შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმედს გამოთქვამს, რომ ვაჭრობის საკითხი, რომელსაც ის „არასამართლიანს“ უწოდებს, კვებეკის დიდი შვიდეულის სამიტზე მოგვარდება.
„ველოდები არასამართლიანი ვაჭრობის შეთანხმების გამოსწორებას დიდი შვიდეულის სამიტზე. თუ ეს არ მოხდა, ჩვენთვის უკეთესი შედეგიც კი იქნება“, დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელ "ტვიტერში".
სამიტზე შეერთებული შტატების მოკავშირეები ტრამპის მიერ კანადაზე, ევროპის კავშირზე და მექსიკაზე დაწესებული ლითონის ტარიფებზე აპირებენ კითხვების დასმას. სამიტში მონაწილეობას იღებენ დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, კანადის, აშშ-ის და იაპონიის ლიდერები. ისინი იმსჯელებენ საერთაშორისო თანამშრომლობის, თავისუფალი ვაჭრობის და გარემოს დაცვის საკითხებზე.
პრეზიდენტი ტრამპი დიდი შვიდიეულის სამიტამდე საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ხვდება, სამიტის შემდეგ კი კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოსთან გამართავს შეხვედრას.
თეთრი სახლის პრესსპიკერის განცხადებით, „კანადიდან პრეზიდენტი პირდაპირ სინგაპურში გაემგზავრება, სადაც სამშაბათს ჩრდილოეთ-კორეის ლიდერ კიმ ჩენ უნს უნდა შეხვდეს“.