"ჩვენ უფრო და უფრო ხშირად ვხედავთ რუსულ ორგანიზებულ დანაშაულს ქვეყნის საზღვრებს გარეთ. მას ხელისუფლება ინსტრუმენტად იყენებს", ამბობს ბრიტანელი მკვლევარი და ავტორი მარკ გალეოტი, რომელმაც პრაღაში ცოტა ხნის წინ ახალი წიგნი "ქურდები - რუსეთის სუპერ მაფია" გამოსცა.
რუსეთში და მის საზღვრებს გარეთ ორგანიზებული დანაშაულის ფუნქციონირების შესახებ, "ამერიკის ხმის" უკრიანული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში, გალეოტიმ თქვა, რომ არ ფიქრობს, რომ რუსეთი "მაფიოზური სახელმწიფოა", თუმცა მიიჩნევს, რომ კრემლი ორგანიზებულ დანაშაულს დასავლეთის წინააღმდეგ სწორედ უცხოური ოპერაციებისთვის იყენებს. "ეს არის გლობალური დანაშაული მაშინ, როდესაც სამართალდამცავები მაინც კონკრეტული ქვეყნის ეროვნული საზღვრებით არიან შემოფარგლულნი", ამბობს გალეოტი.
კლეპტოკრატიული რეჟიმების უცხოური გავლენების შესახებ მსგავსი მოსაზრება აქვთ ვაშინგტონში მდებარე "ჰადსონის ინსტიტუტშიც". "კლეპტოკრატიული რეჟიმები კორუფციას იყენებენ როგორც კონტროლის მექანიზმს შინ და როგორც გავლენის იარაღს უცხოეთში“ - ასეთი იყო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის დასკვნა, რომელიც რუსულ კლეპტოკრატიას და მასთან ბრძოლას ეძღვნება.
„რუსმა ოლიგარქებმა და კრემლის აგენტებმა აითვისეს გლობალური ფინანსური სისტემები და მას ფულის გასათეთრებლად იყენებენ, შემდეგ კი ამ ფულით მოპოვებულ ძალას დასავლურ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე თავდასხმისთვის იყენებენ “ - ნათქვამია კვლევაში.
აქვეა განმარტებული ისიც, რომ რუსული შავი ფულის 80 % ამერიკასა და ბრიტანეთშია თავმოყრილი. "რუსეთის რეჟიმის მიერ მოპარული და უცხოეთში გადამალული ფული ჩადებულია უძრავ ქონებაში და ბანკებში. ფულს ლეიბებში აღარ ინახავენ“, ამბობს ჯეფრი გედმანი, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი და „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების“ ყოფილი პრეზიდენტი.
გალეოტის აზრით, არ შეიძლება რუსეთს ვუწოდოთ ავტორიტარული ან ტოტალიტარული სახელმწიფო. "ეს არ არის ჩრდილოეთ კორეა, იქ ფუნქციონირებს დამოუკიდებელი ბიზნესი, არიან განგსტერები, არის სამოქალაქო სახოგადოება. თუმცა, ცხადია ხელისუფლებას შეუძლია ნებისმიერ დროს მიწვდეს ყველას და მოსთოხვოს კონკრეტული რაღაცის გაკეთება და ცხადია, რომ მათი საქმე არ იქნება კარგად თუკი არ დაემორჩილებიან", ამბობს მკვლევარი.
ის რუსულ ორგანიზებულ დანაშაულს და კლეპტოკრატიას ევროპული, მაგალითად იტალიური, მაფიისგან განასხვავებს. ამბობს, რომ ორგანიზებული დანაშაული ხშირად ლოკალური ხასიათით გამოირჩევა, რომ განგსტერები ხშირად სწორედ კონკრეტულ უბანს, რაიონს, ტერიტორიას აკონტროლებენ. რუსული ორგანიზებული დანაშაულის საზღვრები და მიზნები კი ხშირად უფრო ფართოა. რუსული ორგანიზებული დანაშაულის მმართველები ხშირად პატარ-პატარა დაჯგუფებებსა და კლანებს სწორედ, რომ სათავისოდ, თავისი "დიდი საქმეების" შესასრულებლად იყენებენ. "რუსულ ორგანიზებულ კრიმინალს ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია ადგილობრივი ჯგუფებისთვის. ევროპელი განგსტერების საქმიანობაშიც ხშირად იპოვით რუსულ ნაკვალევს", ამბობს მკვლევარი.
გალეოტი აქვე დასძენს, რომ მაინც არ შეიძლება ვთქვათ, რომ რუსეთს "ორგანიზებული დანაშაული" მართავს. მისი განმარტებით, ქვეყნის პრეზიდენტი ბოლომდე არ აკონტროლებს ორგანიზებული დანაშაულის ფუნქციონირებას და არაერთი კორუმპირებული ადამიანი მოქმედებს დამოუკიდებლად.
"პუტინი არ არის კაცი, რომელიც ფულს აგროვებს და წავა თბილ ქვეყნებში, გოლფს ითამაშებს და იახტებით ისეირნებს. ის სრულადაა თავისივე პოლიტიკური ამბიციების ერთგული. თუმცა მეორე მხირვ ის მმართველია იმ სისტემის, რომელშიც კლეპტოკრატები დომინირებენ, არ აქვს მნიშვნელობა იქნებიან ისინი 90-იანი წლების მეწარმეები, კომუნისტური პარტიის წევრები თუ სუკ-ის ყოფილი აგენტები.
რაც შეეხება იმას, თუ რამდენად ძლიერია ამჟამად დასავლური ინსტიტუტები რუსულ შავ ფულთან და კლეპტოკრატიასთან გასამკლავებლად, გალეოტი ამბობს, რომ ოპტიმისტურად არაა განწყობილი. მისი თქმით, ბრიტანეთში თუ ამერიკაში რუსულ ფულთან ბრძოლას ხშირად ისიც ართულებს, რომ ეს "მაღალი რანგის ინვესტიციებია". განსხვავებით სხვა, ევროპული თუ აზიური შავი ფულისგან, რომელიც შეიძლება იყოს ტრეფიკინგით, ნაკროტიკებით ვაჭრობით თუ სხვა დანაშაულით მოპოვებული ფული, რომელიც მსგავს საქმეებშივე იხარჯება, რუსი ოლიგარქების ფული ხშირად უძრავ თუ მოძრავ ქონებაშია დაბანდებული. გალეოტის განმარტებით, ამ ქვეყნების მოსახლეობას ხშირად არც კი უჩნდება განცდა, რომ დანაშაულებრივი ფულია, რომ ის მოდის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფებიდან და შეიძლება დაიხარჯოს დასავლური ინსტიტუტების წინააღმდეგ.
"ამერიკის ხმისთვის" ლონდონში მიცემულ ინტერვიუში გალეოტიმ სანქციების შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ მისი აზრით, მსგავსი სანქციები უნდა დაუწესდეთ სხვა ქვეყნების წარმომადგენლებსაც და არა მხოლოდ რუსებს. მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებისთვის ფინანსური სანქციების დაწესება კრემლის ნარატივზე დაასხამს წყალს და მხოლოდ დაეხმარება პრეზიდენტ პუტინს დაარწმუნოს რუსი ხალხი იმაში, რასაც დიდი ხანია ამტკიცებს: რომ დასავლეთს სძულს რუსები და ებრძვის მათ, რომ ისინი ერთიანები უნდა იყვნენ დასავლეთის წინააღმდეგ.