პენტაგონის ანგარიში იმის შესახებ, თუ როგორ მოხდება კოსმოსური კომპონენტების სტრუქტურის ჩამოყალიბება, მათ შორის კოსმოსური ძალების ან კოსმოსური კორპუსის შესაძლო შექმნა, კონგრესს დადგენილ ბოლო ვადამდე არ წარედგინა.
პენტაგონის პრეს-მდივანმა, ვიცე პოლკოვნიკმა ჯემი დეივისმა სამშაბათს თქვა: „კონგრესისთვის წარსადგენი ანგარიშის კოორდინაციის ბოლო საფეხურებზე ვართ. ანგარიშს კოორდინაციის დასრულების შემდეგ წარვადგენთ, მოველით რომ ეს მალე მოხდება.“
პრეზიდენტმა ტრამპმა არაერთხელ მოუწოდა კოსმოსური ძალების, როგორც ახალი სამხედრო სახეობის შექმნისკენ, რომელიც არმიისგან, სამხედრო ფლოტისგან, სამხედრო საჰაერო ძალებისგან, საზღვაო ქვეითებისგან და სანაპირო დაცვისგან დამოუკიდებელი, მაგრამ მათი თანასწორი“ იქნება.
თუმცა, წარმომადგენელთა პალატის სტრატეგიული ძალების ქვეკომიტეტში მომუშავე კანონმდებლებმა ინტერესი გამოხატეს არა ახალი სახეობის შექმნის, არამედ სამხედრო საჰაერო ძალების წიაღში ახალი, კოსმოსური კორპუსის შექმნის მიმართ.
ანგარიშის წარდგენა კონგრესმა მას შემდეგ მოითხოვა, რაც თავდაცვის მდივანმა ჯიმ მატისმა კონგრესის ლიდერებს წერილი გაუგზავნა, რომლითაც ახალი სამხედრო სახეობის შექმნის მიმართ წინააღმდეგობა გამოთქვა. გასული წლის ოქტომბერში გაგზავნილ წერილში მატისმა თქვა, რომ ვერ ხედავდა ახალი „ორგანიზაციული შრეების შექმნის საჭიროებას იმ დროს, როდესაც ყურადღებას ზედმეტი ხარჯების შემცირებაზე და გაერთიანებული საბრძოლო ფუნქციების ინტეგრირებაზე ვამახვილებთ.“
ანგარიშის პროექტი, სამხედრო ახალ ამბებთან დაკავშირებულმა ვებ-გვერდმა „დიფენს ვანმა“ ნახა, რომელმაც თქვა, რომ პენტაგონი მზად იყო წლის ბოლომდე მეთერთმეტე უნიფიცირებული საბრძოლო სარდლობა შეექმნა, რომელიც კოსმოსზე იქნებოდა ორიენტირებული.
შეერთებული შტატების კოსმოსური სარდლობა, ამერიკის საგანგებო ოპერაციების სარდლობის მსგავსად იქნებოდა ორგანიზებული, რომელიც ჯარის სხვადასხვა სახეობებიდან საგანგებო ძალების ზედამხედველობას ახდენს და კიბერ-სივრცეში წარმოებულ ოპერაციებს ზედამხედველობს.
პენტაგონის კოსმოსური მიმოხილვის წარდგენის ბოლო ვადა ოთხშაბათისთვის იყო დადგენილი, მაგრამ პენტაგონის ოფიციალურმა პირმა „ამერიკის ხმას“ უთხრა, რომ ანგარიშის მომზადება „დღეების განმავლობაში“ დასრულდება.
„ამერიკის ხმა“ შეეცადა ანგარიშის დაყოვნების შესახებ კითხვა პრეზიდენტისთვის დაესვა, როდესაც ის სამშაბათს, გვიან, თეთრ სახლში დაბრუნდა.
შვეულმფრენიდან გადმოსული პრეზიდენტი, რომელიც თეთრი სახლის სამხრეთ ფრთაში შედიოდა, კოსმოსური ძალების შესახებ წამოყვირებულ კითხვებზე პასუხის გასაცემად არ შეჩერდა.
იმ საღამოს, უფრო ადრე, ფლორიდის შტატის ქალაქ ტამპაში მიმდინარე პოლიტიკური მიტინგის დროს, პრეზიდენტმა თქვა: „პენტაგონს მითითება მივეცი, ჩვენი სამხედრო ძალების მეექვსე სახეობის - კოსმოსური ძალების შექმნა დაიწყოს“.
Facebook Forum