ჟანგბადის აკუმულირება დედამიწის ზედაპირზე 3-დან 2.4 მილიარდამდე წლის წინ დაიწყო. ადრეც არსებობდა ეჭვი ტექტონიკური ქანების გადაადგილებას და ატმოსფეროს ჟანგბადით შევსებას შორის კავშირზე, მაგრამ მეცნიერებს აქამდე არ ჰქონდათ მკაფიო პასუხი იმაზე, თუ რამ გამოიწვია დედამიწაზე ჟანგბადის აფეთქება, ე.წ. ჟანგბადიზაცია.
სექტემბერში, ბრიტანული კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერთა ნაშრომის გამოქვეყნების შემდეგ, ამ ორ მოვლენას შორის კავშირი აშკარად გამოიკვეთა. ახალი კვლევა სამი მილიარდი წლის წინ დედამიწის ქერქში მომხდარი ცვლილებების შედეგად, ატმოსფეროში ჟანგბადის მასიურად გამოყოფას ადასტურებს. კანადელი მეცნიერები ფიქრობენ, რომ ტექტონიკური დისლოკაციების, ჩვენს პლანეტაზე მომხდარი ამ ერთ-ერთი ყველაზე დრამატული ცვლილებების გარეშე, ჟანგბადი შესაძლოა დედამიწის სიღრმეში გაცილებით დიდხანს დარჩენილიყო და არ არის გამორიცხული, რომ სამუდამოდ იქ დაკონსერვებულიყო.
ბრიტანული კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერთა ნაშრომი სრულიად ახალ შუქს ფენს დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენის პროცესს. მისი დეტალურად გაცნობა შესაძლებელია ჟურნალის “ნეიჩერ” სექტემბრის გამოცემაში. კვლევა დაფინანსებულია კანადის სამთავრობო ორგანიზაციის მიერ, რომელსაც ჰქვია ბუნების მეცნიერების და ინჟინერიის კვლევითი საბჭო (NSERC). საბჭო სამთავრობო გრანტებით უზრუნველყოფს სამეცნიერო კვლევებს და ეხმარება უმაღლესი განათლების მაძიებელ სტუდენტებს.
ნაშრომის ავტორები არიან გეოლოგი მეტიჯს სმიტი და მკვლევარი კლაუს მეზგერი. დედამიწაზე ჟანგბადის მასიურად გამოყოფის საიდუმლოს მათ კონტინენტურ ქანებში მიაგნეს, რომელიც მილიარდობით წელს ითვლის.
სამი მილიარდის წინ, დედამიწის ატმოსფეროში ნახშირწყალბადი და მეთანი ჭარბობდა, რაც ფოტოსინთეზის და სიცოცხლის არსებობას იმ სახით, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, თითქმის გამორიცხავდა. თითქმის - იმიტომ, რომ იმ პერიოდში, მეცნიერების აზრით, დედამიწაზე უკვე არსებობდა ბაქტერიული წარმონაქმნები.
ჩვენს პლანეტაზე მრავალფეროვანი სიცოცხლის გაჩენისთვის აუცილებელი იყო მინარევებისგან თავისუფალი ჟანგბადი, რომელიც პლანეტის ქერქის დიდ ნაწილს შეავსებდა. მეცნიერები ფიქრობენ, რომ თავიდან ჟანგბადიზაცია ოკეანეში დაიწყო, შემდეგ კი დაახლოებით 200 მილიონი წლის განმავლობაში, ე.წ. დიდი ჟანგბადიზაციის პერიოდში, დედამიწის ატმოსფერო ჟანგბადით მასშტაბურად შეივსო. ამ მოვლენას ზოგან ჟანგბადის რევოლუციასაც უწოდებენ.
დაახლოებით იმავე პერიოდს ემთხვევა ტექტონიკური დისლოკაციები და კონტინენტების კომპოზიციის ცვლა. ამ ორ მოვლენას შორის კავშირის დამტკიცების მიზნით, სმიტმა და მეზგერმა მილიარდობით წლის სიძველის ქანების 48, 000-ზე მეტი ნიმუში შეისწავლეს. “აღმოჩნდა, რომ კონტინენტების კომპოზიციის გასაოცარი ცვლილება და ოკეანეში ჟანგბადის აკუმულირება ერთდროულად მოხდა” - ამბობს სმიტი უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალაში.
მისი თქმით, ჟანგბადიზაციის პერიოდამდე კონტინენტები მაგნეზიუმით მდიდარი ქანებისგან შედგებოდნენ, რომლებშიც ძალიან დაბალი იყო სილიციუმის შემადგენლობა (სილიციუმი წყალბადის და ჟანგბადის შემდეგ, დედამიწაზე ყველაზე მეტად გავრცელებული ქიმიური ელემენტია). დაახლოებით იგივე კომპოზიტებისგან შემდგარი ქანების პოვნა დღეს ისლანდიაშიც შეიძლება. სამი მილიარდი წლის წინ კლდეებში ასევე დიდი რაოდენობით იყო მინერალი ოლივინი. ის წყალთან კონტაქტის დროს ისეთ ქიმიურ რეაქციაში შედის, რომლის დროსაც ჟანგბადი შთაინთქმება. ტექტონიკურმა გადაადგილებებმა დიდი როლი ითამაშა ოლივინის შემცირებაშიც და ჟანგბადის მეტად გამოთავისუფლებაში.
“სწორედ ეს იყო საწყისი ეტაპი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა სიცოცხლის დივერსიფიცირებას” ამბობს სმიტი. “ამ ცვლილების შემდეგ, დედამიწა კომპლექსური სიცოცხლის ევოლუციისთვის გაცილებით ხელსაყრელ ადგილად გადაიქცა”.