საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე და ვაშინგტონის პოლიტიკაზე რუსეთის აგრესიის შესაკავებლად აშშ-ის თავდაცვის მდივნის მეორე მოადგილეს მაიკლ კარპენტერს ვესაუბრეთ.
ამერიკის ხმა: მადლობა ინტერვიუსთვის. პირველ შეკითხვას ნატოში აშშ-ის ელჩის განცხადების შესახებ დაგისვამთ. მან თქვა, რომ მართალია, ალიანსის კარი ღიაა, მაგრამ საეჭვოა, უახლოეს მომავალში ნატომ ახალი წევრები მიიღოს. მისივე თქმით, ამის ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ ნატოს გაფართოებამ, შეიძლება, რუსეთი გაანაწყენოს. როგორ აფასებთ ამ განცხადებას. თქვენი აზრით, როგორ წაიკითხავენ მას საქართველოსა და სხვა ასპირანტ ქვეყნებში და რას იფიქრებს რუსეთი?
მაიკლ კარპენტერი: ამერიკა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. ვიზიარებთ ბუქარესტის 2008 წლის სამიტის დეკლარაციაში გამოხატულ პოზიციას, რომ საქართელო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები. ეს პოზიცია ნატოს ჩიკაგოსა და უელსის სამიტების დროსაც დადასტურდა. ამგვარად, აღნიშნულ საკითხისადმი ჩვენი დამოკიდებულება უცვლელია. გაგვაჩნია, ყველა ქმედითი საშუალება - მათ შორის, ყოველწლიური სამოქმედო პროგრამა - რათა საქართველოს ალიანსთან დაახლოებაში დავეხმაროთ. მიხარია, რომ მოკავშირეებმა მონტენეგრო ალიანსში მიიწვიეს. ახალი წევრის ნატოში მიწვევა იმის საუკეთესო დასტურია, რომ ალიანსის კარი ღიაა.
ამერიკის ხმა: მიგაჩნიათ, თუ არა, რომ დასავლეთის სახელმწიფოებმა უნდა გადახედონ რუსეთთან ურთიერთობის სტრატეგიას იმ პირობებში, როდესაც რუსეთი აგრძელებს აგრესიასა და პროპაგანდისტულ ომს ევროპის აღმოსავლეთში. ეთანხმება თუ არა დასავლეთი გენერალ ბრიდლავის განცხადებას, რომ რუსეთის ნაბიჯები ევროპისა და დასავლეთის უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს?
მაიკლ კარპენტერი: ეჭვგარეშეა, რომ რუსეთის აგრესიამ უკრაინაში ალიანსი აიძულა, კიდევ ერთხელ საფუძვლიანად გადაეხედა, თუ რამდენად უსაფრთხოა საკუთრივ ალიანსის მდგომარეობა. უკრაინაში [რუსეთის] აგრესიის შემდეგ, ნამდვილად საჭირო გახდა, ალიანსმა შემაკავებელი და თავდაცვითი საშუალებები გააძლიეროს. უკრაინის მოვლენები საერთაშორისო წესრიგის საფუძვლების მოშლას ნიშნავს. ესაა ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობის იმ პრინციპების ხელყოფა, რასაც ჩვენ, დასავლეთის საზოგადოება, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ხელშეუვალ პრინციპებად მივიჩნევთ. დიახ, ალიანსი ახალ ვითარებასა და საფრთხეებთან ადაპტაციას ახდენს. შევნიშნავ, რომ რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, რომელიც გასული წლის დეკემბერში მიიღეს, ნატოსა და შეერთებულ შტატებს რუსეთის საფრთხეებად ასახელებს. ამიტომ, რა თქმა უნდა, მზად უნდა ვიყოთ. ჩვენ ფულს ვხარჯავთ შემაკავებელი და თავდაცვითი საშუალებების გაძლიერებაში. ნატომ მზადყოფნის სამოქმედო გეგმა შეიმუშავა. შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ევროპელი მოკავშირეებისათვის შეკავებისა და თავდაცვის პროგრამების დაფინანსებას აოთხმაგებს და 3.4 მილიარდ დოლარამდე გაზრდის. ეს თანხა სხვადასხვა ამოცანებს მოხმარდება, მათ შორის, საროტაციო ძალების გაძლირებასა და უფრო მეტი თანამედროვე საბრძოლო აღჭურვილობის განთავსებას ევროპაში, განსაკუთრებით, ალიანსის აღმოსავლეთის ფლანგზე. თანხა დაიხარჯება უფრო მეტ ტრენინგსა და სამხედრო წვრთნებში, აგრეთვე ინფრასტრუქტურის განვითარებაში, რათა ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა კრიზისულ ვითარებაში სწრაფად იმოქმედონ. შეერთებული შტატები რეგიონში ნატოს არაწევრ პარტნიორებსაც დაეხმარება, რათა აგრესიულ რუსეთთან დაპირისპირებაში მათი სუსტი მხარეები მაქსიმალურად აღმოიფხვრას. ეს დიდი პროგრამაა და ბევრ მიმართულებას მოიცავს, მაგრამ დიახ, ალიანსიცა და შეერთებული შტატებიც თვალს უსწორებენ ახალ გამოწვევებს.
ამერიკის ხმა: შესაძლებელია თუ არა ნატოსა და საქართველოს დაახლოება მომდევნო რამდენიმე წელიწადში? რა შედეგით დასრულდება ვარშავის სამიტი საკუთრივ ალიანსისა და საქართველოს მსგავსი ასპირანტებისთვის?
მაიკლ კარპენტერი: ნატოსა და საქართველოს ძალიან ახლო ურთიერთობა აქვთ. საქართველო ნატოს ავღანეთის მისიაში შეიარაღებული ძალების მეორე უმსხვილესი კონტრიბუტორია. მან იქ 850 ჯარისკაცი წინაპირობების გარეშე გაგზავნა. ქართველი ჯარისკაცები ძალიან უნარიანი მეომრები არიან. დიდად ვაფასებთ საქართველოს წვლილს ავღანეთში და იქამდე ერაყში. საქართველო ნატოს ერთადერთი არაწევრი მოკავშირეა, რომელიც ნატოს სამხედრო მისიაში მონაწილეობს. ამგვარად, საქართველო ნატოს სხვადასხვა ინიციატივებში აქტიურადაა ჩართული. ველოდები, რომ ვარშავის სამიტის დეკლარაციაში, რომელიც ივლისში გამოქვეყნდება, ნატო-საქართველოს ყოვლისმომცელ პაკეტზეც იქნება საუბარი, ნატოელი მოკავშირეები კი ორმხრივ ფორმატებში ითანამშრომლებენ საქართველოსთან. შეერთებული შტატები საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან უფრო მეტ ერთობლივ წვრთნებს გამართავს.
ამერიკის ხმა: როგორ დაახასიათებთ აშშ-საქართველოს ურთერთობებს თავდაცვისა და სამხედრო სფეროში? რა მნიშვნელობას ანიჭებს ვაშინგტონი ამ ურთიერთობებს?
მაიკლ კარპენტერი: სამხედრო ურთიერთობები შესანიშნავ დონეზეა. ზემოთ უკვე აღვნიშნე, თუ რას ვაფასებთ ამ ურთიერთობებში - ჯარისკაცების შთამბეჭდავ რიცხვს, რომელიც საქართველომ ავღანეთში გაგზავნა. ისინი საუკეთესო ჯარისკაცები არიან. საქართველომ 30 მეომარი დაკარგა და დაახლოებით 300 დაუშავდა. საქართველო თავს არ ზოგავს. ჩვენ ყოველ წუთს მადლიერნი ვართ მისი. ქართველი ჯარისკაცები უოლტერ რიდის სამხედრო ჰოსპიტალშიც მკურნალობენ. ამგვარად, საქართველოს მიერ გაღებული მსხვერპლის უშუალო თვითმხილველნი ვართ. ვფიქრობ, საქართველოსთან ერთად უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია. ვმსჯელობთ, თუ რა ერთობლივი წვრთნები დავუმატოთ უკვე არსებულ ფორმატებს, რომელთა მიზანი ავღანეთის მსგავსი საექსპედიციო მისიებისთვის საქართველოს შეიარაღებული ძალების მომზადებაა. აგრეთვე ვფიქრობთ, რა დამატებითი საშუალებები არსებობს, რათა საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაში დავეხმაროთ.
ამერიკის ხმა: ვიცით, რომ ალიანსში ახალი წევრის მისაღებად ნატოს წევრი 28 სახელმწიფოს თანხმობაა საჭირო. რა რეკომენდაციას, მითითებას, იმედს, გნებავთ შენიშვნას მისცემთ საქართველოს მთავრობას, რომელიც ალიანსთან დასაახლოებლად თავის წილ სამუშაოს ასრულებს?
მაიკლ კარპენტერი: ვფიქრობ, საქართველო თავდაცვის რეფორმის განხორციელებით კარგ საქმეს აკეთებს. რეფორმა პროცესია. შევეცდებით, დავეხმაროთ საქართველოს, მათ შორის, თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაში. საქართველომ გრძელი გზა გაიარა. დღეს ის ბევრად უფრო თავსებადია ნატოსთან, რასაც ნატოს მისიებში მისი მონაწილეობა ადასტურებს.
ამერიკის ხმა: ახლახან საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო ვარშავაში ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმას კი არა, ალიანსის წევრობას მოითხოვს. თქვენთვის გასაგებია [თავდაცვის მინისტრის] განცხადება?
მაიკლ კარპენტერი: ცოტა ხნის წინ ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენისა და პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის შესანიშნავ შეხვედრას დავესწარი, სადაც ამ საკითხზეც ისაუბრეს. როგორც მოგახსენეთ, ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს, მათ შორის, საქართველოს ნატოში გაწევრიანებას დავუჭერთ მხარს. ჩვენი შეფასებით, ყოველწლიური სამოქმედო პროგრამისა და თავდაცვის სხვადასხვა პროგრამების სახით, საქართველოს ალიანსში ინტეგრაციისათვის ყველა მექანიზმი ხელთ აქვს. ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრსა და თავდაცვის მინისტრსაც ესმით, რომ ვარშავის სამიტზე საქართველო გაწევრიანების სამოქმედო გეგმას ვერ მიიღებს, მაგრამ როგორც ვთქვი, საქართველოს ყველა მექანიზმი გააჩნია, რათა ინტეგრაციის პროცესი გააგრძელოს.
ამერიკის ხმა: ზოგიერთმა ამერიკელმა ექსპერტმა განაცხადა, რომ რუსეთ-საქართელოს ომისას რუსეთის აგრესიაზე ამერიკის არასათანადო პასუხმა, მათ შორის, სანქციების არდაკისრებამ, რუსეთი უკრაინაში შესაჭრელად და ყირიმის ოკუპაციისათვის წააქეზა. ეთანხმებით?
მაიკლ კარპენტერი: უკანასკნელი ათი წელია, ვუყურებთ, თუ როგორ იზრდება რუსეთის აგრესია. ჩვენ ეს ვნახეთ საქართველოში და რა თქმა უნდა, ვხედავთ უკრაინაში. ვფიქრობ, საერთაშორისო საზოგადოება აღიარებს, რომ საერთაშორისო ნორმების ამგვარი დარღვევისათვის რუსეთს დიდი ფასის გადახდა უნდა დაეკისროს. ყირიმში ინტერვენციის საპასუხოდ, აშშ-მა ევროპელ და სხვა პარტნიორებთან, მათ შორის, იაპონიასთან ერთად, რუსეთს სანქციები დააკისრა. სანქციები ყირიმში და მოგვიანებით, დონბასის რეგიონში ინტერვენციასთანაა დაკავშირებული. გვჯერა, რომ დიდი ფასის გადახდის შემთხვევაში, რუსეთი სხვაგვარად მოიქცევა.