საფრანგეთი კოსმოსში სათვალთვალო სატელიტების გაშვებას გეგმავს

2023 წლიდან საფრანგეთი კოსმოსში მინი სატელიტებს გაუშვებს, რომელიც ქვეყნის თავდაცვის სამსახურში ჩადგება. მცირე ზომის სათვალთვალო სატელიტების ფუნქცია კოსმოსში პატრულირება და საფრანგეთის მთავარი სატელიტების დაცვა იქნება - განაცხადა ხუთშაბათს საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ფლორენს პარლიმ.

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი ფლორენს პარლი

საფრანგეთი ქმნის კოსმოსის მართვის ცენტრს, რომელიც ამ ეტაპზე დაემორჩილება საჰაერო თავდაცვას. ამისთვის სპეციალური საკანონმდებლო ბაზაც მზადდება. ფლორენს პარლი აცხადებს, რომ კოსმოსის უსაფრთხოება სატელიტების მფლობელი ქვეყნებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ხდება. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ევროპელ პარტნიორებს კოსმოსში თანამშრომლობისკენ მოუწოდა და თქვა, რომ კოსმოსში პატრულირების საქმეში გერმანიის იმედი განსაკუთრებით აქვს.

ეს ყოველივე ადასტურებს, რომ კოსმოსის მილიტარიზაცია მოკლე დროში გაცილებით ინტენსიური გახდება. გასული წლის ბოლოს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმაც განაცხადა, რომ კოსმოსური ძალების სახით, ამერიკის შეიარაღებულ ძალებში ახალი, მე-6 შტო შეიქმნება.