საქართველოს ნატოში წევრობა - დამსახურებული უფლება თუ რუსეთის სურვილი

ამერიკა უფრო აგრესიული ქვეყანაა ვიდრე რუსეთი, აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობების ერთ-ერთი ცნობილი ამერიკელი თეორეტიკოსი ჯონ მიარშაიმერი. ის ამ აგრესიას იმით ხსნის, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ ამერიკა შვიდ ომში მონაწილეობდა. ის ამბობს, რომ რუსეთს სამხედრო ოპერაციები მხოლოდ საქართველოში, უკრაინასა და სირიაში აქვს ჩატარებული.

„რუსეთმა ჩათვალა, რომ ნატოს გაფართოება და ნაბიჯები, რომლებიც საქართველომ 2008 წელს და უკრაინამ 2014 წელს გადადგეს ამ ინტერესებს საფრთხეში აგდებდა და ამის გამო, რუსეთმა სამხედრო ინტერვენცია გადაწყვიტა,“ აცხადებს მეცნიერი.

ყველაზე დიდი შეცდომა, რომელსაც ჩვენ ვუშვებთ არის ის, რომ ჩვენს პოლიტიკას ვაფუძნებთ შიშზე. სანამ რუსეთის შიშით ვხელმძღვანელობთ, მსოფლიოში კარგი არაფერი მოხდება
თინათინ ხიდაშელი

ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით ხშირად ისმის საუბარი იმაზე, რომ რუსეთს ნატოს გადაწყვეტილებების მიღებაზე ვეტოს უფლება არ უნდა ჰქონდეს. მიარშაიმერი ამბობს, რომ საკითხის ამ ფორმით დასმა არასწორი მიდგომაა.

„ის შეხედულება, რომ საქართველოს და უკარინას ნატოში გაწევრიანების უფლება აქვთ ძალიან საშიში და სულელური წარმოდგენაა საერთაშორისო ურთიერთობების პრინციპებზე. თუ ხარ უკრაინა ან საქართველო და ესაზღვრები ისეთ ძლიერ ქვეყანას, როგორიც რუსეთია, რუსეთის ინტერესებს ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიაქციო. თუ ფიქრობ იმას რომ ნატოში გაწევრიანების უფლება გაქვს იმის მიუხედავად რას ფიქრობს რუსეთი, საკუთარ თავს დიდ პრობლემებს შეუქმნი.“

მიარშაიმერი ამბობს, რომ საქართველომ ნატოში გაწევრიანებაზე უარი უნდა თქვას და რაც შეიძლება ახლო ურთიერთობა დაამყაროს რუსეთთან და მხოლოდ ამის შემდეგ დაუახლოვდეს დასავლეთს ეკონომიკურად.

ბატონი პუტინის ნომერი პირველი მიზანი ნატოში არსებული ბზარების გამოყენება და ალიანსის გაყოფაა. თუ მან ამ მიზანს მიაღწია, ის სხვა ყველა მიზანს მიაღწევს
გენერალი ფილიპ ბრიდლავი

რადიკალურად განსხვავებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის შეხედულება, რომელიც აცხადებს, რომ ნატოს გაფართოებაზე საუბარი ზედმეტად “რუსო-ცენტრულია.” მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნები საკუთარ საგარეო პოლიტიკას იმაზე დაყრდნობით არ უნდა აწარმოებდნენ, თუ რა სურს რუსეთს. “ყველაზე დიდი შეცდომა, რომელსაც ჩვენ ვუშვებთ არის ის, რომ ჩვენს პოლიტიკას ვაფუძნებთ შიშზე. სანამ რუსეთის შიშით ვხელმძღვანელობთ, მსოფლიოში კარგი არაფერი მოხდება,” თქვა ხიდაშელმა.

სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის აპარატის ყოფილი უფროსი სტივ ბიგანი მიარშაიმერის მოსაზრებას პრაქტიკული გამოყენებისთვის შეუსაბამოდ აფასებს. ის ამბობს, რომ კრემლი ცდილობს სამყარო დაარწმუნოს იმაში, რომ ნატო რუსეთს საფრთხეს უქმნის, მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით 70 წლის წინ ნატოს შექმნიდან დღემდე ალიანსის მხრიდან რუსეთის მიმართ მტრული ნაბიჯი არ განხორციელებულა. ბიგანის თქმით, ნატო ევროპაში სტაბილურობის გარანტიაა და ის კონფლიქტების პრევენციას ცდილობს.

ბიგანს ერთადერთ სახელმწიფოდ, რომელიც ევროპაში კონფლიქტებს ხელოვნურად ქმინის, რუსეთი მიაჩნია: „ნატოს გაფართოებამ აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში სტაბილური, მშვიდობიანი, კეთილგანწყობილი სახელმწიფოები შექმნა, რომლებიც არა მხოლოდ ევროპის, არამედ რუსეთის უსაფრთხოებაშიც დიდ როლს თამაშობს.“

სტივ ბიგანი ამბობს, რომ მოსაზრება, რომ ნატომ რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები - შეცდომაა. რამდენად ლეგიტიმურია რუსეთის ინტერესები, რა დათმობებზე წასვლას მოითხოვს მათი გათვალისწინება და სად ჯდება კრემლის ინტერესები დასავლეთის ინტერესებში ის გასათვალისწინებელი ფაქტორებია, რომლებიც ნატოს გაფართოების მოწინააღმდეგეებს ხშირად ავიწყებათ.

პროფესორი მიარშაიმერისგან განსხვავებული მოსაზრება აქვს ამერიკის ევროპის სარდლობის ყოფილ მეთაურს ოთხვარსკვლავიან გენერალ ფილიპ ბრიდლავსაც. მისი აზრით, ნატომ რუსეთს მკაფიოდ დაანახა, რომ ალიანსი მზადაა დაიცვას საკუთარი ტერიტორია და ინტერესები. გენერალს ასევე მიაჩნია, რომ კრემლი ალიანსის ერთსულოვნებას ხედავს და მის დაძლევას ნატოში არსებული განსხვავებული მოსაზრებების ბოროტად გამოყენებით ცდილობს:

„ბატონი პუტინის ნომერი პირველი მიზანი ნატოში არსებული ბზარების გამოყენება და ალიანსის გაყოფაა. თუ მან ამ მიზანს მიაღწია, ის სხვა ყველა მიზანს მიაღწევს," განაცხადა გენერალმა ბრიდლოვმა.

იმაზე კი არის თუ არა საქართველო ერთ-ერთი თემა, რომელიც რუსეთმა შეიძლება ალიანსის გასათიშად გამოიყენოს, ნატოს ყოფილმა მთავარსარდალმა თქვა: "მე საქართველოს ნატოს ბზარად არასოდეს ავღწერ. საქართველოს ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო ძალაა აისაფში [ნატოს მისია ავღანეთში]. საქართველომ გადააჭარბა ნატოს სამხედრო მოთხოვნას ალიანსის წევრობისთვის. ისინი ყველა სიტუაციაში მსახურობენ ჩვენს გვერდით. ისინი ჩვენთან ერთად იღუპებიან და ჩვენთან ერთად სტკივათ. პოლიტიკურ ასპექტზე მე კომნტარს არ გავაკეთებ, მაგრამ საქართველო ბზარი არ არის. საქართველო ჩვენი პარტნიორობის ბრწყინვალე წევრია,“ დასძინა გენერალმა.

ეს იდეოლოგიური დაპირისპირება მხოლოდ ვაშინგტონში არ ისმის. ნატოს გაფართეობის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ ალიანსის აღმოსავლეთით გაფართოება რუსეთის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაცია იქნება. "ღია კარის" მომხრეებს კი მიაჩნიათ, რომ ალიანსის გადაწყვეტილებების მიღება რუსეთის ინტერესებზე დაყრდნობით არ უნდა ხდებოდეს. ვარშავის სამიტზე ეს თემები, სავარაუდოდ, კიდევ ერთხელ გაჟღერდება.

საქართველო ნატოსგან გაბედული ნაბიჯების გადადგმას ითხოვს. ვარშავის სამიტზე საქართველოს მიერ სამოქმედო გეგმის მიღება ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა ექსპერტები ნატოს მხრიდან საქართველოსთან კიდევ უფრო დასაახლოებელ ნაბიჯებს ელიან.