერჯერობით, ბოლომდე გარკვეული არ არის, 9 მაისს, თბილისში, ნამდვილად ჩამოვლენ თუ არა, სკანდალურად ცნობილი, რუსული ბაიკერ კლუბის - „ღამის მგლების“ (Ночные Волки) წევრები.
Manifest.ge-ზე გამოქვეყნებულ პეტიციაში საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტს მიმართავენ და მოითხოვენ, რომ „სახელმწიფომ მკაფიოდ აჩვენოს ყველას, რომ ის ჩვენი ქვეყნის ინტერესების და ღირსების სადარაჯოზე დგას და არ დაუშვებს ამ ჯგუფის საქართველოში შემოსვლას და ადგილობრივ პროპუტინურ ძალებთან ერთად, ვაკის პარკში აქციის მოწყობას“.
„ღამის მგლების“ თბილისში მოწვევის ინიციატივა ამჯერად, ფორმალურად, „რუსულ-ქართულ ახალგაზრდულ კავშირს“ ეკუთვნის. ეს ორგანიზაცია საჯარო რეესტრის სააგენტომ 2017 წლის 7 თებერვალს დაარეგისტრირა.
კავშირის ერთ-ერთი ლიდერი, 25 წლის მერაბ (ირაკლი) ყიფიანი ასევე არის „სახალხო მოძრაობა ქართულ-რუსული დიალოგისა და თანამშრომლობისათვის“ დამფუძნელი და „ევრაზიული ინსტიტუტის“ აქტივისტი. ყიფიანი „ღამის მგლების“ შესაძლო ჩამოსვლაზე ამბობს:
შეიძლება 8 მაისს ჩამოვიდნენ, შეიძლება 9 მაისს, შეიძლება, მე ვერ ავიღო პასუხისმგებლობა და ვუთხრა, რომ მეგობრებო არ ჩამოხვიდეთ"მერაბ (ირაკლი) ყიფიანი, რუსულ-ქართული ახალგაზრდული კავშირი
„შეიძლება 8 მაისს ჩამოვიდნენ, შეიძლება 9 მაისს, შეიძლება, მე ვერ ავიღო პასუხისმგებლობა და ვუთხრა, რომ მეგობრებო არ ჩამოხვიდეთ. საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური ვითარება მაინც არ არის და კიდევ უფრო დაძაბვა ვითარების ჩვენს ინტერესებში არ შედის.“
„ღამის მგლების“ ლიდერი, რუსეთის პრეზიდენტ პუტინის მეგობარი, ალექსანდრე ზალდოსტანოვი, მეტსახელად „ქირურგი“ „რუსულ-ქართული ახალგაზრდული კავშირის“ აქტივისტებს მოსკოვში აპრილში შეხვდა. წინასწარი შეთანხმების მიხედვით, 9 მაისს, თბილისს, 35-მდე რუსი ბაიკერი უნდა ეწვიოს.
„ქირურგის“ შანსები ჩამოვიდეს საქართველოში ორი დღის წინ გაიზარდა. 30 აპრილს, ზალდოსტანოვი და რუსეთის პასპორტის მქონე სხვა „ღამის მგლები“ პოლონელმა მესაზღვრეებმა, პოლონეთ-ბელორუსიის საზღვრიდან უკან გამოაბრუნეს.
რუსი ბაიკერები კრემლის მიერ მხარდაჭერილ, ტრადიციულ მოტოგარბენში „გამარჯვების გზები - ბერლინისკენ“ მონაწილეობენ, რომელმაც 27 აპრილს მოსკოვში აიღო სტარტი.
გუშინწინ, საზღვრის გადაკვეთა, მხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნების პასპორტის მქონე ბაიკერებმა შეძლეს, მათი საბოლოო მიზანი - ფაშიზმზე გამარჯვების დღის - 9 მაისის, ბერლინში აღნიშვნაა.
„ქირურგის“ და კრემლთან დაახლოებული სხვა ბაიკერების საქართველოში შესაძლო სტუმრობის გამო, განსხვავებული აზრი აქვს, კიდევ ერთ პრორუსს აქტივისტს, „ერეკლე მეორეს საზოგადოების“ თავმჯდომარეს არჩილ ჭყოიძეს. მისი თქმით, „ღამის მგლების“ ჩამოსვლა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას კიდევ უფრო დაძაბავს:
მათი შემოსვლა, აქ ახალგაზრდების დახვედრა, ჩხუბი, ინციდენტები, რას გამოიწვეს? პირიქით, რუსულ-ქართული ურთიერთობების კიდევ უფრო გაუარესებას. ანუ, თავშივე, ეს ვინც დაგეგმა, დაგეგმა იმისთვის, რომ მოხდეს პროვოკაცია“არჩილ ჭყოიძე, ერეკლე მეორეს საზოგადოება
„მათ შემოსვლა, აქ ახალგაზრდების დახვედრა, ჩხუბი, ინციდენტები, რას გამოიწვეს? პირიქით, რუსულ-ქართული ურთიერთობების კიდევ უფრო გაუარესებას. ანუ, თავშივე, ეს ვინც დაგეგმა, დაგეგმა იმისთვის, რომ მოხდეს პროვოკაცია.“
ვლადიმერ პუტინის მეგობარი ალექსანდრე ზალდოსტანოვი „ღამის მგლების“ მცირე ჯგუფთან ერთად, 2013 წლის ოქტომბერში, საქართველოში უკვე არის ნამყოფი.
რუსი ბაიკერები მაშინ კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოიწვია. მათ საქართველოში შემოსვლის უფლება მისცეს, იმის მიუხედავად, რომ საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ არაერთხელ ჰქონდათ დარღვეული. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები უკვე წლებია „ღამის მგლების“ მოტოგარბენის მარშრუტში შედის.
ბოლოს, პუტინის მოტოციკლისტები თბილისში, 2015 წლის მაისში იმყოფებდნენ. ამ ვიზიტს ინციდენტების გარეშე არ ჩაუვლია. რუსებს ბაიკებიდან გეორგიევსკის ლენტები ჩამოუხსნეს, რამდენიმე მოტოციკლი კი საქართველოს და უკრაინის ეროვნული დროშების ფერში გადაუღებეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ რუსი ბაიკერების სტუმრობა არასასურველად მიაჩნია, თუმცა, "ღამის მგლების" მიერ სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის შემთხვევაში, პოლიცია მათ გადაადგილებას და ქცევას ყურადღებით დააკვირდება.