საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის კორუფციის ბრალდებით პატიმრობა მიესაჯა.
66 წლის სარკოზი სასამართლომ დამნაშავედ ცნო მაგისტრი მოსამართლის მოქრთამვის მცდელობაში, რომელსაც პრეზიდენტმა მისი პოლიტიკური პარტიის გამოძიების თაობაზე ინფორმაციის სანაცვლოდ მონაკოში პრესტიჟული სამსახური შესთავაზა. სასჯელი სამი წლით პატიმრობას გულისხმობდა, თუმცა ბრალდებულს თავისუფლების აღკვეთა ერთი წლით მიესაჯა.
მაგისტრ გილბერტ აზიბერტსა და სარკოზის ყოფილ ადვოკატს ტიერი ჰერცოგსაც იგივე განაჩენი გამოუტანეს.
პარიზის მოსამართლის გადაწყვეტილებით, სარკოზის უფლება აქვს სასჯელი - 1 წელი - შინა პატიმრობაში მოიხადოს და ელექტრონული სამაჯური ატაროს. ყოფილი პრეზიდენტი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. პროკურატურა ნიკოლა სარკოზის პატიმრობას 4 წლით ითხოვდა, რომლისგანაც 2 წელი მოიხსნებოდა.
"სარკოზიმ იცოდა, რას აშავებდა", - თქვა მოსამართლემ და განმარტა, რომ ყოფილი პრეზიდენტისა და მისი ადვოკატის ქმედებებმა საზოგადოებას მარტლმსაჯულების შესახებ ძალიან "ცუდი წარმოდგენა" შეუქმნა. ამ დანაშაულს განმარტავენ, როგორც ძალაუფლებისა და პროფესიული საქმიანობის უპირტესობის ბოროტად გამოყენებას.
ასევე ნახეთ: სარკოზის სასამართლო პროცესი გრძელდებაპროკურორები ამტკიცებდნენ, რომ სარკოზიმ მოსამართლეს ინფორმაციის სანაცვლოდ მონაკოში პრესტიჟული სამსახური შესთავაზა. მაშინ საქმე კომპანია "ლორეალის" წარმომადგენლისგან მისი 2007 წლის საპრეზიდენტო კამპანიის უკანონო დაფინანსებას ეხებოდა. სარკოზი ყოველთვის უარყოფდა ბრალდებებს.
საქმე სატელეფონო ჩანაწერებს ეფუძნება, რომლებზეც სარკოზისა და მისი ადვოკატის საუბარია ჩაწერილი. ეს ჩანაწერები სხვა გამოძიების ნაწილიცაა, რომელიც სარკოზის კამპანიისა და სავარაუდოდ ლიბიური დაფინანსების საკითხს ეხება.
მედიისთვის აქამდე მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში სარკოზი, რომელიც პრეზიდენტი მხოლოდ ერთი ვადით იყო, თავად ჩანაწერების კანონიერებასაც ეჭვქვეშ აყენებს და ამბობს, რომ ადვოკატისა და კლიენტის საუბარი დაცული და კონფიდენციალური უნდა იყოს. სატელეფონო საუბარი პრეზიდენტის ყალბი სახელითა და გვარით - პოლ ბისმუტის სახელით დარეგისტრირებულ ხაზზე შედგა, რომლითაც სარკოზი თავის ადვოკატს ესაუბრებოდა ხოლმე.
ეს საფრანგეთისთვის ბოლო ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური საქმეა. ყოფილი პრეზიდენტის გასამართლების კიდევ ერთი პრეცედენტი 2011 წელს იყო, როდესაც მემარჯვენე ჟაკ შირაკს პარიზის მერის თანამდებობაზე ყოფნისას პოლიტიკური მოკავშირეებისთვის ყალბი სამუშაო ადგილების შექმნაში დასდეს ბრალი. ჟაკ შირაკი 2019 წელს გარდაიცვალა.
სარკოზი მის წინააღმდეგ სხვა სასამართლო პროცესებზეც უნდა გამოხცადდეს - 17 მარტსა და 15 აპრილს - ეს საქმე მისი 2012 წლის წარუმატებელი წინასაარჩევნო კამპანიის ხარჯებს უკავშირდება.