ვაშინგტონი, 2 მარტი: შეერთებული შტატების პრევენციული მომსახურების სამუშაო ჯგუფმა ახალი რეკომენდაცია გამოსცა. რისკების, ღვიძლის პრობლემების ან ჩივილების ქონა/არქონის მიუხედავად, C ჰეპატიტის ინფექციაზე ყველა ზრდასრული ადამიანი უნდა გაესინჯოს, 18 წლიდან დაწყებული, 79 წლამდე - აცხადებენ სპეციალისტები.
C ჰეპატიტი ღვიძლის ვირუსული ინფექციაა, რომელიც გაცილებით მეტ სიკვდილის შემთხვევასთან ასოცირდება, ვიდრე 60 ყველაზე მაღალი რისკის მქონე ინფექციური დაავადება ერთად აღებული, შიდსის ჩათვლით. მისი გავრცელების ძირითადი წყაროა ინფიცირებული ადამიანის სისხლი, რომელიც არაინფიცირებული ადამიანის სხეულში ხვდება.
C ჰეპატიტის მკურნალობის ახალი ფორმები გაცილებით ნაკლებად მავნებელია, ვიდრე ადრე არსებული საშუალებები და ბევრად უფრო ეფექტურიც - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ ორშაბათს გავრცელებულ პრესრელიზში. ამავე დროს, C ჰეპატიტის გართულებებს შორის ისეთ სერიოზულ დაავადებებს ასახელებენ, როგორიცაა ღვიძლის ციროზი და ღვიძლის კიბო.
ღვიძლის ამ ქრონიკული დაავადების ერთ-ერთი მთავარი რისკ-ფაქტორი წარსულში, ან აწმყოში ნარკოტიკების მოხმარებაა. თუმცა, C ჰეპატიტის გადადების ბევრი სხვა გზაც არსებობს, განსაკუთრებით - განვითარებად ქვეყნებში. შეერთებულ შტატებში ანალიზის აღებას ურჩევენ მათაც, ვინც სამედიცინო დაწესებულებებში, ან საგანგებო დახმარების ჯგუფებში მუშაობს, აქვს ტატუ, ან წარსულში ორგანოს ტრანსპლანტაციის ოპერაცია აქვს გაკეთებული.
შეერთებულ შტატებში იფექცია დღეს დაახლოებით 4.1 მილიონ ადამიანს აქვს. ინფიცირებულთა რაოდენობა განსაკუთრებით გაიზარდა 2010 წლის შემდეგ. ვარაუდობენ, რომ C ჰეპატიტის ინფექცია ამერიკაში ბოლო დეკადაში თითქმის გაოთხმაგდა. ზრდა ყველაზე მეტად აღინიშნება თეთრკანიან მამრ მოსახლეობაში.
პრობლემა იმაშია, რომ ინფიცირებული ადამიანი დაავადების სიმპტომებს შეიძლება დიდხანს ვერ გრძნობდეს. „C ჰეპატიტის მქონე ადამიანი თავს შეუძლოდ ყოველთვის არ გრძნობს და შეიძლება არც კი იცოდეს, რომ ის ინფიცირებულია“ - ამბობს სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, ექიმი დუგლას ოუვენსი. „ანალიზის აღებას ინფექციის დროულად აღმოჩენისთვის წამყვანი მნიშვნელობა აქვს, რადგან ამ ეტაპზე მისი მკურნალობა და მორჩენა იოლია, რაც დაავადების გავრცელების და სიკვდილიანობის შემცირებას უწყობს ხელს“ - აღნიშნავს ის.
რეკომენდაცია ორსულ ქალებსაც ეხება. ბოლო მონაცემებით, ფეხმძიმეებს შორის C ჰეპატიტის ინფექცია უკანასკნელ წლებში გაორმაგებულია. 68%-ით გაიზარდა ინფიცირების შემთხვევები ახალშობილებშიც, რაც უმეტესად ინფიცირებული დედების მიზეზით ხდება.
რაც შეეხება ანალიზების ინტენსივობას: ზრდასრულების უმეტესობას ანალიზის აღება მხოლოდ ერთხელ დასჭირდება. მაღალი რისკის მქონე ჯგუფებში, ანალიზის აღება პერიოდულად, ინტერვალებით უნდა მოხდეს. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ახალი ტესტები არაინვაზიური და ნაკლებ სარისკოა.
ამერიკელი ექიმების რეკომენდაცია 2 მარტს გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალში „ჯამა“ (JAMA), რომელსაც ამერიკის სამედიცინო ასოციაცია გამოსცემს და ასევე შეერთებული შტატების პრევენციული მომსახურების სამუშაო ჯგუფის ვებგვერდზე. მასში ნათქვამია, რომ რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით, ანალიზის აღება 18 წლამდე ასაკშიც არის რეკომენდებული.
პრევენციული მომსახურების სამუშაო ჯგუფი ამერიკელი სპეციალისტების დამოუკიდებელ პანელს წარმოადგენს. მათი დასკვნები მტკიცებულებაზე დაფუძნებულ მედიცინას ეყრდნობა და მიზნად ისახავს რეკომენდაციების შემუშავებას ამერიკელი მოსახლეობის ჯანდაცვის და მათი პრევენციული მომსახურების გაუმჯობესებისთვის, როგორიცაა ანალიზები, კონსულტაციები და საპრევენციო მედიკამენტები.