საფრანგეთი ტულუზაში დატრიალებულ ტრაგედიას გლოვობს

დღეს, საფრანგეთის სკოლებსა და საჯარო დაწესებულებებში წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ტულუზის სკოლაში მომხდარი ტრაგედიის მხხვერპლთა ხსოვნას.

გუშინდელი ინციდენტისასა, რომელიც შეიარაღებულმა მკვლელმა ებრაულ სკოლაში მოაწყო, სამი ბავშვი და ებრაული თემის სულიერი მოძღვარი გარდაიცვალა.

პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ და მისმა მეტოქემ საპრეზიდენტო არჩევნებში ფრანსუა ოლანდმა საარჩევნო მარათონი ხვალამდე შეწყვიტეს. კანდიდატები გუშინ პარიზის სინაგოგაში ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით საღამოს ლოცვას დაესწრნენ. დედაქალაქში ამ დროს ათასობით ადამიანმა სამგლოვიარო მარშით გაიხსენა მომხდარი.

მოსახლეობის წინაშე გაკეთებულ სატელევიზიო მიმართვაში, ბატონმა სარკოზიმ განაცხადა, რომ საფრანგეთის მთავრობამ სამხრეთ პირენეს რეგიონში, იქ სადაც ქალაქი ტულუზი მდებარეობს, ტერორიზმის საფრთხის დონე მაქსიმალურად გაზარდა. სარკოზის განცხადებით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს რათა ებრაელთა და მუსლიმთა კუთვნილი დაწესებულებების პერიმეტრში უსაფრთხოების ზომები გაამკაცროს და კილერს მიაგნოს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ დატრიალებული ტრაგედია ამავე ბოროტმოქმედის მიერ რამდენიმე დღით ადრე სამი ფრანგი ჯარისკაცის მკვლელობას მოსდევს. პოლიციის განცხადებით, ორივე შემთხვევაში მკვლელი ერთიდაიგივე კალიბრის იარაღით მოქმედებდა.

პრეზიდენტი სარკოზი ირწმუნება, რომ მკვლელის მოტივები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ის ფაქტი, რომ მან ოთხი ებრაელი გამოასალმა სიცოცხლეს, დანაშაულში ანტი-სემიტურ ფაქტორზე მიუთიებს. ფრანგი ლიდერის თქმით, ორი ფრანგი ჯარისკაცი, რომელიც გასულ კვირას ტულუზელი თავდამსხმელის სისასტიკეს შეეწირა, მუსლიმია, მესამე დაღუპული კი წარმოშობით საფრანგეთის დაქვემდებარებაში არსებული ანტილის კუნძულებიდან იყო. ეს კი ადასტურებს, რომ იგი რასისტული ნიშნით მოქმედებდა, დასძინა სარკოზიმ.

დღეს მოგვიანებით ფრანგი ლიდერი მუსლიმი და ებრაული თემის წარმომადგენლებს ხვდებოდა. გუშინ დაღუპული ადამიანებიდან სამს საფრანგეთ-ისრაელის ორმაგი მოქალაქეობა აქვს. ისრაელში დაგეგმილი პანაშვიდისთვის დღეს ცხედრებს მეორე სამშობლოში გადაასვენებენ.