87 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი მწერალი, ჟურნალისტი და გამომცემელი, ნობელის პრემიის ლაურიატი - გაბრიელ გარსია მარკესი. წარმოშობით კოლუმბიელმა მწერალმა კარიერა ჟურნალისტიკით დაიწყო და ბოლო 30 წლის მანძილზე მექსიკაში, ქალაქ მეხიკოში ცხოვრობდა.
გაბრიელ გარსია მარკესმა სახელი ყველაზე მეტად 1967 წელს დაწერილი რომანით "მარტოობის 100 წელი" გაითქვა, რომელიც ლიტერატურის სახელმძღვანელოებში შევიდა და მსოფლიო ლიტერატურის შედევრთა შორის მოიხსენიება. რომანი 25 ენაზეა თარგმნილი და მსოფლიოში მისი დაახლოებით 50 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. მარკესის სხვა დანარჩენ რომანებს და ნოველებს შორის ცნობილია "სიყვარული შავი ჭირის დროს", "გენერალი მის ლაბირინთში", "გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა" და სხვა მრავალი.
მწერალს 1999 წელს ლიმფურ სისხლძარღვთა კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ლოს ანჯელესში მკურნალობის შემდეგ მას დაავადების სიმპტომები გაუქრა და მარკესმა ავტობიოგრაფიული ნაშრომის წერა დაიწყო. მწერლის თქმით, მან სასწრაფოდ შეწყვიტა ყველანაირი საქმიანობა, მეგობრებთან ურთიერთობა მინიმუმზე დაიყვანა, გააუქმა მოგზაურობის ყველა გეგმა და ტელეფონიც კი გამორთო, რათა მემუარები დაესრულებინა. მარკესის ბოლო ნაშრომმა "იცხოვრო, რათა მოყვე" დღის სინათლე 2002 წელს იხილა. მას ოჯახში მეუღლე მერსედეს ბარჩა და ორი ვაჟი, როდრიგო და გონზალო დარჩა.
ნობელის პრემიის ლაურიატმა მწერალმა სახელი ყველაზე მეტად რომანით "მარტოობის 100 წელი" გაითქვა