ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გენდერული თანასწორობის საკითხები საქართველოში


ყველა სფეროში ქალისა და მამაკაცის თანაბარი მონაწილეობის წახალისების გზებს პარლამენტი ეძებს

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორების საბჭომ, რომელსაც პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ხელმძღვანელობს , პარლამენტის წევრთა, სამინისტროების და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით 3 დღის განმავლობაში არა მხოლოდ პოლიტიკაში, არამედ ყველა სფეროში ქალისა და მამაკაცის თანაბარი მონაწილეობის წახალისების გზებს განიხილავდნენ.

ეს გულისხმობს ქალთა ძლიერ წარმომადგენლობას ადგილობრივ თვითმმართველობაში, ქალთა რაოდენობის ზრდის მიზნით ქვოტური სისტემის შემოღებას არჩევით თანამდებობესა თუ პოლიტიკური პარტიების სიებში და სხვა” - ამბობს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე მანანა კობახიძე:
”ჩვენ ახლა ვმუშაობთ ახალ ,2014-2016 წლების სამოქმედო გეგმაზე . ძალიან მნიშვნელოვანია სრულყოფილად გაკეთდეს მოქმედი კანონმდებლობის გენდერული ანალიზი . ყველა სამინისტროს აქვს ეს ვალდებულება, რომ ამა თუ იმ სფეროში მოქმედი გენდერული ანალიზი ჩატარდეს, ყველა სამინისტრომ უნდა დაგეგმოს საკუთარ სფეროში თუ რა ღონისძიებებს გაატარებს.

პირველ რიგში ეს არის ყველა დონეზე ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფა. თანასწორობა ნიშნავს ქალთა გაძლიერებასაც, იმიტომ რომ ჩვენ ეს პრობლემა გვაქვს. საუბარია ქალების მხარდაჭერაზე ეკონომიკური დამოუკიდებლობის მოპოვების თვალსაზრისით, იმიტომ რომ სოფლად, რეგიონებში ქალებს ეკონომიკური დამოუკიდებლობის თვალსაზრისით ძალიან სერიოზული პრობლემა აქვთ. თუნდაც ის, რომ მათზე არ აღირიცხება საკუთრება, თუნდაც ის, რომ მათ იგივე ფერმერულ მეურნეობებში არ აქვთ ის შესაძლებლობები, რაც აქვთ მამაკაცებს. ასევე სესხების მიღების თვალსაზრისით, რომელიც მიმართული იქნება სოფლის მეურნეობის განვითარებაზე. ახლა დაწყებულია სოფლის მეურნეობის პროგრამები , ჩვენ უნდა გავაკეთოთ ანალიზი ამ პროგრამაში რამდენად ექნება ქალს მამაკაცის შესაბამისად შესაძლებლობა მიიღოს ის სერვისები და შესაბამისად მასაც ჰქონდეს ის შესაძლებლობები, რაც მამაკაცს. რომ სოფლის განვითარების პროგრამით თვითონაც მიიღოს სარგებელი.

კონსტიტუციის, კანონის დონეზე ჩვენი კანონმდებლობა არის აბსოლუტურად ნეიტრალური, საქართველოში კანონით ქალისა და მამაკაცის მდგომარეობა აბსოლუტურად არის დაცული . აქ საუბარია, პრაქტიკაში როგორ ხდება. ძალიან ხშირ შემთხვევაში მესაკუთრედ გვევლინება მამაკაცი, რაც ნიშვას, რომ თუ განქორწინება მოხდა ან სხვა რაიმე მატერიალური დავა , ქალი რჩება აბსოლუტურად უუფლებოდ. ამიტომ , საჭიროა ცნობიერების ამაღლება, რომ ქალმაც იცოდეს რა უფლებები აქვს. ჩვენი კანონი ამ მხრივ ძალიან დემოკრატიულია, არანაირი დისკრიმინაცია კანონში არ არის, უბრალოდ საუბარია, რომ ზოგიერთ სფეროში საჭიროა ქალების გაძლიერება”.

შეხვედრების მონაწილეებმა განიხილეს არაერთი აქტუალური პრობლემად ქცეული საკითხი, მაგალითად მამაკაცთა დეფიციტი სკოლებში. მიუხედავად საქართველოში არსებული თითქმის ტოტალური უმუშევრობისა, მამაკაცები სკოლებში არ მიდიან, რასაც რა თქმა უნდა, თავისი მიზეზები გააჩნია. იმსჯელეს ამ მიზეზებზე და ქალთა დახმარებაზე ტექნიკური პროფესიების დაუფლებაში და ა.შ. შეხვედრაზე გაჟღერდა წინადადება მწერლების, სცენარისტების წახალისების შესახებ, რომლებიც სცენარში თუ მოთხრობაში გენდერული თანასწორობის თემას წამოწევენ.

თუ რას გულისხმობს ეს ინიციატივა, ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია ”გენდერული სამართლიანობის” ხელმძღვანელი რუსუდან კერვალიშვილი ამბობს:

”- აქ საუბარია კულტურაზე. თავისთავად გენდერის საკითხის მიმართ ცნობიერების ამაღლება გადამწყვეტად მნიშვნელოვანია, რადგან კულტურა და განათლება ცვლის ჩვენს ცნობიერებას. ამიტომ, ამ წახალისებასთან დაკავშირებით კონკრეტულად საქმე ეხება ცნობიერების ამაღლებისთვის ისეთი ნაშრომის შექმნას, რომელიც საზოგადოებას მოუტანს ცნობიერების ამაღლებას.

ოჯახში, ოჯახური ძალადობა, საზოგადოებაშიც არის გამეფებული სხვადასხვა ფორმის ძალადობა. საქართველოს ტრადიცია, ერის, რომელსაც აქვს არაჩვეულებრივი ისტორია, კულტურა, ჰყავს ძალიან დიდი ჰუმანისტები თავის ისტორიაში, შეუძლებელია, რომ ქვეყანას, რომელსაც ”ვეფხვისტყაოსნის” გამოცდილება აქვს, იმ ქვეყანაში ლეკვი ლომისა სწორი იყოს, წახალისებადი ქალის მიმართ ფიზიკური ძალმომრეობა და ძალადობა."
XS
SM
MD
LG