"ფუკუშიმადან" მორიგი რადიაცული გაჟონვა მოხდა

„ტეპკომ“ გადაწყვიტა იაპონიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე მსოფლიოს უდიდესი კაშივაზაკი კარივას ატომური ელექტროსადგური ისევ აამუშაოს

Your browser doesn’t support HTML5

ავარიის მეორე შემთხვევა


იაპონიის დაზიანებული ატომური სადგურის „ ფუკუშიმას“ მფლობელმა კომპანიამ „ტეპკომ“ ბოდიში მოიხადა მას შემდეგ, რაც გასულ კვირას რამდენიმე თანამშრომელი, შემთხვევით, მაღალი რადიაციის შემცვლელი წყლით დასველდა.


ხელისუფლების განცხადებით, ეს შემთხვევა ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი არ იქნება. თუმცა ეს ავარია ბოლოა იმ სერიიდან, რამაც წარმოშვა კითხვები „ტეპკოს“ შესაძლებლობებთან დაკავშირებით გამწმენდი საქმიანობის ჩატარების შესახებ, რომელიც შეიძლება რამდენიმე ათეული წელი გაგრძელდეს. ჰენრი რიჯველი ტოკიოდან მოგვითხრობს.


ავარია და წყლის გაჟონვა მაშინ მოხდა, როდესაც შლანგს შეცდომით მოძვრა საკეტი, რასაც რამდენიმე თანამშრომლის რადიაციით შემცვლელი წყლით დასველება მოყვა.


ტოკიოს ელექტროსადგურის მენეჯერი მასაკი ონო ხუთშაბათს კამერების წინ ბოდიშებით გამოვიდა.


მასაკი ონო: ამ შემთხვევის გამო ექვსმა თანამშრომელმა დამწვრობა მიიღო. შეცდომები ისევ და ისევ ხდება. ამიტომ მნიშვნელოვანია გარკვეული ზომების მიღება რათა შემთხვევების თავიდან აცილება მოხდეს.

ეს ინციდენტი „ტეპკოს“ განცხადებიდან რამდენიმე დღის შემდეგ იყო, განცხადების შედეგად, ცნობილი გახდა, რომ რეზერვუარებიდან ოკეანეში მაღალი რადიაციის 430 ლიტრი წყლის გაჟონვა მოხდა. ბოლო თვეების განმავლობაში ასეთი მასშტაბის ავარიის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა.


იაპონიის ატომური რეგულაციის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა კატუშიკო იკიდამ „ტეპკოს“ მისამართით სერიოზული უკმაყოფილება გამოთქვა.


კატუშიკო იკიდა: უნდა ითქვას რომ ფუკუშიმას სადგურზე მენეჯმენტი საერთოდ უმოქმედოა. ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ ადგილზე ელემენტარულ ფუნქციებს ვერ ასრულებენ.


იაპონიის მთავრობა ფუკუშიმას სიახლოვეს ზღვაში რადიაციის დონეს ამოწმებს და აცხადებს, რომ მასობრივ ეკოლოგიურ დაზიანებას ადგილი არ ჰქონია.


ჰიროფუმი ოიმა, იაპონიის ბუნებრივი რესურსების და ენერგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე აცხადებს, რომ იაპონიამ დანარჩენ სამყაროსთან თავის საკომუნიკაციო საშუალებები უნდა გააუმჯობესოს.


ჰიროფუმი ოიმა: გავლენა თავისთავად ძალიან შეზღუდულია ფუკუშიმა-1ის სადგურში. ამდენად, ამ ეტაპზე გარემოზე ზემოქმედება თითქმის არ მომხდარა. არის მხოლოდ უმნიშვნელო ცვლილებები. ამ ეტაპზე უნდა გადაიჭრას სადგურს გარეთ კომუნიკაციის პრობლემა.


მწვანეთა მოძრაობა "გრინპისის" კამპანიის წარმომადგენლებმა ცოტა ხნის წინ ფუკუშიმას სადგურის მახლობლად, ევაკუაციის ზონაში რადიაციის საკუთარი მონიტორინგი დაასრულეს, მაშინ როცა ზოგიერთი მოსახლის საკუთარ სახლში დაბრუნება უკვე ხორციელდება.


ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხელისუფლების ძალისხმევის მიუხედავად, რადიაციის დონე მაინც მაღალი რჩება.
ამის შესახებ ორგანიზაციის ატომურ საკითხთა ექსპერტი რიანნი ტეილი საუბრობს.


რიანნი ტეილი: თუკი ადამიანები საკუთარ სახლებს დაუბრუნდებიან, სახლი მათთვის შეიძლება უსაფრთხო ადგილს წარმოადგენდეს, თუმცა მაინც რადიოაქტიურ ტერიტორიაზე ცხოვრობენ, სადაც ტყეები და მინდვრებია დაბინძურებული. მაგრამ თუკი გადაწყვეტენ რომ არ დაბრუნდნენ, მაშინ ექმნებათ დამატებითი პრობლემა, რომ არ მიიღონ ხელისუფლების დახმარება რათა ნორმალური ცხოვრება დაიწყონ.


ამ კვირაში გაეროს საერთაშორისო ატომურმა სააგენტომ განაცხადა, რომ ფუკუშიმას ატომური სადგური სტაბილურად მუშაობს.

ამასობაში კი „ტეპკომ“ გადაწყვიტა იაპონიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე მსოფლიოს უდიდესი კაშივაზაკი კარივას ატომური ელექტროსადგურის მუშაობაზე აღსადგენად განაცხადი წარმოადგინოს.