ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გიგანტური მეტეორის დედამიწასთან შეჯახების კატაკლიზმური შედეგები შეისწავლეს. როგორც ისინი ამბობენ, ციური სხეული ევერესტის მთის ზომას დაახლოებით ოთხჯერ აღემატებოდა.
პლანეტასთან მეტეორის ძალისმიერმა შეჯახებამ ოკეანის ფსკერი გახეთქა, წყალი აადუღა, არნახული ზომის ცუნამი გამოიწვია და ოკეანის დიდი ნაწილი ააორთქლა. წარმოქმნილმა გიგანტურმა ღრუბელმა პლანეტის მოზრდილ ფართობზე მზეც კი დააბნელა. თუმცა, წარმოუდგენლად დამანგრეველ შედეგებთან ერთად, ირკვევა, რომ ამ ფაქტმა დედამიწაზე ბაქტერიების გამრავლებასა და სიცოცხლის განვითარებასაც შეუწყო ხელი.
ციური სხეული S2 პირველად 2014 წელს აღმოაჩინეს. ასტეროიდული წარმოშობის ეს უზარმაზარი კლდოვანი ნაწილი დღევანდელი სამხრეთ აფრიკის ტერიტორიაზე მდებარეობს.
ჰარვარდის უნივერსიტეტის გეოლოგის, პროფესორ ნადია დრაბონის მეთაურობით, მკვლევართა ჯგუფი სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრა. ბარბერტონის გრინსტოუნის სარტყლის ტერიტორიაზე ისინი დედამიწასთან ამ ერთ-ერთი უძველესი ასტეროიდის შეჯახების შედეგებს სწავლობდნენ. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ეს ადგილი დედამიწაზე სიცოცხლის პირველად ფორმებს, ფოტოსინთეზურ მიკრობულ წარმონაქმნებს ინახავს.
სამეცნიერო ნაშრომის მიხედვით, მეტეორ S2-ის რადიუსი 40-60 კილომეტრი იყო. მისი მასა კი სავარაუდოდ, 50-დან 200-ჯერ აღემატებოდა მეორე ცნობილი მეტეორის, K-Pg-ის მასას, რომლის რადიუსიც 10 კილომეტრამდეა და რომელსაც მეცნიერები 66 მილიონი წლის წინ, დედამიწაზე დინოზავრთა მთელი სახეობების ამოწყვეტას უკავშირებენ.
S2-ის შეჯახება დედამიწასთან მილიარდობით წლის უკან მოხდა, დაახლოებით 3.26 მილიარდი წლის წინ - გაცილებით ადრე, ვიდრე პლანეტაზე სიცოცხლის ის სახეობები გაჩნდებოდა, რომელთაც დღეს ჩვენ გარშემო ვხედავთ. დედამიწა მაშინ სულ სხვაგვარად გამოიყურებოდა, ის გაცილებით მეტად იყო წყლით დაფარული, ხმელეთი მხოლოდ აქა-იქ, კანტიკუნტად იყო წყლიდან ამოზიდული, სიცოცხლე კი უმარტივესი, ერთუჯრედიანი მიკროორგანიზმებით შემოიფარგლებოდა.
პროფესორ ნადია დრაბონის გუნდი სამხრეთ აფრიკაში სამჯერ ჩავიდა. ისინი კლდის ნიმუშებს აგროვებდნენ და მათზე დარჩენილ კვალს სწავლობდნენ. ეროვნული პარკის ველურ ბუნებაში მეცნიერები შეიარაღებული დაცვის თანხლებით გადააადგილდებოდნენ, კლდოვანი მთის ყველაზე მიუვალ ადგილებს იკვლევდნენ და ეძებდნენ დიდი ხნის საიდუმლოს შემცველ კლდის ფრაგმენტებს. ზოგჯერ თვითონაც ამტვრევდნენ კლდის ზედაპირს და ამ გზით ლაბორატორიაში ასობით კილოგრამი ნიმუში ჩაჰქონდათ. ნალექის, გეოქიმიისა და ნახშირბადის იზოტოპურ კომპოზიტთა ნარჩენების შესწავლის გზით, დრაბონმა კოლეგებთან ერთად, აქამდე არსებულთა შორის, ყველაზე დამაჯერებელი სურათი დახატა იმისა, თუ რა მოხდა იმ დღეს დედამიწაზე, როდესაც ჩვენს პლანეტას დაახლოებით ლონდონის ზომის მეტეორი შეეჯახა.
„წარმოიდგინეთ, რომ თქვენ დგახართ კეიპ-კოდის სანაპიროზე, მეჩხერწყლიან ნაწილში. ეს არის დაბალი ენერგიის გარემო, სადაც ძლიერი დინება და ტალღები არ არის. მოულოდნელად გიგანტური ცუნამი ამოიფრქვევა, რომელიც ზღვის ფსკერის ჩარღვევის შედეგად წარმოშვა“, - უთხრა დრაბონმა ჰარვარდის უნივერსიტეტის გამოცემას „ჰარვარდ გაზეტე“.
სიმხურვალემ წყლის ზედაპირი ათეულობით მეტრის სიმაღლეზე აადუღა და წყლის დიდი ნაწილი მალე ააორთქლა კიდეც. ოკეანის თავზე ატმოსფერო უკიდურესად გაცხელდა, სავარაუდოდ, ტემპერატურამ 100 გრადუსით მაინც მოიმატა. მტვრის და ორთქლის ნაწილაკების სიხშირემ იმდენად სქელი ღრუბელი წარმოშვა, რომ გარშემო უკუნი სიბნელე ჩამოწვა. მარტივმა ორგანიზმებმა, რომლებიც ამ პერიოდისთვის კონტინენტის ხმელეთზე და მის მეჩხერ წყლებში ცხოვრობდნენ, არსებობა შეწყვიტეს, ვინაიდან ფოტოსინთეზის პროცესი იქ სრულებით მოიშალა.
ეს ყოველივე სიახლე არ არის. მსგავსი მოვლენები გეოლოგებმა სხვა დიდი მეტეორების შემთხვევაშიც აღწერეს, მათ შორის S2-ის, რომლის დედამიწაზე ჩამოვარდნაც დინოზავრთა ამოწყვეტის პერიოდს ემთხვევა. უფრო გასაოცარი პროფესორ დრაბონის ნაშრომში ისაა, რომ როგორც კლდის ნატეხების ქიმიური ანალიზი აჩვენებს, ძალისმიერმა მოვლენებმა, სანაპიროს მყუდრო ცხოვრებაში შეტანილმა ამ კატაკლიზმურმა გარდატეხამ გარემოში ისეთი ნუტრიენტების დაგროვება გამოიწვია, როგორიცაა ფოსფორი და რკინა, რაც გადარჩენილმა მარტივმა ორგანიზმებმა საკვებად გამოიყენეს და გადარჩნენ.
ცუნამის დახმარებით, რკინამ ოკეანის სიღრმიდან ნაპირებისკენ, მეჩხერ წყლებშიც გადაინაცვლა. ფოსფორს რაც შეეხება, ის დედამიწას თავად მეტეორმა მიაწოდა, ხმელეთის ეროზიასთან ერთად. საბოლოო ჯამში, როგორც ირკვევა, მიკროორგანიზმებმა არამარტო დიდი გამძლეობა გამოიჩინეს, არამედ ამ კატაკლიზმების შემდეგ, ერთუჯრედიანი ორგანიზმები დედამიწაზე კიდევ უფრო გამრავლდნენ.
როგორც წესი, მეტეორის ჩამოვარდნის დროს მომხდარ “მსგავს მოვლენებს სიცოცხლისთვის კატასტროფის მომტანად მივიჩნევთ”, - ამბობს პროფესორი დრაბონი. “თუმცა, ეს კვლევა ხაზს უსვამს იმას, რომ მათი ზემოქმედება სიცოცხლისთვის სასარგებლო უნდა ყოფილიყო, განსაკუთრებით - ადრეულ ხანაში და მათ გზა შესაძლოა, სიცოცხლის აყვავებასაც კი მისცეს”.
ნადია დრაბონთან ერთად, ნაშრომის ავტორები არიან: ენდრიუ კნოლი, დონალდ ლოუი, სტეფანო ბერნასკონი, ალეკ ბრენერი და დევიდ მუკიარონე. კვლევა შეერთებული შტატების მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალში (PNAS - Proceedings of the National Academy of Sciences) 21 ოქტომბერს გამოქვეყნდა.