ახალგაზრდა მშობლებს, უცხო ენის სწავლა და მუსიკაზე სიარული, შეიძლება მათი შვილების აღზრდაში აქტიურად ჩაბმული ბებიების ახირება ეგონოთ, მაგრამ ეს ასე (ან, მარტო ასე) არ არის. ერთ-ერთი უახლესი კვლევის მიხედვით, მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა და უცხო ენაზე საუბარი ადამიანის თავის ტვინს გაცილებით უფრო ეფექტურად მუშაობაში ეხმარება.
ასეთი დასკვნა გამოიტანეს კანადელმა მეცნიერებმა ბეიკრესტის ერთ-ერთ კვლევით ინსტიტუტში ჩატარებული ექსპერიმენტის შემდეგ. ბეიკრესტის საავადმყოფო ტორონტოს უნივერსიტეტის სასწავლო ცენტრსაც წარმოადგენს.
ექსპერიმენტში მონაწილე ადამიანებს შორის გამოირჩეოდნენ მუსიკოსები და ორ ენაზე მოსაუბრეები. მათ ერთი და იმავე დავალების შესრულებისთვის გაცილებით ნაკლები გონებრივი აქტივობა სჭირდებოდათ, ვიდრე იმ ადამიანებს, ვინც ერთ ენაზე საუბრობდა და არცერთ მუსიკალურ ინსტრუმენტს არ ფლობდა.
კვლევაში 19-დან 35 წლამდე ადამიანები მონაწილეობდნენ. ისინი სამ კატეგორიად დაყვეს: ინგლისურად მოსაუბრე არამუსიკოსები; მუსიკოსები, რომლებიც მხოლოდ ინგლისურად საუბრობდნენ და ორ ენაზე მოსაუბრე ადამიანები, რომლებიც არცერთ ინსტრუმენტს არ ფლობდნენ.
ის, რომ ენების სწავლა უკეთეს მეხსიერებასთან არის კავშირში, მეცნიერებმა დიდი ხანია იციან, მაგრამ ამ პროცესის დამაჯერებლად ახსნა ჯერჯერობით ვერავინ შესძლო. ამიტომ, მკვლევარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კანადელებმა სამ ჯგუფად დაყოფილ ადამიანთა თავის ტვინში მიმდინარე კონკრეტული აქტივობების ვიზუალურად დოკუმენტირება შეძლეს.
ბეიკრესტის მეცნიერებმა აჩვენეს, რომ დავალების მიცემისას, სხვადასხვა უნარების მქონე ადამიანების თავის ტვინში, სხვადასხვა ინტენსივობით, განსხვავებული უბნები აქტიურდება. “ჩვენთან მიღებულმა შედეგებმა დაადასტურა, რომ ადამიანის გამოცდილებას, მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრის სწავლა იქნება ეს, თუ სხვა ენის დაუფლება, თავის ტვინის ფუნქციების ჩამოყალიბება შეუძლია და იმის გადაწყვეტა, თუ რომელი ქსელები გამოიყენოს ამისთვის” - ამბობს კლოდ ელეინი, ნაშრომის წამყვანი ავტორი და ბეიკრესტში როტმანის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი.
ნაშრომის ავტორები ვარაუდობენ, რომ ამ ფაქტორმა შესაძლოა მუსიკალური განათლების მქონე და ენების მცოდნე ადამიანები ასაკის მატებასთან ერთად, მეტად დაიცვას. ისინი არ გამორიცხავენ, რომ მუსიკის და ენების სწავლით შეძენილმა უნარებმა მათში კოგნიტური უკუსვლის და დემენციის დასაწყისის შეყოვნებაც გამოიწვიოს.
კვლევა დააფინანსა კანადის ჯანდაცვის და ბუნების მეცნიერებათა კვლევის ინსტიტუტმა და კანადის ინჟინერიის კვლევის საბჭომ. ნაშრომის დეტალების გაცნობა შესაძლებელია "ნიუ-იორკის სამცნიერო აკადემიის ჟურნალის" მაისის გამოცემაში. კლოდ ალანთან ერთად, მისი ავტორები არიან: იაშა ხატამიანი, იუ ჰე, უინჯო ლი, სალივან მორენო, ადა ლენგი და ელენ ბალისტოკი.