ასტრონომებმა პირველი ვარსკვლავების შექმნის დროინდელი სიგნალი დაიჭირეს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს ჩვენი სამყაროს წარმოშობის პერიოდისაა, დიდი აფეთქებიდან დაახლოებით 180 მილიონი წლის შემდეგ. აღმოჩენის თაობაზე მომზადებული კვლევა სამეცნიერო ჟურნალმა „ნეიჩერ“ 28 თებერვალს გამოაქვეყნა.
„ეს სამყაროზე ნებისმიერი დაკვირვების ყველაზე ადრინდელი ნიმუშია. ჰაბლს [ტელესკოპს] რომ შევადაროთ, მისი საშუალებით ვაკვირდებით პირველ გალაქტიკებს, რომლებიც სულ ნახევარი ასაკის, 400 მილიონი წლისაა“, აღნიშნავს კვლევის ხელმძღვანელი არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, კოსმოლოგი ჯად ბოუმანი. მისი ჯგუფი ციდან მომავალ ხმებს რადიო ტელესკოპებით თითქმის 20 წელიწადია უსმენს. ასტრონომ რიჩარდ ელისის აზრით, რომელიც კვლევაში არ მონაწილეობდა, ეს სიგნალი შესაძლოა დიდ აფეთქებაზე უფრო მნიშვნელოვანი იყოს, რადგან, „ჩვენც ვარსკვლავების ელემენტებით ვართ შექმნილი, ასე რომ, თვალს საკუთარ წარმომავლობას ვავლებთ“.
მართალია, აღმოჩენილი სიგნალის სიხშირე მოსალოდნელზე დაბალია, მაგრამ მეცნიერები გააკვირვა სიგნალის ზომამ, რომელიც აქამდე არსებულ ყველა მოლოდინს და შესაბამის პროგნოზს აჭარბებდა. ასტრონომების თქმით, ეს იმის ნიშანია, რომ პირველი ვარსკვლავების და გალაქტიკების შექმნის დროს, ტემპერატურა სამყაროში გაცილებით ცივი იყო, ვიდრე მათ წარმოედგინათ.
კვლევას იმავე ჟურნალში დართული აქვს სხვა მეცნიერის, რენან ბარკანას, თელ-ავივის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსის ნაშრომი. მისი აზრით, სიგნალის მოულოდნელად დიდი ზომა ბნელი მატერიის, კოსმოსის ერთ-ერთი ყველაზე ამოუცნობი მოვლენის, გავლენას უკავშირდება.
„ეს ჩვენი დარგისთვის ძალიან, ძალიან აღმაფრთოვანებელი ამბავია... არასოდეს გვინახავს პირველი ვარსკვლავების შუქი. ეს მათი ხელწერაა“, უთხრა „ვაშინგტონ პოსტს“ დამოუკიდებელმა ექსპერტმა ანასტასია ფიალკოვმა, ჰარვარდის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსმა, რომელიც ზემოთ დასახელებულ კვლევებში არ მონაწილეობდა. დამოუკიდებელი მეცნიერების ნაწილი მიიჩნევს, რომ აღმოჩენა, დადასტურების შემთხვევაში, ნობელის ორ პრემიას იმსახურებს: ერთს - სიგნალის დაჭერისთვის და მეორეს - ბნელი მატერიის არსებობის დამტკიცებისთვის.
აღმოჩენის დადასტურებისთვის, საჭიროა რომ სიგნალი ერთმა მაინც, სხვა დამოუკიდებელმა კვლევითმა ორგანიზაციამაც დააფიქსიროს. ამ შემთხვევაში მეცნიერებს, სავარაუდოდ, ექნებათ ახალი პასუხები იმაზე, თუ რა მოვლენები უძღოდა წინ ვარსკვლავების წარმოქმნას, რა შეიძლება იყოს შავი ხვრელი, ბნელი მატერია და ასე შემდეგ.
ასტროფიზიკოსები იმედოვნებენ, რომ სულ რამდენიმე წელიწადში უკეთ ეცოდინებათ, რა მოხდა სამყაროში 13.6 მილიარდი წლის წინ, დიდი აფეთქების შემდეგ. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ცივ და ბნელ სამყაროში დიდი აფეთქების შედეგად, სინათლის პირველი სხივი გაჩნდა და სამყაროს ექსპონენციალური (თანდათან უფრო აჩქარებული) გაფართოება დაიწყო.