„საქართველოს საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და მთლიანობაში ადამიანთა ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო, თუმცა მიუხედავად ამისა, ფართოდ გავრცელებულმა ბრალდებებმა ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებ და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ბუნდოვანმა ზღვარმა, პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობა შეამცირა“, - განაცხადეს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებმა, რომლებმაც დღეს, 31 ოქტომბრის არჩევნების მონიტორინგის წინასწარი ანგარიში გამოაქვეყნეს.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE/PA), ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE), ნატოს საპარლამენტო ასამბლეისა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) წარმომადგენლებმა, მათი დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებული ხარვეზებისა და შენიშვნების შესახებ ინფორმაცია დღეს ჟურნალისტებს გააცნეს და საზოგადოებას წარუდგინეს. ისინი შეცვლილი კანონმდებლობის კიდევ უფრო გაუმჯობესების და პრაქტიკაში მათი უკეთ განხორციელებისკენ მოუწოდებენ საზოგადოებას. რაც შეეხება დარღვევებს, ისინი ამომრჩეველთა დაშინების, არათანაბარი წინასაარჩევნო გარემოს, პოლარიზებული მედიისა და სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის აუცილებელი ზღვარის წაშლის შესახებ საუბრობენ.
„არჩევნები მართალია ფართო საზოგადოებრივი კონსულტაციების შედეგად შეცვლილი საკანონმდებლო ჩარჩოს ფარგლებში ჩატარდა და ის დემოკრატიული არჩევნებისთვის ზოგიერთ გაუმჯობესებას მოიცავდა, მაგრამ დამატებითი ძალისხმევაა საჭირო იმ ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად, რაც დაფიქსირდა“, - ამბობენ დამკვირვებლები.
მათი განმარტებით, არჩევნების ტექნიკური ნაწილი ეფექტურად იყო მართული, მიუხედავად კოვიდ 19-ის პანდემიისა, მაგრამ საარჩევნო კომისიებში მმართველი პარტიის დომინაციამ უარყოფითად იმოქმედა მათი მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის აღქმაზე, განსაკუთრებით კი - დაბალ საფეხურებზე.
ფუნდამენტური თავისუფლებები და პროცედურების უმრავლესობა ზოგადად დაცული იყო. თუმცა, ეს არჩევნები შორს იყო უნაკლო არჩევნებისგან. პრაქტიკაში რიგმა საკითხებმა შექმნა გარკვეულწილად უთანასწორო გარემო და გავლენა მოახდინა საზოგადოების მიერ პროცესის ზოგიერთი ნაწილის მიმართ ნდობაზე.ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი.
„მართალია იყო მისასალმებელი გაუმჯობესება არჩევნებთან დაკავშირებულ კანონებსა და რეგულაციებში, მაგრამ კვლავ რჩება საქმე, რომელიც გასაკეთებელია იმისთვის, რომ დემოკრატიულ არჩევნებს უფრო მყარი საფუძველი მიეცეს“, - განაცხადა ელონა გიბრეა ჰოქსამ, ეუთოს სპეციალურმა კოორდინატორმა და ეუთოს მოკლევადიანი საარჩევნო მისიის ხელმძღვანელმა.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი ოსმან აშქინ ბაქი ამბობს, რომ ხარვეზებმა არათანაბარი გარემო შექმნა და საზოგადოების მხრიდან პროცესისადმი ნდობაზეც მოახდინა გავლენა:
„ეს იყო მნიშვნელოვანი არჩევნები საქართველოს ხელისუფლების საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის და გარდაქმნის გზაზე. ქართველმა ამომრჩევლებმა კიდევ ერთხელ გამოავლინეს საკუთარი ძლიერი ერთგულება დემოკრატიისადმი, მიუხედავად პანდემიით გამოწვეული განსაკუთრებული გამოწვევბისა. ჩვენ ვაკვირდებოდით კონკურენტულ არჩევნებს, სადაც ფუნდამენტური თავისუფლებები და პროცედურების უმრავლესობა ზოგადად დაცული იყო. თუმცა, ეს არჩევნები შორს იყო უნაკლო არჩევნებისგან. პრაქტიკაში რიგმა საკითხებმა შექმნა გარკვეულწილად უთანასწორო გარემო და გავლენა მოახდინა საზოგადოების მიერ პროცესის ზოგიერთი ნაწილის მიმართ ნდობაზე. ამაზე სამუშაოა“, - განაცხადა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა.
დამკვირვებლები ამბობენ, რომ კოვიდ-19-ის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებები მეტწილად უზრუნველყოფილი იყო, თუმცა სოციალური დისტანცია ხშირად არ იყო დაცული. რაც შეეხება პარტიების უბნების გარეთ მყოფ კოორდინატორებსა და აქტივისტებს, ისინი დამაშინებელ გარემოს ქმნიდნენ.
ასევე ნახეთ: დათვლილია ხმების 94.26% - არჩევნების შედეგები პროპორციული სისტემითევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი ტინი კოქსი ამბობს, რომ კანონმდებლობის გაუმჯობესების მიუხედავად, ამ მხრივ კვლავ ბევრი სამუშაოა. განსაკუთებით კი საარჩევნო კამპანიის დაფინანსებასთან დაკავშირებით.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამ საპარლამენტო არჩევნებს ზოგადად ვაფასებთ როგორც თავისუფალს, ჩვენ გვაშფოთებს კამპანიის დიდ დანახარჯებზე მკაფიო წესების ნაკლებობა, რაც უარყოფითად მოქმედებს არჩევნების სამართლიანობაზე. მოვუწოდებთ საქართველოს შეასრულოს რეკომენდაციები, რომლებსაც ჩვენ დიდი ხანია გავცემთ იმის თაობაზე, რომ გაუმჯობესდეს კამპანიის დაფინანსებასთან დაკავშირებული კანონმდებლობები და მისი საზედამხედველო რეგულაციები“, - განაცხადა ტინი კოქსმა.
„31 ოქტომბრის არჩევნების შეფასებას, როგორც ზოგადად, კონკურენტული არჩევნებისა, ასუსტებს ის ფართოდ გავრცელებული ბრალდებები, რომლებიც ჩვენ გვესმის ამომრჩეველთა დაშინების შესახებ როგორც არჩევნებამდე, ისე კენჭისყრის დღეს და ასევე წინასაარჩევნო კამპანიის დროს ზღვარის წაშლა სახელმწიფოსა და პარტიას შორის“, - ამბობს ჯილიან სტირკი, ეუთო-ODIHR-ის მისიის ხელმძღვანელი და იქვე ხაზს უსვამს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან როლს.
რაც შეეხება მედიას, დამკვირვებლების აზრით, მრავალფეროვანი პლურალუსტური მედია გარემო პოლიტიკური და ბიზნეს ინტერესების შესაბამისად პოლარიზებული იყო და პრაქტიკულად ყველა კერძო მაუწყებელი, რომელიც დამკვირვებელთა ყურადღების ცენტრში მოხვდა, აშკარად მიკერძოებული იყო. ისინი იშვიათად ხედავდნენ პოლიტიკურ დისკუსიებსა და ანალიტიკურ ჟურნალისტიკას. ასევე, დამკვირვებლების შეფასებით, მთავარ პოლიტიკურ აქტორებს შორის მცირე იყო დებატები და ამომრჩეველს შეზღუდული შესაძლებლობა ჰქონდა იმისა, რომ ინფორმირებული არჩევანი გაეკეთებინა.