გენერალი: საქართველოს გაყინულ კონფლიქტებს კრემლის ადმინისტრაცია მართავს

გენერალი კურტის სკაპაროტი

შეერთებული შტატების მთავრობაში არაერთი მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილება მოხდა. სახელმწიფო მდივნის პოსტს 1 აპრილიდან მაიკ პომპეო, დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორი და ყოფილი "ჩაის სმის მოძრაობის" წარმოამდგენელი კონგრესმენი დაიკავებს.

ამ ეტაპზე ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ როგორი იქნება მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ, თუმცა როგორც დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორმა და კონგრესმენმა, მან არაერთხელ დააფიქსირა რუსეთის მიმართ მკაცრი ტონი.

საქართველოს ორ სეპარატისტულ რეგიონს რომ დავაკვირდეთ, იქ რუსეთის ფედერაციას დავინახავთ, რადგან კარგად ჩანს რუსეთის ადმინისტრაცია ამ ორ ერთეულში.
გენერალი კურტის სკაპაროტი

საკადრო ცვლიელებები ამ ეტაპზე თავდაცვის სფეროზე არ ვრცელდება. თავდაცვის მდივანი, გადამდგარი გენერალი ჯეიმ მეტისი, პანტაგონს დანიშნვის დღიდან შეუფერხებლად ხელმძღვანელობს. მისი პოლიტიკა რუსეთის მიმართ მკვეთრად მკაცრია, რაზეც მისი არაერთი განცხადება, ამერიკის მოკავშირე ქვეყნებში ვიზიტი და პენტაგონის მიერ შემუშავებული ეროვნული უსაფრთხოების ანგარიშიც მეტყველებს. ამის კიდევ ერთი დასტური გასულ კვირას სენატში გამართული მოსმენაა, რომელზეც თავდაცვის დეპარტამენტის 2019 წლის ევროპული სტრატეგიის კონტურები გამოიკვეთა.

ამერიკის შეერთებული შტატების სენატში თავდაცვის ავტორიზაციის აქტის თაობაზე მოსმენა გაიმართა. სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის მთავარი მოწმე, რომელმაც ევროპაში ამერიკის სამხედრო სტრატეგიაზე ისაუბრა, შეერთებული შტატების ევროპის სარდლობის მთავარსარდალი, გენერალი კურტის სკაპაროტი იყო.

განცხადებაში, რომელიც კომიმტეტის თავმჯდომარე სენატორმა ჯონ მაკკეინმა წერილობით გაუგზავნა სხდომას, ნათქვამია, რომ “შეერთებული შტატები ევროპაში ახალ სტრატეგიულ რეალობაშია. პირველი და ყველაზე სერიოზული გამოწვევა იმ საფრთხის აღიარებაა, რომელსაც რუსეთი წარმოადგენს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისა და მსოფლიო წესრიგისთვის. მეორე საკითხი კი კარგად გააზრებული სტრატეგიისა და პოლიტიკის შემუშავებაა, რომელიც ამერიკის და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ არსებულ საფრთხეებს შეაკავებს და აგრესიას დაამარცხებს.”

რუსეთის მხრიდან ამ გაყინული კონფლიქტების გაგრძელება ქვეყნის მიერ დასავლეთისკენ სვლის პროცესის გაყინვის მცდელობაა, იქნება ეს ნატო, თუ ევროკავშირი.
გენერალი კურტის სკაპაროტი

კომიტეტის მოსმენაზე, სხვა თემებს შორის, საქართველოს საკითხიც განიხილეს. სენატორმა დევიდ პერდუმ გენერალ სკაპაროტის საქართველოსთან პარტნიორობის გაგრძელებასთან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვა.

“მე მაშფოთებს გაყინული კონფლიქტები საქართველოში და თქვენგან მსურს განახლებული ინფორმაციის მიღება. ვფიქრობ ამ კონფლიქტებს “გაყინულ კონფლიქტებს ვუწოდებთ.” როგორია ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგია, განსაკუთრებით საქართველოს მიმართ,” იკითხა სენატორმა პერდუმ.

გენერალმა სკაპაროტიმ საქართველო ამერიკის “ძლიერი პარტნიორობისთვის” შეაქო და აღნიშნა, რომ საქართველოს კარგი შეიარაღებული ძალები ჰყავს, რომელბიც ავღანეთსა და სხვა ქვეყნებში სამხედრო თუ სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობენ. გენერლის თქმით, "საქართველოს ორ სეპარატისტულ რეგიონს რომ დავაკვირდეთ, იქ რუსეთის ფედერაციას დავინახავთ, რადგან კარგად ჩანს რუსეთის ადმინისტრაცია ამ ორ ერთეულში.”

ამერიკის ევროპის სარდლობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს რუსეთი და კიდევ სამი ქვეყანა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებს, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა ეწინააღმდეგება.

გენერალ სკაპაროტის თქმით, რუსეთი ამ ერთეულებს “საკუთარი ადმინისტრაციის ქვეშ იზიდავს.” სხვა ქვეყნების მაგალითიდან ჩანს, რომ “იქ სადაც მათ [რუსეთს] სამხედრო ძალები ჰყავთ განლაგებული, იმ ერთეულების ჯარისკაცებს რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების ნაწილად აქცევენ და მათთან შეთანხმებები აქვთ, რაც კონფლიქტის განახლების შემთხვევაში რუსეთს კონფლიქტის მხარედ აქცევს.”

გენერალ სკაპაროტის მიაჩნია, რომ სტრატეგია, რომელიც შეერთებულმა შტატებმა საქართველოში უნდა შეინარჩუნოს დიპლომატიურად და სხვა მხრივ, “ზედმიწევნით აქტიური ჩართულობის გაგრძელებაა. დიპლომატიური ჩართულობა იმისთვისაა საჭირო, რომ ეს კონფლიქტები გადაიჭრას ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემით და იმ ხალხების თვითგამორკვევის გათვალისწინებით, რომლებიც საკუთარი თავის მართვას ცდილობენ.”

ამერიკის შეიარაღებული შტატები საქართველოსთვის დახმარების აღმოჩენას გააგრძელებს როგორც უსაფრთხოების რეფორმის გატარების, ასევე შესაძლებლობების გაძლიერების თვალსაზრისით. პენტაგონის მაღალჩინოსანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ და დასძინა, რომ რუსეთი ამ ძალისხმევას ხელს უშლის. “რუსეთის მხრიდან ამ გაყინული კონფლიქტების გაგრძელება ქვეყნის მიერ დასავლეთისკენ სვლის პროცესის გაყინვის მცდელობაა, იქნება ეს ნატო, თუ ევროკავშირი.”

სენატში გამართულ ამ მოსმენაზე კონგრესის ზედა პალატაში საქართველოს დასავლური ორიერნტაციის მიმართ ორპარტიული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოიკვეთა.

ამ ფონზე, ცოტა ხნის წინ, დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა და რესპუბლიკელმა სენატორმა ტომ ტილისმა ორპარტიული ჯგუფის მუშაობა განაახლეს, რომელიც ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან კონგრესის კავშირის განმტკიცებისთვის არის გამიზნული.

ჯგუფის ხელახლა შექმნის იდეა, სავარაუდოდ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმ წინააღმდეგობრივ კომენტარებს მოჰყვა, რომლებიც ამერიკის მხრიდან ევრო-ატლანტიკური ალიანსის მიმართ პასუხისმგებლობისა და ვალდებულების შესაძლო შემცირებას უკავშირდებოდა. გარდა ამისა, პრეზიდენტმა ტრამპმა ევროპელ მოკავშირეებში ეჭვი არაერთხელ გააჩინა ნატოს გაფართოებასთან და ალიანსის კოლექტიური თავდაცვის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით.

თავდაპირველად სენატის ეს ჯგუფი 1997 წელს დაარსდა და 10 წლიანი არსებობის განმავლობაში, ნატოს გაფართოების ბევრ რაუნდს გაუწია ზედამხედველობა.

ჯგუფის რესპუბლიკელმა თანათავმჯდომარემ, სენატორმა ტომ ტილისმა თქვა, რომ ჯგუფის აღდგენის მთავარი მიზეზი მოკავშირეებისთვის გზავნილის მიწოდებაა - შეერთებული შტატების კონგრესი ნატოს და ევროპელ პარტნიორებს მხარში უდგას. მისივე თქმით, სენატი მხარს უჭერს არა ხმოლოდ ნატოს ახალ წევრებს, არამედ მათაც, ვინც მომავალში გაწევრიანდება ალიანსში.