30 000 წლის ცოცხალი, გიგანტური ვირუსი

ფიტოვირუს სიბერიკუმი - კაცობრიობისთვის ცნობილი ყველაზე დიდი ზომის ვირუსი

ნასას მისია იუპიტერის მთვარეზე, 3 600 წლის ყველი, რეკორდული ზომის ვირუსი და წლის სხვა სიახლეები რუბრიკაში „გალილეო“
ციმბირში, დაახლოებით 30 ათასი წლის ყინულქვეშ გიგანტური ვირუსი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ამერიკის ერთ-ერთ უძველეს გამოცემაში Scientific America ვკითხულობთ, რომელიც 1845 წლის შემდეგ უწყვეტად გამოდის. ვირუსი ჯერ კიდევ ცოცხალია და ზომით ბევრ ბაქტერიას აღემატება. მეცნიერების აზრით, ადამიანებისთვის ვირუსი საშიში არ არის, თუმცა დედამიწაზე ყუნულის დნობის ინტენსიურობის გათვალისწინებით, გამორიცხული არ არის, რომ პლანეტაზე სხვა ანტიკური ხანის ე.წ. პანდორა-ვირუსებიც გამოჩნდნენ, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის.

Your browser doesn’t support HTML5

აუდიო: რუბრიკა გალილეო


ახლადაღმოჩენილი ვირუსის ზომა ერთნახევარი მიკრომეტრია და სიდიდით აქამდე კაცობრიობისთვის ცნობილ ყველა ვირუსს აჭარბებს. ის ფრანგმა მეცნიერებმა, ევოლუციური ბიოლოგიის მკვლევარებმა - ჟან მიშელ კლავერიმ და ჩანტალ აბერგელმა- იპოვეს. სახელად გიგანტურ ვირუსს „ფიტოვირუს სიბერიკუმი“ უწოდეს. ეს ფრანგი წყვილის პირველი აღმოჩენა არ გახლავთ, მათ რამდენიმე გიგანტური პანდორა-ვირუსი აღმოაჩინეს, მათ შორის ერთ-ერთი პირველი 2003 წელს. ახალი აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია პირველად ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences გამოქვეყნდა.

* * *
ნასას თვალი იუპიტერისკენ უჭირავს. მარსზე მოძრავი ლაბორატორიის, „კურიოზითის“ დასმის შემდეგ, შეერთებული შტატების აერონავტიკის და კოსმოსის ეროვნული ადმინისტრაცია მისიის გაგზავნას იუპიტერის მთვარეზე -ევროპაზე- გეგმავს.

ნასას მეცნიერების აზრით, ევროპაზე მზის სისტემაში სიცოცხლის არსებობისთვის შესაძლოა დედამიწის შემდეგ ყველაზე ხელსაყრელი პირობები იყოს. პლანეტის სქელი ყინულის საფარქვეშ ოკეანის წყლის და შესაბამისად, რაიმე სიცოცხლის არსებობას, არ გამორიცხავენ. 15-მილიარდიანი ფედერალური ბიუჯეტით მისიის განხორციელება დაახლოებით 2025 წლისთვის იგეგმება. ამის შესახებ განცხადება 4 მარტს ნასას ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სააგენტოს ფინანსურმა დირექტორმა ბეტ რობინსონმა გააკეთა. მისი თქმით, „ევროპა გამოწვევებით სავსე მისია იქნება, რომელსაც ფუნქციონირება მაღალი რადიაციის ქვეშ მოუწევს, რაც გრანდიოზულ მოსამზადებელ სამუშაოებს მოითხოვს“.

* * *
ჩინეთში კაცობრიობისთვის აქამდე ცნობილ ყველაზე ძველ ყველს მიაგნეს. ყვითელი შეფერილობის ანტიკური ყველი უძველეს აკლდამებში, მუმიების სხეულში აღმოაჩინეს. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ის 3 600 წლისაა და სავარაუდოდ ჩვენს წელთ აღრიცხვამდე, 1615 წელს არის დამზადებული. ის, რასაც მეცნიერებმა ყველი უწოდეს, ჩინეთის ტაკლამაკანის უდაბნოს ქვიშაში დაფლულ სამარხშია ნაპოვნი და ძალიან ახლოსაა მაწონის შემადგენლობასთან. აღმოჩენის შესახებ ცნობას სამეცნიერო გამოცემა The Journal of Archaelogical Science იუწყება.

ჩინურ სამარხებში ნაპოვნ ცილოვან ნივთიერებას ლაბორატორიული ანალიზი გერმანიაში ჩაუტარდა. გერმანელი ქიმიკოსების აზრით, მოყვითალო ნივთიერება ე.წ. „კეფირისებრი ყველის“, რბილი, კრემოვანი სტრუქტურის მქონე ყველის უძველეს სახეობას წარმოადგენს. ცნობისთვის: თვითონ რძის ერთ-ერთი უძველესი ნარჩენები თურქეთში, თიხის ჭურჭელზე იპოვეს. მეცნიერების აზრით, ის 8 000 წლის წინანდელია. უძველესი, დაახლოებით 7 500 წლის კარაქის დასამზადებელი ხელსაწყო კი პოლონეთში აღმოაჩინეს.

* * *
და ბოლოს, კიდევ ერთი საგულისხმო აღმოჩენის შესახებ, რომელიც გამოცემა PLOS Genetics დაიბეჭდა. წარმოიდგინეთ, რომ მკვლელობის ადგილზე პოლიცია დე-ენ-ემის ნიმუშს იღებს. შემდეგ ის შესასწავლად მიაქვთ და ძალიან მალე კომპიუტერზე ეჭვმიტანილის სახეს აღადგენენ. ეს მხოლოდ ერთია იმ შედეგებიდან, რომელსაც მკვლევარები 20 მარტს გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომის საფუძველზე გვპირდებიან. მათი მეთოდოლოგიის მიხედვით, სქესის, სახის კანის, თმის ფერის, წინაპრების, გენეტიკის და სხვა მოცემულობათა შეფარდება საკმაო სიზუსტის სამგანზომილებიანი გამოსახულების შექმნის საშუალებას იძლევა.

თუკი ეს მეთოდი ფართოდ დაინერგა, მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ სხვადასხვა დანაშაულში ეჭვმიტანილთა წრე კიდევ უფრო დავიწროვდება და წარსულში ჩადენილ მრავალ გაუხსნელ დანაშაულს აეხდება ფარდა. ამ თემაზე მუშაობა 2012 წელს ერასმუსის უნივერსიტეტის ჰოლანდიელმა მეცნიერებმა, მკვლევარ მანფრედ კაიზერის ხელმძღვანელობით დაიწყეს. დე-ენ-ემის მიხედვით სამგანზომილებიანი გამოსახულების შექმნა კი ახალი კვლევის დასრულების შემდეგ გახდა შესაძლებელი, რომელსაც სათავეში პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენეტიკოსი მარკ შრივერი და ბელგიის ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის მეცნიერი პიტერ კლაესი ჩაუდგნენ.