შეერთებული შტატების მზის ეროვნულმა ობსერვატორიამ, რომელიც კოლორადოს შტატის ქალაქ ბოლდერში მდებარეობს, 29 იანვარს გამოაქვეყნა მზის ახალი, აქამდე უხილავი, უპრეცედენტოდ დეტალური გამოსახულებები. ფოტოები და ვიდეოები ახლადგახსნილ, ჰავაიზე მდებარე მეცნიერებათა ეროვნული ფონდის მზის ტელესკოპის საშუალებით გადაიღეს.
მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს ტელესკოპი, რომელიც მაუიში მდებარეობს, სოლარულ მეცნიერებაში, მზის აქტივობის ახსნაში და დედამიწაზე მისი გავლენის შესწავლის საქმეში, სრულიად ახალი სიტყვა იქნება. ტელესკოპით გადაღებულ ვიდეოზე კარგად ჩანს პლაზმის ტურბულენტური „მდუღარე თუხთუხის“ პროცესი, რომლითაც მზის მთელი ზედაპირია დაფარული.
Your browser doesn’t support HTML5
„მას შემდეგ, რაც ამ ტელესკოპზე მუშაობა დავიწყეთ, სულმოუთქმელად ველოდით ახალ გამოსახულებებს“ - თქვა ფრანს კორდოვამ, მეცნიერებათა ეროვნული ფონდის დირექტორმა. „ჩვენ ახლა შეგვიძლია ეს ფოტოები და ვიდეოები გაგიზიაროთ, რომლებიც ყველაზე დეტალურია აქამდე არსებულ გამოსახულებებს შორის.
სოლარული ტელესკოპი შეძლებს მზის გვირგვინის შიგნით მაგნიტური ველების მონახაზის შექმნას, სადაც მზის აფეთქებები ხდება და რომელსაც შეუძლია გავლენა იქონიოს დედამიწის ცხოვრებაზე. ეს ტელესკოპი გააღრმავებს ჩვენს ცოდნას მზეზე, გააუმჯობესებს ცოდნას კოსმოსურ ამინდზე და დაგვეხმარება სოლარული შტორმების პროგნოზირებაში“ - თქვა მან.
დედამიწაზე სიცოცხლის არსებობის და გაგრძელებისთვის, მზე კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ის ჩვენი უახლოესი ვარსკვლავია, გიგანტური ბირთვული რეაქტორი, რომელიც ყოველ წამში დაახლოებით 5 მილიონ ტონა წყალბადის საწვავს წვავს. მეცნიერები ფიქრობენ, რომ მზე ასე სულ ცოტა 5 მილიარდი წლის მანძილზე იქცეოდა და მსგავსი პროცესები სავარაუდოდ, კიდევ 4.5 მილიარდი წელი გააგრძელდება.
სოლარულმა მეცნიერებამ ძალიან ცოტა რამ იცის დედამიწისთვის ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ვარსკვლავის შესახებ. „დედამიწაზე წვიმის ალბათობას თითქმის ნებისმიერ ადგილზე, ძალიან ზუსტად განვსაზღვრავთ, მაგრამ კოსმოსური ამინდი ჯერ ამ სიმაღლეებთან ახლოს არ არის“ - თქვა მეტ მაუნთინმა. ის ასტრონომიის კვლევის უნივერსიტეტთა ასოციაციის პრეზიდენტია და ჰავაიზე მდებარე მზის ტელესკოპის მენეჯერიც არის.
მეტ მაუნთინის თქმით, დღეს მათი პროგნოზები დროს სულ ცოტა, 50 წლით ჩამორჩება. მეცნიერი ფიქრობს, რომ აუცილებელია კოსმოსური ამინდის და მისი განმსაზღვრელი ფიზიკური მოვლენების უკეთ შესწავლა, რაც მომდევნო დეკადებში უნდა მოხდეს. დადასტურებულია, რომ მაგალითად 2017 წელს, კოსმოსური ამინდის გამო, რადიო-კომუნიკაცია შეწყდა და საავიაციო და საზღვაო მიმოსვლა 8 საათით შეჩერდა.
ტელესკოპი ამინდის უკეთ პროგნოზირებასაც შეუწყობს ხელს. თუ მეცნიერები უკეთ შეისწავლიან კლიმატური კატაკლიზმების წარმოშობის მიზეზებს, მათი პროგნოზირება 48 საათით ადრე მოხდება. დღევანდელ სტანდარტთან შედარებით, რაც შტორმამდე 48 წუთს უდრის, პროგნოზირების ახალი შესაძლებლობა სიტუაციის მართვას გაცილებით გააიოლებს. შესაბამისად, ინფრასტრუქტურის და სატელიტების მომზადებაც წინასწარ იქნება შესაძლებელი.
ჰავაიზე დამონტაჟებული ახალი ტელესკოპის სარკე დაახლოებით 4 მეტრია. ეს მსოფლიოს უდიდესი მზის ტელესკოპია, რომელიც მზის ბატარეებზე ოპერირებს. მის შექმნაზე მეცნიერები თითქმის 20 წელი მუშაობდნენ.
ტელესკოპი ჰავაის ყოფილი სენატორის, დენიელ ინოეის სახელს ატარებს, რომელიც 2012 წელს გარდაიცვალა. სენატორს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ ჰავაი ასტრონომიის ერთ-ერთ უძლიერეს ცენტრად გადაიქცა.
ტელესკოპი ჰალეაკალას ვულკანზეა დამონტაჟებული, რომელიც ჰავაის კუნძულ მაუის წარმოშობას უკავშირდება. თავად ჰალეაკალა ჰავაურად მზის სახლს ნიშნავს. საინტერესოა ისიც, რომ ტელესკოპის ქვეშ რამდენიმე კილომეტრის სიგრძის სადენებია, რომელიც მის გაგრილებას ემსახურება.
„ეს პირველი გამოსახულებები ჯერ მხოლოდ დასაწყისია“, ამბობს დევიდ ბობოვილცი, მეცნიერებათა ეროვნული ფონდის დირექტორი, რომელიც ტელესკოპის აგებას ხელმძღვანელობდა. მისი ვარაუდით, „პირველი 5 წლის მანძილზე ახალი ტელესკოპი გაცილებით მეტ ინფორმაციას შეაგროვებს მზეზე, ვიდრე კაცობრიობას აქვს მოპოვებული მას შემდეგ, რაც გალილეომ 1612 წელს, მზეს ტელესკოპი პირველად მიუშვირა“.