საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 20 ევროპელ ლიდერთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ არ გამორიცხავს ევროპელი ჯარისკაცების უკრაინაში გაგზავნას. თუმცა ისიც დასძინა, რომ უკრაინის დახმარების გაძლიერებისგან განსხვავებით, ამ საკითხზე მოკავშირეთა შორის ჯერჯერობით კონსენსუსი არ არსებობს.
ევროპელი ლიდერები ორშაბათს პარიზში შეიკრიბნენ და კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ მოკავშირეები უკრიანის დახმარების ერთგულნი არიან.
"ამ ეტაპზე კონსენსუსი არ არის... ადგილზე ჯარისკაცების გაგზავნის თაობაზე. არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც აუცილებელია, რომ რუსეთმა არ გაიმარჯვოს", - უთხრა მაკრონმა ჟურნალისტებს.
თეთრი სახლის ოფიციალურმა პირმა საინფორმაციო სააგენტო "როიტერს" უთხრა, რომ უკრაინაში არც ამერიკის და არც ნატოს ჯარის გაგზავნა არ იგეგმება.
მაკრონმა პარიზში ევროპელი ლიდერები უკრაინაში რუსეთის მიერ იერიშების გააქტიურების შემდეგ ნაჩქარევად დაგეგმილ შეხვედრაზე მიიწვია. მთავარი განსახილველი საკითხი უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გააქტიურება იყო.
ასევე ნახეთ: კრემლი ამბობს, რომ თუ ნატოს ჯარისკაცები უკრაინაში იბრძოლებენ, მაშინ კონფლიქტი ალიანსთან, გარდაუვალიასლოვაკეთის პრემიერი რობერტ ფიცო, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების წინააღმდეგია, ამბობს, რომ ნატოსა და ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყანა მსჯელობს უკრაინაში ჯარისკაცების გაგზავნის თაობაზე.
"შემიძლია დავადასტურო, რომ არის რამდენიმე ქვეყანა, ვინც მზადაა გაგზავნოს ჯარები უკრაინაში, ზოგიერთი ქვეყანა არ აპირებს ამას ოდესმე დათანხმდეს, მათ შორისაა სლოვაკეთიც. თუმცა არის ქვეყნებიც, რომლებიც ამბობენ, რომ ეს საკითხი უნდა განიხილონ", - უთხრა ჟურნალისტებს რობერტ ფიცომ შინ დაბრუნებამდე.
ნიდერლანდებირ პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე კი, რომელსაც ნატოს მომავალ გენერალურ მდივნაადაც მოიაზრებენ, ამბობს, რომ ორშაბათს გამართულლი შეხვედრის საგანი არ ყოფილა უკრაინაში ჯარის გაგზავნა. ლიდერებისთვის ონლაინ ვიდეო-მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა გაიმეორა ემანუელ მაკრონის გაფრთხილება კონფლიქტის ესკალააციის თაობაზე. "ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ პუტინს არ შეუძლია ჩვენი მიღწევების განადგურება და მისი აგრესიის სხვა ქვეყნებზე გავრცელება".
ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ ბევრი, ვინც ახლა ჯარის გაგზავნაზე ამბობს "არასოდეს", ორი წლის წინ იმავე შემართებით ეწინააღმდეგებოდა ტანკების, თვითმფრინავების თუ შორი რადიუსის სარაკეტო სისტემების გაგზავნას.
"მოდით, თავმდაბლობით ვთქვათ, რომ ზოგჯერ 6-იდან 12 თვემდეც კი ვაგვიანებდით [მიწოდებას]. ეს იყო ამ საღამოს დისკუსიის ამოცანა: ყველაფერი შესაძლებელია, თუკი ის გამოსადეგია ჩვენი მიზნის მისაღწევად", - თქვა მაკრონმა და დასძინა, რომ ევროპას არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ უკრაინაში ამერიკა იბრძოლებს.