ქალთა მიმართ ძალადობა ეროვნების, რასის, რელიგიური კუთვნილების, თუ სოციალური მდგომარეობის მიუხედავად, მთელ მსოფლიოში აქტუალური თემაა. 25 ნოემბერს თბილისის ცენტრში ამასთან დაკავშირებით საგანგებო აქცია გაიმართა. „ამერიკის ხმის“ რუბრიკა „გალილეო“ დღეს ქალთა მიმართ განხორციელებული ძალადობის გლობალურ სტატისტიკაზე და მასთან ბრძოლის საერთაშორისო გამოცდილებაზე ისაუბრებს.
„დაარღვიე დუმილი. როდესაც ქალების და გოგონების წინააღმდეგ ძალადობას შეესწრები, განზე ნუ გადგები. იმოქმედე“. ბან კი მუნის, გაეროს გენერალური მდივნის სიტყვები იმ აუცილებელ ნაბიჯებს უსვამს ხაზს, რაც სპეციალისტების აზრით, ქალთა მიმართ განხორციელებული ძალადობის წინააღმდეგ უნდა გადაიდგას. თუმცა, ამაზე მოგვიანებით.
2001-2012 წლებში ქმრების, ყოფილი ქმრების, ან მეგობარი მამაკაცების ხელით ამერიკაში 11 766 ქალი გარდაიცვალა. თითქმის ორჯერ მეტი, ვიდრე ავღანეთში მიმდინარე სამხედრო კამპანიაში. შეერთებულ შტატებში ქალთა წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას დიდი ხანია ებრძვიან, როგორც საზოგადოებაში ცნობადობის ამაღლებით, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობით, ისე საკანონმდებლო აქტებით. მაგრამ კულტურაში ღრმად გადგმული ფესვების მქონე პრობლემის აღმოფხვრა საკმაოდ რთული ამოცანა აღმოჩნდა.
წელს ზუსტად 20 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც კონგრესმა მაშინდელი სენატორის -ჯო ბაიდენის- ინიციატივით მომზადებული ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ მიმართული საკანონმდებლო აქტი დაამტკიცა. კანონის მიღებიდან იუსტიციის დეპარტამენტის მონაცემებით ოჯახური ძალადობა ქვეყანაში თითქმის 70 პროცენტით შემცირდა. „ეს 20 წლის წინ არსებულ სიტუაციასთან შედარებით მონუმენტური ცვლილებაა“ განაცხადა ჟურნალ „თაიმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ახლა უკვე ვიცე-პრეზიდენტმა ბაიდენმა. „თუმცა, კარგად ვიცით, რომ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ძალიან ბევრია“ - დასძინა მან.
ბაიდენის სიტყვების სიმართლეში ბოლო სტატისტიკური მონაცემებითაც ვრწმუნდებით: ამერიკაში დღეში 3 ქალი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ხდება; ფიზიკური ძალადობა წელიწადში საშუალოდ 4 მილიონ 800 ათასამდე ქალზე ხორციელდება; ყოველ 9 წამში ერთ ქალს სცემენ; ორსული ქალების სიკვდილიანობის (მათ შორის თვითმკვლელობის) წამყვანი მიზეზი პარტნიორი მამაკაცის მხრიდან განხორციელებული ძალადობაა; სიკვდილიანობის 70-ჯერ მეტი შანსი აქვთ ქალებს, რომლებიც ქმარს ტოვებენ, თანაც პირველი რამდენიმე კვირის მანძილზე; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებზე ძალადობის განხორციელების შანსი 40 პროცენტით მეტია, შავკანიან ქალებში -35 პროცენტით მეტი; ყველაზე დიდია რისკი 20-დან 24 წლამდე ასაკის ქალებში; ძალადობა მამაკაცებზე და ბიჭებზეც ხორციელდება, თუმცა, გაცილებით ნაკლები რაოდენობით. ამერიკაში ოჯახური ძალადობის მსხვერპლთაგან 85 პროცენტი მდედრობითი სქესისაა, 15 - მამრობითი.
რაც შეეხება მდგომარეობას მთელ მსოფლიოში: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გლობალურად, ცხოვრების რომელიმე ეტაპზე მაინც ოჯახური ძალადობა ქალთა უმეტეს ნაწილზე, 70 პროცენტზე განხორციელებულა; ქალების 98 პროცენტი ფინანსური ძალადობის მსხვერპლია. სწორედ ფინანსური ძალადობის, შემოსავლის შეწყვეტის მუქარის გამო იტანენ ქალები ხშირ შემთხვევაში ფიზიკურ ძალადობასაც; 3-4-ჯერ მეტი აქვთ სხვაზე ძალადობის განხორციელების შანსი იმ მამაკაცებს, რომლებიც ბავშვობაში თავადაც ძალადობის მსხვერპლი იყვნენ; რადგან ძალადობა უმეტესად ახალგაზრდა ქალებზე ხორციელდება, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ მსოფლიოში მცხოვრები ქალებიდან დაახლოებით 700 მილიონი ბავშვობაში, 18 წლამდე ასაკში გათხოვდა. ყოველი მესამე კი, თითქმის 250 მილიონი - 15 წლამდე.
რა უნდა ვიცოდეთ ქალებმა ძალადობის შესახებ:
რა არის ოჯახური ძალადობა?
ოჯახური ძალადობა არის ქცევა, რომელიც მეორე ადამიანზე შიშის, ან შეურაცხყოფის გზით მასზე ძალაუფლების მოპოვების და მისი კონტროლისთვის გამოიყენება. ხშირად ეს ფიზიკური ძალის გამოყენებას, ან მუქარას მოიცავს.
ვინ არის მსხვერპლი?
ოჯახური ძალადობის მსხვერპლი შეიძლება ნებისმიერი ადამიანი გახდეს, ეროვნების, სქესის, ასაკის, რასის, სქესობრივი ორიენტაციის, თუ სოციალური სტატუსის მიუხედავად.
ვინ არის დამნაშავე?
თითქმის ყოველთვის დამნაშავე მიზეზის მიუხედავად, არის მოძალადე. იშვიათი გამონაკლისების გარდა, როცა მაგალითად, ძალადობა თავის დაცვის გამო ხდება.
როდის და სად ხდება ძალადობა?
რისკი ყველაზე მეტი საღამოს 6 საათიდან დილის 6 საათამდეა. უმეტეს შემთხვევაში ძალადობა შინ ხდება.
რა არის პარტნიორის მხრიდან ძალადობის ნიშნები?
პარტნიორი (იგულისხმება მეუღლე, ან მეგობარი მამაკაცი) ღალატში გდებთ ბრალს; თავს არარაობად გაგრძნობინებთ; ფიზიკურად გტკენთ ან გაშინებთ ტკივილით, მათ შორის - თქვენთვის ძვირფასი ადამიანისთვის, ან საკუთარი თავისთვის ტკივილის მიყენებით; თქვენი საქციელის გაკონტროლებას ცდილობს; საზოგადოებისგან თქვენს იზოლირებას ახდენს; გაიძულებთ მასთან სქესობრივი კავშირი დაამყაროთ; აკონტროლებს თქვენს ფინანსურ გადაწყვეტილებებს; გითვალთვალებთ, გამუდმებით გირეკავთ.
რა ვიღონოთ ძალადობის შემთხვევაში?
უნდა ვიცოდეთ, რომ მარტო არ ვართ. ხმა უნდა ამოვიღოთ, შევატყობინოთ მეგობრებს, ოჯახის წევრებს, სამართალდამცავ ორგანოებს. გვახსოვდეს, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ეს ჩვენი ბრალი არ არის და ამგვარ ქცევას არცერთი ადამიანი არ იმსახურებს. ჩვენ გვაქვს უფლებები და მათ შორის, გაგვაჩნია სხვისი დახმარების გამოყენების უფლებაც. სასწრაფოდ უნდა მოვიძიოთ შესაბამისი ინფორმაცია და რესურსი.
რა მოჰყვება ძალადობას?
სიკვდილი, ფიზიკური დაზიანებები, ჯანმრთელობის პრობლემები გულის დაავადებებით, გასტროენტერელოგიური პრობლემებით, დეპრესია, უძილობა, ფსიქიური აშლილობები და ჯანმრთელობის მრავალი სხვა პრობლემა.
რა უჯდება ძალადობა სახელმწიფოს?
შეერთებულ შტატებში პოლიციის ქმედება, სასამართლო პროცესები, სამედიცინო მომსახურება, ფსიქიატრებთან ვიზიტების ჩათვლით, სახელმწიფოს წლიურად დაახლოებით 37 მილიარდი დოლარი უჯდება. დიდ ბრიტანეთს - 22.9 მილიარდი და ავსტრალიას - 13.6 მილიარდი.
და ბოლოს: რა უნდა იღონოს თავად სახელმწიფომ?
1. დანერგოს პრევენციული პროგრამები და მუდმივად იმუშაოს მათ დახვეწაზე და სრულყოფაზე. ხელისუფლება არ უნდა დაეყრდნოს მხოლოდ იმას, რაც კულტურაშია ფესვგადგმული და რაც ახალგაზრდებს ოჯახიდან, თუ თანატოლებისგან მუდმივად ესმით. მუშაობა ოჯახური ძალადობის პრევენციისთვის სკოლებიდან უნდა დაიწყოს და უმაღლეს სასწავლებლებში, თუ სამუშაო ადგილებზეც მუდმივად უნდა გრძელდებოდეს.
2. ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელი მკაცრი და მტკიცე უნდა იყოს. დამნაშავე ყოველთვის მკაცრად უნდა დაისაჯოს, იქნება ეს სასამართლოში, კერძო კომპანიაში, თუ ნებისმიერი სხვა სახის დაწესებულებაში.
3. უნდა გაიზარდოს დამხმარე მომსახურების დაფინანსება. ამ შემთხვევაში საუბარია არამარტო სამთავრობო ორგანიზაციებზე, არამედ არამომგებიანი ფირმების, უფლებადამცველი ორგანიზაციების, თუ ფსიქოლოგიური დახმარების მომსახურების გამწევი კომპანიების სუბსიდირებაზე.
4. უნდა შეიცვალოს და რეფორმირდეს კანონმდებლობა, სამართალდამცავების მიდგომა და სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც გაყრების და ოჯახური ძალადობის შემთხვევებს განიხილავს.
5. ქალებს უნდა მაქსიმალურად შეეწყოთ ხელი იმაში, რომ ფინანსურად მეტად დამოუკიდებლები გახდნენ.