კოენი: "მთავარი პრიორიტეტი ოჯახისა და ქვეყნის დაცვაა და არა - პრეზიდენტის"

ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ყოფილი ადვოკატი მაიკლ კოენი ამბობს, რომ მისი უპირველესი პრიორიტეტი "ოჯახისა და ქვეყნის დაცვაა და არა - პრეზიდენტის".

კოენის ბიზნეს გარიგებებს ახლა სპეციალური გამომძიებლის რობერტ მალერის გუნდი იკვლევს იმის დასადგენად, თუ კონკრეტულად რა როლი შეასრულა მან ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში.

51 წლის ადვოკატმა გამომძიებლებთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. რაც შეეხება გახმაურებულ სკანდალს პორნო-ვარსკვლავთან დაკავშირებით, კოენმა განაცხადა, რომ მსახიობს 130 000 ამერიკული დოლარი საკუთარი ინიციატივით გადაუხადა. გავრცელებული ინფორმაციით, ადვოკატმა მსახიობს ეს თანხა დონალდ ტრამპთან 12 წლის წინ სექსუალური კავშირის შესახებ დუმილის სანაცვლოდ 2016 წლის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გადაუხადა.