ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, ჯიმი კარტერის გადაწყვეტილებით, ის მკურნალობას წყვეტს. 98 წლის ექსპრეზიდენტი სიცოცხლის "დარჩენილ დროს სახლში გაატარებს და ჰოსპისის მკურნალობას მიიღებს" - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც 18 თებერვალს კარტერის ცენტრმა გაავრცელა.
"მას ოჯახის და თავისი სამედიცინო გუნდის მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს. კარტერების ოჯახი ამ პერიოდში პრივატულობის დაცვას ითხოვს და მადლობელია მისი ბევრი თაყვანისმცემლის მხრიდან გამოხატული შეშფოთებისთვის" - ამბობს კარტერის ცენტრი.
ბოლო წლებში, ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს ჯანმრთელობის ბევრი პრობლემა აწუხებს. ექიმები მათ შორის მელანომას გამოყოფენ, რომელიც მეტასტაზების სახით, ღვიძლში და თავის ტვინშიც გავრცელდა.
დემოკრატი ჯიმი კარტერი ამერიკის შეერთებულ შტატებს 1977 წლიდან 1981 წლამდე მართავდა. პრეზიდენტობის შემდეგ გაწეული სამშვიდობო საქმიანობისთვის, ასევე დემოკრატიის და ადამიანის უფლებების დაწინაურებისთვის, მან 2002 წელს ნობელის პრემია აიღო.
ჯიმი კარტერს მეუღლე როზალინთან ერთად, რომელზეც მან 1946 წელს იქორწინა, 4 შვილი ჰყავს.
Your browser doesn’t support HTML5