"დიდი შვიდეულის" ლიდერები ავღანეთიდან გამოსვლის ვადებს განიხილავენ

"დიდი შვიდეულის" ქვეყნები ავღანეთში სიტუაციის განსახილველად იკრიბებიან. მათი ნაწილი ამერიკის პრეზიდენტს ამერიკელი სამხედროების ქვეყანაში 31 აგვისტოს შემდეგ დატოვებისკენაც მოუწოდებენ, რათა ევაკუაციის პროცესი გაგრძელდეს.

"მე ვთხოვ ჩემს მეგობრებსა და მოკავშირეებს, დადგნენ ავღანელი ხალხის გვერდით და დაეხმარონ ლტოლვილებს, ჩაერთონ ჰუმანიტარულ დახმარებაში", - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ვირტუალური სამიტის წინ.

ასევე ნახეთ: ქაბულის დაცემა - “ამერიკის მიდგომის სრული ჩავარდნა ავღანეთში“


ამერიკის მიერ ავღანეთის სრული დატოვების დღემდე 1 კვირა რჩება. დასავლეთის ქვეყნების მოქალაქეები და ათასობით ის ავღანელი, რომლებიც წლების განმავლობაში მოკავშირეებს ეხმარებოდნენ, აეროპორტს კვლავ აწყდებიან და ევაკუაციის იმედი აქვთ. თუმცა ბევრისთვის ეს რთული ან შეუძლებელიც კია, რადგან აეროპორტის პერიმეტრზე მისასვლელად თალიბანის გამშვები პუნქტები უნდა გაიარონ. თალიბანი კი როგორც ჩანს, ამერიკელთა მიერ ქვეყნის დატოვების თარიღს აუცილებლად შესასრულებლად მიიჩნევს და ამბობს, რომ 31 აგვისტო "წითელი ხაზი" უნდა იყოს.

"ჩვენ თალიბანის წარმომადგენლებს ყოველდღე ველაპარაკებით პოლიტიკური და უსაფრთხოების არხების მეშვეობით, ყველა იმ ასპექტზე, რაც ახლა ქაბულში ხდება", - განაცხადა ჯეიკ სალივანმა, თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში. მისივე განმარტებით, პრეზიდენტი ბაიდენი ყოველდღიურად ჩართულია ამ პროცესში და შესაბამისი გადაწყვეტილებებიც მიიღება. მისი თქმით, ევაკუირებულთა რაოდენობის მიხედვით, ამერიკა გეგმასაც კი აჭარბებს.

ორშაბათ საღამოს მონაცემებით, ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ბოლო 36 საათში 27 ათასზე მეტი ადამიანის საჰაერო ევაკუაცია მოხდა. მათ შორის 17 ათასზე მეტი ამერიკული სამხედრო ხომალდებით გადაიყვანეს. ეს იმაზე მეტია, ვიდრე პირველ კვირაში სრულად ევაკუირებულთა რაოდენობა.