უკრაინაში რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ მებრძოლი ათასობით უცხოელი მოხალისის გამოჩენამ, რომელთაგან ზოგიერთი თვით რუსეთიდან და მის მოკავშირე ბელარუსიდანაა, პრო-უკრაინელი მებრძოლების ქვეყნების მთავრობების მხრიდან, მკვეთრად განსხვავებული რეაქციები გამოიწვია.
„ამერიკის ხმამ“ ასეთი რეაქციის სამი მთავარი ტიპი განსაზღვრა. ამაში შედის დასავლეთის მთავრობების მიერ საკუთარი მოქალაქეებისთვის მიცემული ჩუმი ან აშკარა ნებართვა, რომ უკრაინას თავდაცვაში დაეხმაროს, აზიის მთავრობების მიერ საკუთარი მოქალაქეებისთვის გაცემული ბრძანება ბრძოლაში არ ჩაერთონ და რუსეთის და ბელარუსის ხელისუფლებების მიერ უკრაინის მხარეს მებრძოლი საკუთარი მოქალაქეების დაგმობა და მკაცრი საპასუხო ზომებით დამუქრება.
ასევე ნახეთ: რუსეთ-უკრაინის ომში ორი ქართველი მეომარი დაეცა6 მარტს, უკრაინის საგარეო სამინისტრომ განაცხადა, რომ ბოლო შეფასებით, „თითქმის 20 ათასმა გამოცდილმა [სამხედრო] ვეტერანმა და მოხალისემ, უკრაინას მის საერთაშორისო ლეგიონში ჩასაწერად მიმართა. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 11 მარტისთვის, უკრაინაში 50-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ჩავიდა.
უკრაინის მთავრობის ვებ-გვერდზე ამ ქვეყნებიდან რვა იყო დასახელებული: ბრიტანეთი, კანადა, ხორვატია, დანია, ისრაელი, ლატვია, ნიდერლანდები და პოლონეთი.
მარტის დასაწყისში, ვაშინგტონში უკრაინის საელჩოს ოფიციალურმა პირმა „ამერიკის ხმას“ უთხრა, რომ საერთაშორისო ლეგიონში სამსახურის მსურველთა შორის 3 ათასი ამერიკელი იყო. მან თქვა, რომ სხვებს შორის უმრავლესობა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან იყო, როგორიცაა საქართველო და ბელარუსი.
პრო-უკრაინელ მებრძოლებს შორის არიან რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეები, რომლებიც წლების განმავლობაში უკრაინას თავდაცვაში ეხმარებოდნენ. ჩეჩენი სეპარატისტების ბრიტანეთში მცხოვრები ლიდერის, აჰმედ ზაკაევის თანახმად, აქ არიან ჩეჩენი მებრძოლები, რომლებიც უკრაინაში 2014 წლიდან იმყოფებიან და უკრაინის დონბასის რეგიონში, რუსულ ძალებს და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს უწევდნენ წინააღმდეგობას.
დამოუკიდებელ ბალარუსულ გაზეთ „ნაშა ნივას“ თანახმად, დევნილობაში მყოფი ბელარუსი მებრძოლები, რომლებიც 2014 წლიდან უკრაინის დაცვაში აქტიურად მონაწილეობენ, წინააღმდეგობას უწევენ რუსეთს და მის ახლო მოკავშირეს, ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს. ბელარუს მოხალისეების ბატალიონს ამ თვეში მე-19 საუკუნის ბელარუსი ნაციონალისტის, „კასტუს კალინოუსკის“ სახელი მიანიჭეს.
რუსეთის მთავრობა, პრო-უკრაინელ ჩეჩენ მებრძოლებს წლების განმავლობაში ტერორისტებს უწოდებს. მოსკოვის მიერ დანიშნული ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი „მოღალატეებს „ დაემუქრა, რომ უკრაინაში მყოფი მისი ძალები მათ დახოცავენ და მათი ოჯახის წევრებს გაუსწორდებიან.
ლუკაშენკოს უკრაინისთვის მებრძოლი ბელარუსი მოხალისეების მიმართ საჯარო მუქარა არ გაუჟღერებია, მაგრამ ქვეყნის უშიშროების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას მათ „შეშლილები“ უწოდა და დააბრალა, რომ ისინი მხოლოდ ფულისთვის იბრძვიან.
ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არ უპასუხა „ამერიკის ხმის“ კითხვას, ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში ბელარუს მებრძოლებს სასჯელი თუ ემუქრება.
რუსეთის და ბელარუსისგან განსხვავებით, საქართველო შედარებით ჩუმად იყო ზოგიერთი მისი მოქალაქის უკრაინაში წლების განმავლობაში ყოფნის შესახებ, რომლებიც პრო-უკრაინული ლეგიონის ნაწილი არიან. საქართველოს მთავრობას პასუხი არ გაუცია „ამერიკის ხმის“ თხოვნაზე, გაეკეთებინა კომენტარი საკუთარი პოზიციის შესახებ, რომელიც რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ უკრაინის ბრძოლაში ლეგიონის ჩართვას ეხება.
ყოფილმა ქართველმა სამხედრო ოფიცერმა მამუკა მამულაშვილმა ლეგიონი 2014 წელს ჩმოაყალიბა, რათა უკრაინას დონბასში რუსულ შეჭრასთან ბრძოლაში დახმარებოდა. ამ თვის დასაწყისში მან ბრიტანულ გამოცემა „ინდეპენდენთს“ უთხრა, რომ ასობით ახალ მებრძოლს ელოდა, მათ შორის დაახლოებით 400 ქართველს, 100 ბრიტანელს და 50 ამერიკელს.
ლეგიონის უკრაინაში ჩართულობამ გააძლიერა კამათი საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციას შორის იმის თაობაზე, თუ თბილისმა კიევს, რუსეთის შეჭრისთვის წინააღმდეგობაში მხარი როგორი მოცულობით უნდა დაუჭიროს.
აზიაში ზოგიერთ ქვეყანას, თავისი მოქალაქეების უკრაინაში ბრძოლას ცალსახად ეწინააღმდეგებიან.
28 თებერვალს უზბეკეთის იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა გაფრთხილება, რომ ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც უცხოურ სამხედრო ან უსაფრთხოების სამსახურში ჩაერთვება, კრიმინალურ დანაშაულს სჩადის და ხუთ წლამდე ციხით დაისჯება.
პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ არც ერთ მხარეს „არც ერთი პაკისტანელის ჩართულობა არ სურს“.
დასავლეთის ქვეყნებსაც აქვთ კანონები, რომელიც მოქალაქეებს უკრძალავს გარკვეულ უცხოურ სამხედრო სამსახურში შესვლას, რამაც შესაძლოა მთავრობა უნებლიეთ უცხოეთის კონფლიქტებში ჩაითრიოს. თუმცა უკრაინის დაცვაში მონაწილეობის სურვილის მქონე მოქალაქეების მიმართ ასეთი კანონების გავრცელებაზე ოფიციალური პირები ან დუმილს ინარჩუნებდნენ, ან ამ საკითხზე ორაზროვან გზავნილებს აჟღერებენ, ან საკუთარ მოქალაქეებს პირდაპირ ახალისებენ, რომ რუსების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთონ.
ბაიდენის ადმინისტრაციამ სცადა ამერიკელებისთვის უკრაინის დასაცავად მოხალისეობა გადაეთქმევინებინა, მაგრამ არ გაუკეთებია საჯარო განცხადება, რომ ასეთ მოხალისეებს ამერიკაში სასჯელი ემუქრება.
პენტაგონის პრეს-მდივანმა ჯონ კირბიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ თუ ამერიკელებს უკრაინის დახმარება სურთ, შეწირულობა ჰუმანიტარულ სააგენტოებს უნდა გადასცენ. მან თქვა: „ჩვენ ისევ გვჯერა, რომ უკრაინა ამერიკელებისთვის უსაფრთხო ადგილი არ არის. ჩვენ მათ დაჟინებით მოვუწოდებთ იქ არ წავიდნენ.“
აშშ-ს აქვს „ნეიტრალურობის კანონი“, რომლითაც ამერიკის ნებისმიერ მოქალაქეს ემუქრება ჯარიმა ან ციხე, თუ აშშ-ს იურისდიქციაში „აიღებს და გამოიყენებს გასამრჯელოს“ იმისთვის, რომ სხვა ქვეყანას ემსახუროს ომში ნებისმიერი უცხო სუბიექტის წინააღმდეგ, რომელთანაც აშშ-ს მშვიდობა აქვს. თუმცა, ოფიციალურ პირებს არ უთქვამთ, მოხალისეებთან მიმართებაში ამ კანონს თუ გამოიყენებენ.
კანადა, ამ საკითხთან დაკავშირებით, აშშ-სთან შედარებით ნაკლებად ორაზროვანი იყო. კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, უკრაინული წარმოშობის კანადელების „ინდივიდუალურ გადაწყვეტილების“ საკითხზე - დაეცვათ უკრაინა - გაგება გამოხატა.
„ნება მომეცით მკაფიოდ ვთქვა, ახლა უკრაინელების მიმართ ნებისმიერ სახით დახმარებას, ყველა ძალიან მხარს ვუჭერთ“, თქვა მელანი ჯოლიმ.
9 მარტს, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა უწყებამ მოქალაქეებს მიუთითა: „თუ უკრაინაში საბრძოლველად გაემგზავრებით, ან დაეხმარებით სხვებს, რომლებიც კონფლიქტში არიან ჩართული, შესაძლოა თქვენი ქმედებები გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობის დარღვევად ჩითვალოს და გაერთიანებულ სამეფოში დაბრუნების შემდეგ, შესაძლოა თქვენს მიმართ სასამართლო დევნა განხორციელდეს.“
თუმცა „ბი ბი სის“ ცნობით, რამდენიმე ასეულმა ყოფილმა ბრიტანელმა ჯარისკაცმა, რომელმაც უკრაინის დაცვის სურვილი გამოთქვა, მთავრობისგან ორაზროვანი გზავნილები მიიღო იმასთან დაკავშირებით, სინამდვილეში მთავრობა მათ მიმართ სასამართლო დევნას თუ აპირებდა.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა ლიზ ტრასმა, 27 თებერვლის ინტერვიუში „ბი ბი სის“ უთხრა, რომ „აბსოლუტურად“ მხარს დაუჭერს უკრაინაში საბრძოლველად მიმავალ ბრიტანეთის მოქალაქეებს, „თუ ეს ის არის, რაც მათ სურთ“.
ლატვია, ნატოს წევრი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, ევროპაში ყველაზე ხმამაღლა უჭერდა მხარს მოქალაქეებს, ვისაც უკრაინის დასაცავად ბრძოლა სურთ. 28 თებერვალ ქვეყნის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ლატვიელებს ამის უფლებას აძლევს.
ერთი მიზეზი, რის გამოც დასავლეთის მთავრობები თავის მოქალაქეებს რუსებთან ბრძოლას გადაჭრით არ უკრძალავენ, როგორც ამას აზიის ზოგიერთი ქვეყანა აკეთებს, ისაა, რომ დასავლეთის ამ ქვეყნების მოსახლეობა უკრაინელ ხალხს უჭერს მხარს. ამ ფონზე, კი ის მცირერიცხოვანი ჯგუფები, რომლებიც რუსულ პოლიტიკას ემხრობიან, უმცირესობაში არიან და დუმილს ინარჩუნებენ.