ამერიკელების 64% მხარს უჭერს საპროტესტო აქციებს - უახლესი გამოკითხვები რუბრიკაში „გალილეო“

გამოკითხული ამერიკელების უმრავლესობა მხარს უჭერს საპროტესტო აქციების დიდ ტალღას, რომელმაც ქვეყანა 10 დღეზე მეტია, მოიცვა. ამას შეერთებულ შტატებში ამ კვირის განმავლობაში ჩატარებული რამდენიმე სხვადასხვა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ადასტურებს.

"როიტერი"

ერთ-ერთი მათგანის ავტორები არიან სააგენტო „როიტერი“ და საკონსულტაციო-კვლევითი ორგანიზაცია „იფსოსი“. საზოგადოებრივი აზრის კვლევა აჩვენებს, რომ გამოკითხულების უმრავლესობას არ მოსწონს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის რეაქცია შეუიარაღებელი შავკანიანი მამაკაცის სიკვდილის ფაქტზე და ამ ამბავს მოყოლილ მასობრივ დემონსტრაციებზე.

გამოკითხვის მიხედვით, ამერიკელების 64% „თანაუგრძნობს იმ ადამიანებს, ვინც ახლა საპროტესტო აქციებში მონაწილეობს“. 27 პროცენტი არ თანაუგრძნობს, და 9 პროცენტს პასუხის გაცემა უჭირს.

გამოკითხულების 55 პროცენტს არ მოსწონს (აქედან 40%-ს ძალიან არ მოსწონს) ის, თუ როგორ გაართვა სიტუაციას თავი პრეზიდენტმა. ამერიკელების მხოლოდ მესამედი ამბობს, რომ საპროტესტო აქციებზე ტრამპს სწორი რეაგირება ჰქონდა.

ზოგადად, პრეზიდენტის საქმიანობა გამოკითხულების 39%-ს მოსწონს. „როიტერის“ გამოკითხვა ასევე აჩვენებს, რომ დემოკრატთა სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატის ჯო ბაიდენის რეიტინგი ტრამპის რეიტინგზე 10%-ით უფრო მაღალია.

გამოკითხული დემოკრატების და რესპუბლიკელების უმრავლესობა მხარს უჭერს მშვიდობიან დემონსტრაციებს, თუმცა თვლის, რომ ქონების დაზიანება და ვანდალიზმი დემონსტრაციის იდეას და აზრს ძირს უთხრის. მეოთხედზე ნაკლებს მიაჩნია, რომ აქციებზე ძალადობა მისაღებია.

დემოკრატებს და რესპუბლიკელებს შორის, გამოკითხვამ განსხვავებული შედეგი აჩვენა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად სწორი იყო პოლიციის რეაქცია. მთლიანობაში, გამოკითხულთა 43% პოლიციის მუშაობით კმაყოფილია, 47% - უკმაყოფილო. დემოკრატებს შორის უმრავლესობა პოლიციის რეაქციას აკრიტიკებს, რესპუბლიკელებში კი უმრავლესობა პოლიციას ამართლებს.

„როიტერის“ და „იფსოსის“ გამოკითხვა სამშაბათს გამოქვეყნდა. მათ მთელი ქვეყნის მასშტაბით 1 000-ზე მეტი ზრდასრული ამერიკელი გამოკითხეს. ცდომილების ზღვარი 4 პროცენტამდეა.

"ენ-პი-არი" (NPR) და "ფი-ბი-ესი" (PBS)

ორი საზოგადოებრივი მაუწყებლის - „ენ-პი-არის“ და „ფი-ბი-ესის“ - მიერ, მარისტის კოლეჯთან ერთად ჩატარებული გამოკითხვაც, რომელიც ყველაზე ახალია, მსგავს შედეგებს აჩვენებს. გამოკითხული ამერიკელების 67% ტრამპის ქმედებით უკმაყოფილოა და ამბობს, რომ პრეზიდენტმა კიდევ უფრო გააღრმავა რასობრივი დაძაბულობები.

რუთ ტალბოტი, NPR

სხვადასხვა ჯგუფებში ამავე აზრისაა: დემოკრატების 92%, დამოუკიდებელი ამომრჩევლის 73%, შავკანიანი ამერიკელების 88% და თეთრკანიანების 63%. უმრავლესობა, ყოველი 10 რესპუბლიკელიდან 6 იზიარებს იგივე მოსაზრებას. გამოკითხულთა მხოლოდ 18% მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა რასობრივი დაძაბულობა შეამცირა. ამ ბოლო მოსაზრებას ემხრობა რესპუბლიკელების მხოლოდ 41%.

რაც შეეხება პრეზიდენტის პოპულარობას, ამ გამოკითხვაშიც 50%-იანი რეიტინგით, წინ ბაიდენია. ტრამპს 43 პროცენტი აქვს. თუმცა, ცდომილების ზღვრის გათვალისწინებით, ეს არც იმდენად დიდი უპირატესობაა, როგორც „როიტერის“ გამოკითხვაში. მთლიანად, ეროვნული მასშტაბით ივნისში ჩატარებულ გამოკითხვებში, ბაიდენი 3-დან 11 პროცენტამდე უპირატესობას ფლობს.

„ენ-პი-არის“, „ფი-ბი-ესის“ და მარისტის კოლეჯის ერთობლივი გამოკითხვა პარასკევს, 5 ივნისს გამოქვეყნდა. მასში ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. ცდომილების ზღვარია 3.8 პროცენტი.

"ვაშინგტონ პოსტი"

აღსანიშნავია ისიც, რომ ამერიკელები, განსაკუთრებით კი ფერადკანიანები, პრეზიდენტ ტრამპს რასისტულ განწყობებს ადრინდელ გამოკითხვებშიც სწამებდნენ. ასე მაგალითად, იანვარში, „ვაშინგტონ პოსტის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ფერადკანიანების 83% თვლიდა, რომ ის რასისტია.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვაში მონაწილე ფერადკანიანების 65% ამბობდა, რომ ახლა ამერიკაში საცხოვრებლად „ცუდი დროა“, მაშინ როცა თეთრკანიანების 77% აცხადებდა, რომ ახლა მათთვის „კარგი დროა“, რომ იყო თეთრკანიანი ამერიკაში. მთლიანობაში, პრეზიდენტ ტრამპის საქმიანობა ფერადკანიან ამერიკელთა შორის, ყოველი ათიდან ცხრას არ მოსწონდა.

"აქსიოსი"

საინტერესოა გამოცემა „აქსიოსის“ და საკონსულტაციო-კვლევითი ორგანიზაცია „იფსოსის“ ერთობლივი გამოკითხვაც. მან სამართალდამცავებთან დაკავშირებით, სხვადასხვა რასის ამერიკელებში, ერთმანეთისგან დრამატულად განსხვავებული მოსაზრებები დააფიქსირა.

თეთრკანიანი ამერიკელების 77% ადგილობრივ პოლიციას ენდობა, მაშინ როცა ფერადკანიანების მხოლოდ 36% უცხადებს ნდობას სამართალდამცავებს. განსხვავებაა ასაკობრივ ჯგუფებშიც: პოლიციას ახალგაზრდების მხოლოდ ნახევარი ენდობა, ხანდაზმულებში კი - 80%. რესპუბლიკელებში ნდობა 78 პროცენტია, დემოკრატებში - 63%.

„აქსიოსის“ და „იფსოსის“ ერთობლივ გამოკითხვაში ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. ის 2 ივნისს გამოქვეყნდა. ცდომილების ზღვარი: 3.2%.