შემზარავი ტრაგედია მოჰყვა თბილისში შაბათს დაწყებულ კოკისპირულ წვიმას, რომელმაც ღვარცოფი გამოიწვია და ხუთი ადამიანი იმსხვერპლა. ყველაზე მძიმე შემთხვევა ორთაჭალაში მოხდა. აქ, სტუმრად მყოფი სოფელ შავშების მკვიდრი ანა წკრიალაშვილი ხუთი წლისა და ექვსი თვის ქალიშვილებთან ერთად დაიღუპა.
პირველ სართულზე მოულოდნელად შევარდნილმა წყალმა ადგილზე მოკლა წკრიალაშვილების მასპინძელი 33 წლის მაია ხუდოიანიც, რომელსაც ბინა ნაქირავები ჰქონდა. მეხუთე მსხვერპლი კი დიდი ხეინვის დასახლებაში მცხოვრები მარტოხელა მოხუცი - იულია ქომურჯიშვილი აღმოჩნდა.
ადგილობრივი მოსახლეობის მტკიცებით, ტრაგედიის მიზეზი, კრწანისის ყოფილი სამთავრობო რეზიდენციის ტერიტორიაზე მდებარე ხელოვნული ტბის გადავსება გახდა, რამაც ჯერ გორგასლის ქუჩის ამ მონაკვეთის, შემდეგ კი გუნიას მოედნის სრული დატბორვა გამოიწვია.
უეცრად მოვარდნილმა წყალმა დატბორა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის პირველი სართული და ავტოსადგომი, გაიტაცა ავტომობილები. უმძიმესი სტუაცია იყო თბილისის სხვა უბნებშიც.
გორგასლის ქუჩის მაცხოვრებლები ყვებიან, რომ სიკვდილს სასწაულად გადაურჩნენ.
„ჩემს ცხოვრებაში ესეთი რამე არ მინახავს. სიკვდილს ჩავხედე თვალებში. ბავშვი მეღუპებოდა 2 წლის და რაღაც სასწაულად გავმაგრდი, სინკარებზე ავხტი და იქედან ვყვიროდი - გვიშველეთ გვიშველეთ!“
„ხო ხედავთ რა დღეშია აქაურობა...ხალხი სასწაულად გადარჩა, ერთი მეზობელი გარდამეცვალა..“
„ორი ჩვილი ბავშვი და ორი ქალბატონი დაიღუპა აქ. გადმოხეთქა კრწანისიდან ტბამ და პირველი სართული, სადაც მდგუმურები ცხოვრობდნენ წაიღო“
კრწანისის რეზიდენციის ტბა თავის დროზე, პატარა მდინარის დუქნისხევის ორად გაყოფის შედეგად ხელოვნულად შექმნეს. მდინარე დუქნისხევი მდინარე მტკვართან, გვირაბითა და კოლექტორებით არის დაკავშირებული, თუმცა 12 მაისს, წყლის უზარმაზარი მასა სულ სხვა მიმართულებით წავიდა.
ჯერჯერობით, გაურკვეველია ვინ იყო კოლექტორების გამართულ მუშაობაზე პასუხისმგებელი თბილისის მერია თუ ტერიტორიის ამჟამინდელი მფლობელი? კრწანისის სამთავრობო რეზიდენცია, რომლის დაპროექტებაზეც გასული საუკუნის 60-იან წლებში ცნობილი არქიტექტორები ქურდიანები მუშაობდნენ, ვარდების რევოლუციის შემდეგ, ამერიკულ-შვეიცარიული კომპანია „ბაზელი ჯგუფის“ ხელში გადავიდა.
2004 წლის ბოლოს, 440 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ფართობისა და იქ არსებული სამთავრობო შენობების მეპატრონეები შვეიცარიელი ბიზნესმენი რონ ვოლდმენი და ისრაელის მოქალაქე ჯოელ გოლოვერსკი გახდნენ. ეს აუქციონი, ეკონომიკის მაშინდელი მინისტრის კახა ბენდუქიძის ხელმძღვანელობით გაიმართა და ინვესტორმა უძრავ ქონებაში 14 მილიონი გადაიხადა.
დღეს „ბაზელის“ კუთვნილ ტერიტორიას რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია და საელჩო ქირაობს, მათ შორის საქართველოში საფრანგეთის საელჩოც. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ნათლად ჩანს, თუ როგორ არის ამოვსებული კრწანისის რეზიდენციის ხელოვნული ტბა უცნაურია, მაგრამ თბილისის მერმა გიგი უგულავამ გამოძიების დაწყებამდე გააკეთა განცხადება, რომ მომხდარ ტრაგედიაში ხელოვნული ტბა არაფერ შუაშია.
„პრობლემა იმ კონკრეტულ შემთხვევაში რამაც სავალალო შედეგი გამოიწვია არის ის, რომ უკანონო ნაგებობები იყო აშენებული იმ ადგილას, სადაც ეს არ შეიძლება იყოს და მათი დემონტაჟი გარდაუვალია. ჩვენ დავხმარებით ყველა იმ ადამიანს ვისაც დამარება სჭირდება.“
თბილისის გარდა, კოკისპირულმა წვიმამ უმძიმესი ზიანი მიაყენა აღმოსავლეთ საქართველოს და აჭარის რეგიონს. მარტო თბილისში ზარალი რამდენიმე მილიონი ლარია.
ანალოგიური ტრაგედია გასულ წელს, რიკოთის უღელტეხილზე მოხდა, როცა უეცრად მოვარდნილმა წყალმა და ღვარცოფმა რესტორანი „რიკოთი“ დაანგრია და ექვსი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
მთავრობა ყოველი ასეთი ტრაგედიის შემდეგ აცხადებს, რომ სტიქიას ოპერატიულად გაუმკლავდა, თუმცა დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასებით, კატასტროფების პროგნოზირება, პრევენცია და მართვა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ სუსტ წერტილად რჩება;
მთელ რიგ შემხვევებში ვერ კეთდება ზუსტი მეტეოროლოგიური პროგნოზი და შესაბამისად, ვერ ესწრება მოსახლეობის სწრაფი გაფრთხილება და კოორდინირებული სამაშველო მოქმედება.